Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის სანდუს "რუსული ანტიპოდის" დაპატიმრება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინ?


ევგენია გუცული
ევგენია გუცული

პუტინი ვერ დაეხმარა გაგაუზიის პრორუს ლიდერს, ევგენია გუცულს სასამართლო პროცესის თავიდან აცილებაში. ექსპერტთა ვარაუდით, რუსეთი ახლა შეეცდება თავისი რჩეულის „საკრალური მსხვერპლის როლში“ წარმოჩენას.

მოსკოვი გუცულს წარმოაჩენს ერთგვარ „ანტი-სანდუდ“, რომელიც არის ახალგაზრდა, ქარიზმატული, რუსეთისა და „ტრადიციების“ მომხრე.

2025 წლის 5 აგვისტოს კიშინიოვში დასრულდა ხმაურიანი სასამართლო პროცესი მოლდოვის ავტონომიური ერთეულის - გაგაუზიის ხელმძღვანელის, ევგენია გუცულის წინააღმდეგ. კიშინიოვის სასამართლომ გუცულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პრორუსული პარტიის, „შორის“ არაკანონიერი ფინანსური მხარდაჭერისათვის.

2023 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლოს ვერსიით, გუცულს, რომელიც 2019 წლიდან 2022 წლამდე პარტიის მდივანი იყო, რეგულარულად შეჰქონდა მოლდოვაში ფული, რომლის წყარო „რუსეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი“ იყო. როგორც წესი, ეს თანხა ხმარდებოდა საპროტესტო აქციების ორგანიზებას. გუცულს ბრალად ედება რუსი კურატორებისგან დაახლოებით 42.5 მილიონი მოლდოვური ლეუს (დაახლოებით 2.4 მილიონი დოლარი) მიღება.

ევგენია გუცული პოლიციას ესკორტით გადაჰყავს დაკავების ადგილას, მას შემდეგ, რაც მას კიშინიოვის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2025 წლის 5 აგვისტოს.
ევგენია გუცული პოლიციას ესკორტით გადაჰყავს დაკავების ადგილას, მას შემდეგ, რაც მას კიშინიოვის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2025 წლის 5 აგვისტოს.

„შორის“ კიდევ ერთ მდივანს, სვეტლანა პოპანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ამავე საქმეში (პარტიის უკანონო ფინანსირება) თანამონაწილეობისათვის.

თავის საბოლოო სიტყვაში ევგენია გუცულმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ გაემართლებინათ. „მოლდოვაში არცერთი ლეუ არ შემომიტანია“, - განაცხადა მან და შეუხსენა სასამართლოს, რომ მას ორი - 16 და 3 წლის ასაკის შვილი ჰყავს. გუცულის ადვოკატის თქმით, მოლდოვის კანონმდებლობით, შესაძლებელია დედისათვის სასჯელი გადავადება იქამდე, ვიდრე მისი არასრულწლოვანი შვილები 8 წლის გახდებიან.

2025 წელს მარტში დაკავების შემდეგ ევგენია გუცულმა თხოვნით მიმართა ვლადიმირ პუტინს, რომ გამოეყენებინა რუსეთის მთელი დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი არსენალი მოლდოვაზე ზეწოლის მოსახდენად. მოგვიანებით მსგავსი თხოვნით მან მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც. თუმცა ამ ქმედებებს შედეგი არ მოჰყოლია.

ევგენია გუცული სასამართლო პროცესზე. 2025 წ. 9 აპრლი
ევგენია გუცული სასამართლო პროცესზე. 2025 წ. 9 აპრლი

პორტალ Veridica-ს მიმომხილველის, ანალიტიკოს ნიკოლაე ნეგრუს თქმით, გუცულის გამამტყუნებელი განაჩენი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წინ.

„ამ გზით, მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო აჩვენებს მზადყოფნას, ებრძოლოს კორუფციას არჩევნებში და მოლდოვაში ბინძური ფულის შემოდინებას“, - უთხრა ნეგრუმ რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გუცულის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, პარტია „შორის“ ამომრჩევლები და მხარდამჭერები „ასევე გამოიტანენ სათანადო დასკვნებს“.

„არჩევნებისადმი დამოკიდებულება გარკვეულწილად არასერიოზული იყო, ითვლებოდა, რომ არჩევნებში ყველაფერი დაშვებულია, რომ შეიძლება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე ფულის უკანონოდ შემოტანა და ამისთვის არაფერი იქნება“, - ამბობს ნეგრუ და დასძენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ „თამაშის წესები შეიცვალა“.

ვიქტიმიზაციის სტრატეგია

ევგენია გუცულმა თავისი ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან „პოლიტიკური შურისძიების“ მსხვერპლი გახდა და, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უმაღლეს სასამართლოებში გაასაჩივრებს.

ანალიტიკოსი იგორ ბოცანი, მონაწილეობითი დემოკრატიის ასოციაციის ADEPT დირექტორი, მიიჩნევს, რომ ეს განცხადება „დიდი ხნის წინ შემუშავებული“ ვიქტიმიზაციის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიმუშავეს „გუცულმა და მისმა მხარდამჭერებმა“, რომლებიც ასეთ განაჩენს ელოდნენ.

იგორ ბოცანი და ნიკოლაე ნეგრუ
იგორ ბოცანი და ნიკოლაე ნეგრუ

„ახლა უნდა ველოდოთ, რომ ისინი მობილიზდებიან მის გადასარჩენად, რათა ის ერთგვარ გმირად, რეჟიმისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ აქციონ“, - ამბობს ბოცანი.

რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტ, The CurrentTime-თან ინტერვიუში მოლდოვური საზოგადოებრივი ორგანიზაცია Watchdog.md-ის უსაფრთხოების სფეროს ექსპერტმა, ანდრეი კურორარუმ ასევე განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ ევგენია გუცულს პატრონები ახლა „საკრალური მსხვერპლის“ როლს მიარგებენ.

„მხოლოდ თვითონ ვერ ხვდებოდა ამას. ცხადია, რომ ახლა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მისი პატიმრობაში ყოფნის ფაქტი. თუმცა, ეს ასევე დიდი გამოცდაა მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემისთვის - იმის ჩვენება, რომ მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო ხმების ყიდვა დაუსჯელად შეუძლებელია. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის უკანონო დაფინანსებაზე მეტყველებს - მათ შორის როგორც საპროტესტო აქციების, ასევე მისი პირადი საარჩევნო კამპანიის (2023 წ.) დაფინანსებაზე. 2022 წელს შემოტანილი ფული გამოიყენეს იმისთვის, რომ 2023 წელს გუცული გამხდარიყო ბაშკანი (ბაშკანი - გაგაუზიის ავტონომიაში უმაღლესი თანამდებობის პირის ტიტული). გარდა ამისა, 25 ათასი ადამიანი დაჯარიმდა ხმების გაყიდვისთვის, განსაკუთრებით მასობრივად - გაგაუზიის ავტონომიაში“, - განმარტა ანდრეი კურორარუმ, რომლის თქმითაც, შორმა გუცული „მაია სანდუს ანტიპოდად“ აქცია:

„ყველანი ამახვილებენ ყურადღებას, რომ გუცულს ჰყავს ორი შვილი, სანდუს კი არ ჰყავს. გუცულს წარმოაჩენენ „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად, რეჟიმის პოლიტიკურ მსხვერპლად. თუმცა ყველა დანაშაული, რაზეც იგი ახლა პასუხს აგებს, ჩადენილია მანამდე, ვიდრე გუცული გახდებოდა გაგაუზიის ხელმძღვანელი, ვიდრე ფართო საზოგადოება მას გაიცნობდა. გუცული იყო იმ პარტიის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც ახლა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა სწორედ იმ არალეგალური ფულის გამო, რომელიც მას ქვეყანაში შემოჰქონდა“.

ანდრეი კურორარუმ ყურადღება მიაქცია ილან შორის მიერ სოცქსელებში გაკეთებულ განცხადებას, „რეაქცია იქნებაო“. „კამრატში უკვე დატესტეს საცდელი მიტინგი - მოაგროვეს 2000-მდე ადამიანი. ახლა მათ ნაკლები ფული აქვთ და არ შეუძლიათ ადამიანების გამოყვანა უსასყიდლოდ“, - ამბობს ანდრეი კურორარუ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ „რეჟიმის მსხვერპლის“ ნარატივი აუცილებლად იქნება გამოყენებული.

„ამან შეიძლება გაგაუზიაში ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს, მაგრამ ეს ექნება მოსახლეობის მხოლოდ 5%. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დანარჩენმა ნაწილმა გაიგო: კრემლის ინტერესების გატარება და ბინძური ფულის შემოტანა დაუსჯელი არ დარჩება. შორის ბლოკი არ დარეგისტრირებულა. სავარაუდოდ, ის ირიბად იმოქმედებს - კრემლის მომხრე სხვა მოთამაშეებისთვის ხმების მოყიდვით. ახლა ორი ბლოკია: ერთი - ღიად პრორუსული, „პატრიოტული ბლოკი მოლდოვისათვის“ დოდონთან, ვორონინთან და სხვა მცირე პარტიებთან ერთად. მეორეა „ალტერნატივა“, რომლის ლიდერსაც ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო ევროკავშირში შესვლა აეკრძალა“, - განმარტა ანდრეი კურორარუმ.

