Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე“ - რას ნიშნავს მაკრონის, მერცის და ტუსკის მხარდაჭერა მაია სანდუსთვის


მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კიშინიოვში "ვაიმარის სამკუთხედის" ლიდერები ჩავიდნენ
მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კიშინიოვში "ვაიმარის სამკუთხედის" ლიდერები ჩავიდნენ

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მოლდოვის დედაქალაქში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ჩავიდნენ. კიშინიოვის ცენტრში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე გაისმა მათი მესიჯები რუმინულ ენაზე: “მოლდოვა ევროპული ოჯახის ნაწილია და მისი ადგილი ევროკავშირშია”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოლდოვაში 27 აგვისტოს ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს, დაგმეს რუსეთის ზეგავლენები და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მოლდოველ ხალხს.

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბერს გაიმართება. პრორუსულ ძალებთან ჭიდილში, გამოწვევების წინაშეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS).

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და მოლდოვის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის გავლენები მოლდოვის შიდა პოლიტიკაში. ემანუელ მაკრონმა მოსკოვი „ტყუილის პროპაგანდით“ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიას; საფრთხეების განეიტრალება კი კიშინოვს მხოლოდ ევროპული გეზით შეუძლია.

„[მოლდოვის] მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება - ეს შანსია“, - განაცხადა მაკრონმა.

27 აგვისტოს, სოციალურ ქსელებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვას რამდენიმე პოსტი მიუძღვნა, მათ შორის - რუმინულ, მოლდოვის სახელმწიფო ენაზე.

„დღეს კიშინიოვში აღვნიშნავთ მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, რომელმაც ქვეყანა სუვერენიტეტისა და თავისუფლების კვლავ მოპოვების ეპოქაში შეიყვანა. ჩვენ საერთო ჰორიზონტი გვაერთიანებს: ევროპა, მეგობრობა, სოლიდარობა და მომავლის რწმენა“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.

რუმინულ ენაზეა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პოსტიც, ასევე X-ზე.

“მოლდოვა ევროპული ოჯახის ნაწილია. ძვირფასო პრეზიდენტო [მაია სანდუ] გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი გვერდში უდგანან თავისუფალ და ევროპულ მოლდოვას. თქვენს გვერდით ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვაში”, - წერს ფრიდრიხ მერცი.

კიშინიოვში, ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგიონში და პატივისცემა გამოხატა მოლდოველი ხალხის მიმართ, რომლებმაც „თავისუფლება და მშვიდობა“ აირჩია.

მერცმა თქვა, რომ მოლდოვის მოქალაქეებისთვის ორი მესიჯი აქვთ: 1. – „ევროკავშირის კარი ღიაა“ და 2. ევროპა მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს.

იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი.

კანცლერმა დადო პირობა, რომ გერმანია და მისი მეგობრები გააკეთებენ ყველაფერს, რომ მოლდოვამ უკვე ამ წლის შემოდგომაზე დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.

მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და თანხმობა მიღებული აქვს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზეც, თუმცა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის შექმნილმა პრობლემებმა, მოლდოვაც შეაფერხა. არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებების პირველი კარი კიშინიოვისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე გაიხსნას - რაც, როგორც მოელიან, მნიშვნელოვანი მუხტი იქნება პროევროპული ძალებისთვის.


„ძვირფასო მაია“ - მოლდოვაში არ გამოჰპარვიათ მიმართვის ფორმა, რომელსაც ევროპელი ლიდერები მასპინძელი პრეზიდენტის მიმართ იყენებდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი დღეს ევროპაში „პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტია“. თქვა ასევე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის წინსვლითა და დამსახურებით ხდება და არა სხვა რაღაც პრივილეგიებით.

„ევროპის უსაფრთხოება შეუძლებელია დამოუკიდებელი და უსაფრთხო მოლდოვის გარეშე“, „დღეს მოლდოვა უკვე აღარ არის ორ სამყაროს შორის და აირჩია წინსვლის საკუთარი გზა“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა და გაიხსენა პოლონეთის გაწევრიანება 2004 წელს.

„თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე“ - მიმართა მოლდოველებს პოლონეთის პრემიერმა.

ოთხშაბათს, ერთობლივ ბრიფინგზე, პრეზიდენტ სანდუს მომავალი საპარლამენტო არჩევნები არ უხსენებია, თუმცა გაიხსენა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ის მოლდოველმა ხალხმა პოსტზე ხელახლა აირჩია და ახსენა რეფერენდუმიც - როდესაც მოლდოველებმა ევროპულ გზას მისცეს ხმა და, სანდუს სიტყვებით - შეატყობინეს მსოფლიოს, რომ ისინი „ისტორიის სწორ მხარეს დგანან“.

მაია სანდუს თქმით, ოთხი წლის განმავლობაში მოლდოვამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ რეფორმების გზაზე - მათ შორის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით; თქვა, რომ ევროპულ გზას მოლდოვისთვის გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს და ევროპელი ლიდერების სტუმრობაც სწორედ მოლდოვის ევროპული გზის დაფასებით აიხსნება.

“ევროპას ალტერნატივა არა აქვს” - ესეც მაია სანდუს სიტყვებია.

ერთობლივ ბრიფინგზე ლიდერებმა ილაპარაკეს უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზეც. კანცლერმა მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინა, ისევე როგორც რეგიონის ყველა ქვეყანა - სამართლიან მშვიდობას იმსახურებს.

საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი „ვაიმარის სამკუთხედს“ წარმოადგენენ, რომელსაც ექსპერტები ხშირად განიხილავენ ერთგვარ ბირთვად - ევროპის უსაფრთხო მომავლის ჭრილში.

1991 წელს შექმნილი ფორმატის - „ვაიმარის სამკუთხედის“ ყველაზე მთავარ მიღწევად ხშირად სახელდება პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, „სამკუთხედი“ აქტიურობს უკრაინის მხარდაჭერაში. დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ ომის დასრულების შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედს“ შესაძლოა უკრაინაც შეუერთდეს და ეს ფორმატი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ქვაკუთხედად იქცეს.

„ვაიმარის სამკუთხედმა“ , სხვადასხვა დროს, მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა - მათ შორის მომიტინგეებზე ძალადობა, პოლიტიკური პოლარიზაცია, ევროინტეგრაციის შეჩერება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხარისხი.

მაკრონი, ტუსკი და მერცი მოლდოვაში მაინც ჩავიდნენ, შიდა პოლიტიკაში დაგროვილი არცთუ ცოტა პრობლემისა და საზრუნავის მიუხედავად.

საფრანგეთში, მთავრობის უნდობლობის საკითხი დგას - რაც შესაძლოა რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდეს. პოლონეთში თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს ახლახან არჩეული კონსერვატორი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი. 25 აგვისტოს მან ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებას ითვალისწინებს. გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს კი, მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს - ქვეყანაში სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი სისტემის დანერგვის მიმართულებით. გერმანიის კანცლერი ხშირად იმეორებს, რომ რუსეთისგან მომავალ საფრთხეები გაძლიერებას ავალდებულებს როგორც გერმანიას, ასევე მთელ ევროპას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG