ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვთიური მანანა“ არ არის და მასზე უარის თქმა ქართველ ხალხს პატრიოტიზმადაც კი ჩაეთვლება.
რას დავკარგავთ თუკი ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს მართლაც შეუჩერებს?
გაქრება საქართველოსა და ევროპაში შეხვედრების შანსი
ევროპის ქალაქებში ქართველი მიგრანტები სამუშაოდ ჯერ კიდევ 90-იან წლებში წავიდა, უმეტესობა არალეგალურად - წლების განმავლობაში ვერც სამშობლოში ჩამოდიოდა და ვერც ოჯახს ნახულობდა. ემიგრანტების პირველი შვება სკაიპის გამოგონება იყო, შემდეგ ფეისბუკი და ვოტსაპი. ბევრმა ასე დისტანციურად გაზარდა შვილები. საქართველოში ტელეფონით დატირებული მიცვალებულებიც ახსოვთ.
მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მიეცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ემიგრანტებმა საქართველოში ჩამოსვლა შეძლეს, ზოგს პირიქით, იქით ჩააკითხეს. დედა შვილებს შეხვდა, ქმარი - ცოლს, ბებია-ბაბუამ შვილიშვილები გაიცნეს.
რა მოხდება უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ? ადრე მიგრანტები მაინც დაბრუნებაზე ფიქრობდნენ - საქართველოში ბინებს ყიდულობდნენ. ბოლო წლებში კი გამოიკვეთა, რომ პირიქით, ნაწილი ცდილობს, საქართველოში დატოვებული ოჯახიც თან წაიყვანოს.
„ბევრი უკვე აღარ დაბრუნდება. განსაკუთრებით, ეს ეხება ახალგაზრდებს, იმათ, ვინც დღეს ავტორიტარიზმს აპროტესტებს. ბუნებრივია, თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, ისინი აქ არ დარჩებიან და ეს ტვინების გადინებას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდები, რომლებმაც ევროპული განათლება მიიღეს, პოსტსაბჭოთა ჭაობში არ იცხოვრებენ“, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
გართულდება და გაძვირდება მოგზაურობა
ვინც ბოლოს გამოვა, აეროპორტში შუქი ჩააქროს - ეს ხუმრობა იმ დღეებიდანაა, როდესაც საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო. მას შემდეგ ევროპაში ვისაც შეეძლო თითქმის ყველა იყო - ზოგმა დიდი ხნის უნახავი ახლობლები ნახა, ზოგმა სამუშაო, ზოგმა თავშესაფარი ითხოვა. ბევრმა უბრალოდ ის ქვეყნები დაათვალიერა, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ფილმებში თუ უყურებდა.
ტურები იტალიაში, საქორწინო მოგზაურობა პარიზში, შვებულება კვიპროსზე... ხვიჩა კვარაცხელიას ყოველ თამაშზე ნეაპოლში ერთი თვითმფრინავი გულშემატკივრები ჩადიოდნენ.
თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდა, ტურისტად ევროპაში ჩასვლა გაჭირდება - დროშიც გაიჭიმება, ძვირიც დაჯდება, უფლებასაც ყველას არ მისცემენ. უცხოელ ტურისტები საქართველოში ისევ ჩამოვლენ, თუმცა ეს ცვლილება მათზეც იმოქმედებს.
„უვიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მთლად კარგად არ არის საქმე და ეს ტურიზმზეც აისახება. ავიაკომპანიები შესაძლოა არ გავიდნენ ქვეყნიდან, რადგან ბაზარზე უკვე დაიმკვიდრეს თავი, მაგრამ შემოსავალი შეუმცირდებათ“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი.
გამოიწვევს ეკონომიკურ ზარალს
უვიზო რეჟიმის გაუქმებას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური ზარალი. ვინც ევროპაში სამი თვით ჩადიოდა სამუშაოდ, იქ უკვე ვეღარ წავა. ხელი შეეშლებათ ქართველ ბიზნესმენებსაც.
„თუ ვინმე ბიზნესის წამოწყებას გეგმავს, ადგილზე ჩასვლაც უწევს. უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რა თქმა უნდა, ძალიან გაართულებს საქმეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამისკენ მიჰყავდათ ყველაფერი. ვერ ვიყენებდით იმ პოტენციალს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შედეგად გაგვაჩნდა. ამ შეთანხმებით გვქონდა კვოტები და ნულოვანი ტარიფი 11 ათასამდე დასახელების საქონელზე.
სახელმწიფო ინსტიტუტები არც აღრიცხავდნენ, რამდენი დასახელების პროდუქტი გადის ევროპის ბაზარზე. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 500-მდე ვიყავით ასულები. რომელიღაც ინსტიტუტმა ხომ უნდა შეისწავლოს კვოტას უახლოვდები თუ არა. ესეც კი არ ხდებოდა. ჩემთვის ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომელიც წლების წინ აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილი“, - ამბობს რამაზ გერლიანი, - „რასაკვირველია ამ 500 სახეობის პროდუქტის კლებას ვვარაუდობ, თუკი უვიზო რეჟიმი შეჩერდება“.
ვიღაცას სიცოცხლის ფასი დაუჯდება
უვიზო რეჟიმის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, თანაც სასწრაფოდ. ძალიან ხშირად, მათ უბრალოდ დრო არ აქვთ ვიზას დაელოდონ, თან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ავადმყოფს ვიზას მართლაც მისცემენ.
ხათაბალა სტუდენტებისთვის
უვიზო რეჟიმის გაუქმება აისახება განათლებაზეც, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჯერ კიდევ სკოლიდან მონაწილეობს ევროპულ პროგრამებში, აბარებს ევროპულ უნივერსიტეტებში და წლების განმავლობაში იქ სწავლობს. უვიზო რეჟიმი მათ და მის ახლობლებს ერთმანეთთან დაუბრკოლებლად მიმოსვლის საშუალებას აძლევს.
ქვეყნის პრესტიჟი
უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ მხოლოდ მატერიალური, რეპუტაციული შედეგებიც ექნება.
„თუ უვიზო რეჟიმი შეაჩერეს, ეს მოხდება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. აშკარად ეტყობა ხელისუფლებას, რომ ამ კუთხით არაფრის შეცვლას არ აპირებს. ყველამ ვიცით, აქამდე ევროკავშირი მოსახლეობის გამო იკავებდა თავს, მაგრამ თუ პროცესი გაგრძელდა, ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, - „ასეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას ავტორიტარიზმისა და იზოლაციისკენ აქვს გეზი აღებული, საქართველო გახდება ისეთივე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, როგორიც 90-იან წლებში იყო“.
ფორუმი