ამ კონტექსტში, მსჯავრდადებული გუცული აღარ თამაშობს მთავარ როლს, თუმცა ის რჩება საჯარო მოღვაწედ, რომლისგან საკრალური მსხვერპლის შექმნას ცდილობენ.

„ვფიქრობ, ის ამ როლზე არ დათანხმებულა. ბოლომდე არ ესმოდა, რომ, მაგალითად, დნესტრისპირეთისგან დახმარებას ვერ მიიღებდა. როგორც ეს მოხდა დეპუტატ ნესტეროვსკის შემთხვევაში - სხვადასხვა წყაროს თანახმად, ის უკვე მოსკოვშია. შეეცადნენ გუცულისგან შეექმნათ „ანტი-სანდუ“, რომელიც იქნებოდა ახალგაზრდა, ქარიზმატული, რუსეთისა და „ტრადიციების“ მომხრე. მას პუტინთან 30 წამი ჰქონდა, ფოტო გადაიღო მასთან, შეხვდა კირიენკოს, რომელიც ახლა მოლდოვას კურატორია. თუმცა ქალბატონ გუცულს საჯარო პოლიტიკისთვის შესაფერისი პიროვნული თვისებები არ გააჩნია. მან საჯაროდ საუბარი მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს ისწავლა. ასე თუ ისე შეეძლო შორის იდეების ტრანსლირება, მაგრამ მინიმალურად“, - ამბობს ექსპერტი.

ევგენია გუცულის გამამტყუნებელი განაჩენის კომენტირებისას, მოლდოველი სოციალისტების ლიდერმა, პრორუსმა იგორ დოდონმა (რომლის მიმართაც აღძრულია საქმე პოლიტიკური კორუფციისა და ღალატის ბრალდებით) განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაია სანდუ ახორციელებს „პოლიტიკურ ზედამხედველობას ავტოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქალებისადმი თანაგრძნობის არმქონე ადამიანები“.

დოდონის თანამებრძოლმა, გაგაუზიის ყოფილმა ბაშკანმა (ხელმძღვანელმა) ირინა ვლახმაც მსგავსი რიტორიკა გამოიყენა, ხოლო დოდონის ყოფილმა მოკავშირემ, გაგაუზიის ავტონომიის მკვიდრმა და ოპოზიციური ბლოკ „ალტერნატივის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრუ სტოიანოგლომ, განაცხადა, რომ გუცულის გასამართლების გადაწყვეტილება „საჯაროდ დამცირების აქტია“.

მოსკოვის მხარდაჭერა

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გუცულისათვის გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მოლდოვა „დემოკრატიის წესებისა და ნორმების“ დარღვევაში დაადანაშაულა. „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ თრგუნავენ ოპოზიციას მოლდოვაში ყველა შესაძლო გზით“, - თქვა დმიტრი პესკოვმა.

იგორ ბოცანის თქმით, მოსკოვის შეშფოთება უკიდურესად ცინიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ან ქუჩებში ხოცავენ (ბორის ნემცოვი) ან ციხეში კლავენ (ალექსეი ნავალნი).

„თუ მოსკოვი გუცულს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერად წარმოაჩენს, კიშინიოვს საუკეთესო შემთხვევაში შეუძლია უპასუხოს გარანტიით, რომ ნავალნის მსგავსი არაფერი დაემართება ქალბატონ გუცულს“, - ამბობს იგორ ბოცანი.

„გუცულისათვის გამოტანილი განაჩენი არ ცვლის, არამედ კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კამპანიას, რომელსაც მოსკოვი ბოლო წლებში აწარმოებს კიშინიოვის მთავრობის, ასევე პროევროპული შეხედულებების მქონე მოლდოველი მოქალაქეების წინააღმდეგ", - ამბობს ანალიტიკოსი იონ ტებირცე, კიშინიოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

გუცული დამნაშავედ ცნეს კონკრეტული დანაშაულებისთვის, რომლებიც მან სავარაუდოდ 2021 და 2022 წლებში პარტია „შორის“ მდივნის თანამდებობაზე მუშაობისას ჩაიდინა. მის განაჩენს „არაფერი აქვს საერთო გაგაუზიის ბაშკანის თანამდებობაზე მუშაობასთან ან პოლიტიკურ საქმიანობასთან“, - ამბობს იონ ტებრიცე, რომლის თქმითაც, მოსკოვი შეგნებულად არასწორი კუთხით წარმოაჩენს მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს „ოპოზიციის დაშინებისა და ჩახშობის მცდელობად“.

„ყველა ეს მანიპულაციური და დეზინფორმაციული ძალისხმევა მიმართულია მერყევი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისკენ, რათა გავლენა მოახდინონ 28 სექტემბრის არჩევნების შედეგებზე პრორუსული ან „ფსევდო პროევროპული“ ძალების სასარგებლოდ", - ამბობს იონ ტებრიცე, რომლის თქმითაც, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების შემდეგაც დაიძაბოს ვითარება.

თუმცა, ნიკოლაე ნეგრუს თქმით, გუცულის გასამართლება მოსკოვის მოტივაციას დიდადაც ვერ გაზრდის, რადგან „მოსკოვს საბაბი არ სჭირდება და მისი მოტივაცია დიდი ხანია ცნობილია - შეცვალოს მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული კურსი, დაამყაროს კონტროლი ქვეყანაზე“.

ბრძოლა გაგაუზიისათვის

გაგაუზია - ეს მოლდოვის ავტონომიური რეგიონია, სადაც დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 2023 წლის მაისში ევგენია გუცულმა მოიგო რეგიონის ბაშკანის (მმართველის) არჩევნები, როგორც პარტია „შორის“ კანდიდატმა. 2024 წლის გაზაფხულზე ის მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა ვლადიმირ პუტინს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს და გაქცეულ მილიარდერს, პარტია „შორის“ დამფუძნებელს - ილან შორს. ამ შეხვედრების შემდეგ გუცულმა განაცხადა, რომ „მზად არის გამოიყვანოს გაგაუზია მოლდოვის შემადგენლობიდან, თუკი პრეზიდენტი მაია სანდუ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს“. ნახევარი წლის შემდეგ, ევროკავშირმა გუცული შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში - „გაგაუზიაში სეპარატიზმის ხელშეწყობის“, „რუსეთთან მჭიდრო კავშირების“, „მოლდოვის კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის“ და „ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საფრთხის შექმნის“ გამო.

ანდრეი კურორარუმ ასევე შეაფასა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც „ნატო მოლდოვას სამხედრო პოლიგონად გადაქცევას“, ხოლო „მოლდოველების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას“ აპირებს.

„ეს ღია მუქარაა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში მოლდოვის მოქალაქეებს აკავებდნენ და კიევის აგენტებად წარმოაჩენდნენ. რუსეთი ცდილობს მტრის ხატის შექმნას. თუმცა მოლდოვა პატარა ქვეყანაა და ვერ იქნება რუსეთისთვის ობიექტური საფრთხე. ეს პროპაგანდაა. ეს არის კრემლის აგრესიული სტრატეგიის მზადება მოლდოვას წინააღმდეგ“, - უთხრა ანდრეი კურორარუმ The CurrentTime-ს.

კომრატის (გაგაუზიის დედაქალაქი) სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილემ, გეორგე ლეიჩიუმ, რადიო თავისუფლების მოლდოვურ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ევგენია გუცულის საქმეში ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

გაგაუზიის ავტონომიის რეაქციის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ეს არის განაჩენი, რომელსაც გაგაუზები „დაიმახსოვრებენ“. „ეს არის მკაცრი სასჯელი, რომლის გამართლება არც იურიდიულად და არც პოლიტიკურად არ შეუძლებელია", - ამბობს ლეიჩიუ, - "ამან შოკში ჩააგდო ისინიც კი, ვინც არ თანაუგრძნობს გუცულსა და მის პარტიას“.

მოლდოვის პროევროპული ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო წლებში ყოველთვის აცხადებდნენ, რომ პირდაპირ ურთიერთობებს ამყარებენ გაგაუზიის ავტონომიის ქალაქების მერებთან და ამომრჩევლებთან და არა ავტონომიის პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებსაც ბრალი ედებათ ოლიგარქ შორთან მჭიდრო კავშირში.

30 ივლისს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი 2025 წლის 28 სექტემბრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში „უპრეცედენტო“ ჩარევის მომზადებაში დაადანაშაულა. სანდუს თქმით, რუსეთი ცდილობს არჩევნების შედეგების საფუძველზე „კონტროლი“ დაამყაროს მოლდოვაზე. ამისთვის კი გამოიყენოს ზომიერი პროევროპული ელექტორატი და დამოუკიდებელი კანდიდატები, საინფორმაციო კამპანიები, ამომრჩევლების მოსყიდვა, აგრესიული პროტესტი და სახელმწიფო ინსტიტუტებში ვანდალური აქტები, რომლებსაც, სხვა საკითხებთან ერთად, სანდუს თქმით, ოლიგარქი ილან შორი აფინანსებს.

რუსეთი აშკარად გააქტიურდა მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ. 2025 წლის აპრილიდან, რუსეთის პროსამთავრობო ბოტების ქსელმა „მატრიოშკამ“ და ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილმა „რეპრესიების საწინააღმდეგო ფონდმა“ მაია სანდუს წინააღმდეგ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს. 14 ივლისს მოლდოვის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, ხოლო 25 ივლისს ვლადიმირ პუტინმა მოლდოვის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში ერთი წლით პატენტების გარეშე მუშაობის უფლება მისცა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG