“ვერ ჩამოვალ. გამორიცხულია. რა არჩევნებზე ჩამოსვლა, იცით, რა ღირს ბილეთები?! რომც ჩამოვიდეთ, გააყალბებენ. ეს უკვე გამოცხადებული დიქტატურაა”, - ასეთია უცხოეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველის გამოხმაურება“ქართული ოცნების” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებაზე. მმართველი პარტია ემიგრანტებს უცხოეთში საარჩევნო უბნებს აღარ გაუხსნის - თუ მათ არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.
თუ აქამდე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლოთ, ახლა ეს ეხება საქართველოს პარლამენტის არჩევნებსაც.
“ოცნების” სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ “აწესებს ადგილსა და საზღვრებს”.
17 ნოემბერს მან თქვა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა, ოღონდ “ერთადერთი პირობა ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და საქართველოში ხმის მიცემააო”.
ცვლილების მიზეზი პაპუაშვილმა ასე ახსნა:
„საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს".
და მოიყვანა ირლანდიის, მალტის, ისრაელის, სომხეთის მაგალითები.
სადავო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კი შენიშნა, ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ [საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანები], "ეს იქნება სწორედ ის, რაც არჩევნების შემდეგ რეალურ შედეგებს დადებსო".
რაც “ქართული ოცნების” აზრით, მარტივად განსახორციელებელი და შესაძლებელია, რეალურად, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს და ცხოვრებას ურთულებს ათიათასობით ქართველ ემიგრანტს.
რამდენიმე მათგანს რადიო თავისუფლებაც ესაუბრა და ყველა ერთ აზრზეა:
- ქართველი ემიგრანტების უმცირესი ნაწილი თუ შეძლებს არჩევნებზე საქართველოში წასვლას.
- დანარჩენების ხმები უბრალოდ დაიკარგება.
მეორეხარისხოვანი ხალხი ვართ მაგ ქვეყნისთვის?
შვედეთში მცხოვრები თეა მამფორია სპეციალურად არ იღებს შვედეთის მოქალაქეობას ზუსტად იმ მიზეზით, რომ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ის ამ ცვლილებას მისი უფლების შელახვად, დიქტატურის გამოვლინებად და დემოკრატიის დასამარებად აღიქვამს და ფიქრობს, რომ “ივანიშვილი ემზადება არჩევნების დასანიშნად, ალბათ, გაზაფხულზე და ველს ასუფთავებს”.
ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გერმანიაში მცხოვრები ბელა ჩეკურიშვილისთვისაც, რომელიც გვეუბნება, რომ ქვეყანას, რომელსაც მოსახლეობის 40% სოციალური ემიგრანტია და სიდუხჭირის გამო ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელადაა გაქცეული, არა აქვს მორალური უფლება, ასეთ მოქალაქეებს საარჩევნო ხმა წაართვას, რადგან სწორედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე დგას დემოკრატია.
2020 და 2024 წლებში ბელა დამკვირვებელიც იყო საარჩევნო უბანზე და იხსენებს, რომ ადამიანებს შორ ქალაქებში ჩასვლაც კი გაუჭირდათ.
ემიგრაციაში მყოფ ადამიანს ძალიან გაუჭირდება საქართველოში ხმის მისაცემად წასვლა, გაფრენა. „ეს გაუჭირდება ყველა ფენას - შავ სამუშაოზე მყოფებსაც და სტუდენტებსაც. მათაც, ვინც კარიერა გაიკეთა და ე.წ.დალხენილი ცხოვრება აქვს. გერმანიაში არსებობს ხმის მიცემა წერილობით. და არავის აქვს იმის განცდა, რომ მისი წერილი ან გზაში დაიკარგება, ან გააყალბებენ. ხომ შესაძლებელია ხმის მიცემა მოხდეს ელექტრონულად. რა არის ამაში პრობლემა? რატომ უნდა წაართვა ხმის უფლება საკუთარ მოქალაქეს?”,- უთხრა რადიო თავისუფლებას ბელა ჩეკურიშვილმა.
ხატია კირთაძე წლებია საბერძნეთში ცხოვრობს - ვერც მას წარმოუდგენია ამდენი ემიგრანტი ერთ დღეს საარჩევნოდ საქართველოსკენ დაიძრას.
მისთვისაც“ოცნების” ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისედაც სიღატაკეს გაქცეულ მოქალაქეებს საკუთარ არჩევანს, ქვეყანას და მომავალს ართმევ:
“ჩამოსვლით გამორიცხულია ვინმე ჩამოვიდეს, უმრავლესობა საერთოდ არალეგალურად ცხოვრობენ აქ და ვისაც ბინადრობა აქვს, იმდენად დაღლილია შრომით თუ ფინანსური ვალდებულებებით, ჩემი აზრით არც არსებობს მაგის შანსი, არჩევნების გამო ჩამოვიდნენ. ალბათ, ასი ემიგრანტიც არ შეიკრიბება ამისთვის. ჯერ ხომ სამსახურები გვაქვს და მართლა წლიდან წლამდე შვებულებას ველოდებით, ტექნიკურადაც ვერ მოხერხდება, კარგავ ყველაფერს”, - უთხრა ხატია კირთაძემ რადიო თავისუფლებას.
“ეს დემოკრატიის, სინათლის, გამჭვირვალობის შიშია”, - ფიქრობს ესპანეთში მცხოვრები ლანა კალანდიაც:
“შეიძლება შეზღუდონ, არ გახსნან უბნების საკმარისი რაოდენობა, როგორც თავად “ოცნებამ” გააკეთა მაგრამ ასე? საერთოდ აკრძალვა? ეს ხალხი ამბობს, რომ არჩევნები არ გაუყალბებიათ? რასაკვირველია, გააყალბეს და არც აღარასოდეს აპირებენ არჩევნების ჩატარებას. რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, რამდენი ადამიანი ჩამოვა? რად უნდათ ეს საელჩოები თუ ყველაფერს აუქმებენ? რა მოვალეობას ასრულებენ ისინი, თუ ვერ შევძლებთ მივიდეთ ჩვენს ტერიტორიაზე და ხმა მივცეთ?”
ჰამბურგში მცხოვრები ვასო გაბუნია იხსენებს, როგორ მოითხოვდნენ იქ მცხოვრები ქართველები ბერლინში წასვლის ნაცვლად ჰამბურგში დამატებით საარჩევნო უბნის გახსნას, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდა.
“ახლა ეს შანსიც აღარ არსებობს. გამოდის, ამ ერთ მილიონ ხმას სათავისოდ დაიწერენ. და საქართველოში არჩევნებზე წამოსვლა კიდევ ფანტასტიკის სფეროა. ვინ ჩამოვა? იცით, რა ღირს ბილეთები? ერთი წლით ადრე ვაგროვებთ ხოლმე საქართველოში ჩამოსასვლელად ფულს და როგორ წარმოუდგენია ვინმეს, იტალიაში რომ ნახევრად ლეგალურად არის ხალხი, ან გერმანიაში ან პოლონეთში, მანდ წამოვიდეს ორი დღისთვის? მშობლების პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ვერ ჩადის ხალხი სამშობლოში და არჩევნებზე ჩავლენ, რომელსაც თან აყალბებენ? ასეთი რამ, მგონი რუსებსაც არ უქნიათ… ჩვენ მეორეხარისხოვანი ხალხი ვყოფილვართ მაგათთვის”, - უთხრა ვასო გაბუნიამ რადიო თავისუფლებას.
სოფო თოლორდავაც ჰამბურგში ცხოვრობს და ამბობს, რომ საქართველოში კი არა, ჰამბურგიდან ბერლინში ჩასვლა უჭირთ არჩევნებზე. ისიც გაიხსენა, ჰამბურგელებმა წინასაარჩევნოდ ხელმოწერებიც რომ მოაგროვეს იმისათვის, რომ ადგილზე შესძლებოდათ ხმის მიცემა.
“მაგის გარდა, ქართველი ემიგრანტების ლამის 50%-ს უკვე გამოწერილი აქვს 5000 იანი ჯარიმა დემონსტრაციებზე გასვლის გამო ამ ზაფხულზე, ან შემოდგომაზე, როცა რამდენიმე დღით მოახერხეს მანდ ჩამოსვლა თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის დაცვის სურვილით… უმეტესობა დაშინებულია საზღვარი რომ გადმოკვეთოს”.
ლაშა შაყულაშვილი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, შარშან იქ იბრძოდა საარჩევნო უბნის გახსნისთვის. ახლა კი, მოუწევს საქართველოში წამოვიდეს ხმის მისაცემად:
“თავში ბევრი აზრი მიატრიალებს, მაგრამ ეს ამბავი ყველაზე მეტად გამოხატავს რაც ხდება: შარშან, ისრაელში, საპარლამენტო არჩევნებისათვის უბანი ხომ ძლივს გაგვიხსნეს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულდა. საელჩომ, ოქტომბერში, კონდიცირება არ ჩაგვირთო. არა, თავიანთ ოთახებში ჩართული ჰქონდათ, თავისიანებსაც აგრილებდნენ ხოლმე. ჩვენ არა. რიგს მე ვაწესრიგებდი და დერეფანში ხალხს რიგრიგობით ვუშვებდი, რადგან ჰაერი ფიზიკურად აღარ იყო ხოლმე… და არა, მანდ არავინ ჩამოვა”.
გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ ქართველს, ელენე ხონელიძეს აქვს განცდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ, ხმის მიცემის უფლებას ართმევენ:
“ზუსტად იციან, რომ ბევრნი ვართ და ჩვენი ხმები ვერ მიიღეს. წინა არჩევნებზე დიდი ძალა იყო ემიგრაცია და ახლა აპირებენ რომ მოგვიშორონ…. ემზადებიან ეტყობა არჩევნებისთვის. ლეგიტიმაცია სჭირდებათ. მაგრამ იციან, რომ ბევრი ვერ ჩავა. თუნდაც, მაგალითად, ამერიკიდან”.
"ყველაფერში უკან მივდივართ"
“ოცნების” მიერ დაგეგმილი ცვლილებები ემიგრანტებისთვის თითქმის მოქალაქეობის ჩამორთმევად შეაფასა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ, რომლის აზრით, ადამიანების შესაძლებლობა, ოთხ წელიწადში ერთხელ ხმა მისცენ სასურველ პარტიას, თანამედროვე დემოკრატიებში ლამის ერთადერთი ბმაა სახელმწიფოსთან.
“ოცნების პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დატოვებას აიძულებს, ახლა მათ უკანასკნელ პოლიტიკურ კავშირსაც ჩაუჭრიან. ოცნების ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს ემიგრანტებს სამშობლოს”.
“საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მეტწილად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის (ყველა ბოლო არჩევნების შედეგი ამას აჩვენებს) არჩევნებიდან გამორიცხვას ემსახურება და სავარაუდოდ მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი საარჩევნო მანიპულაციაა, არამედ მას აქვს ძალიან მძიმე უფლებრივი პრობლემებიც”, - ასე ეხმაურება დაანონსებულ ცვლილებებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე.
ხოლო „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე განმარტავს, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება, ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და მისი აზრით, ეს არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.
“ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საერთოდ რიყავს ჩვენს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში. რეალური მიზანი ცხადია ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს” .
ნინო ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო მიგრაციის ზრდის ფონზე, იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ემიგრაციაში ყოფნის პირობებში. იხსნება საარჩევნო უბნები ან ემიგრანტებს საფოსტო გზავნილით აქვთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, ან ინტერნეტით.
“ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ”, - წერს ნინო დოლიძე.
უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების მიერ აქ დარჩენილი ოჯახებისთვის გამოგზავნილი თანხის ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2023 წელს, მაგალითად, ემიგრანტებმა 4.1 მილიარდ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, აქედან თითქმის 1.3 მილიარდი დოლარი - ევროკავშირის ქვეყნებიდან.
2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველომ 2 235 84 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილები მიიღო მხოლოდ 10 ქვეყნიდან. მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოგზავნილია 964 მილიონი დოლარი, 501 მილიონი დოლარი აშშ-დან.
რა ხდებოდა წინა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნების გახსნას ითხოვდა ათიათასობით საქართველოს მოქალაქე. მაშინ, ცესკოს ოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 95 834 ამომრჩეველს.
საბოლოოდ, 2024 წელს, ცესკომ საარჩევნო უბნები გახსნა იმ ქალაქებში, სადაც ან საკონსულო იყო, ან საელჩო - 42 ქვეყანაში სულ 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
თუმცა ძალიან ბევრ ქალაქში დამატებით უბნის გახსნის თხოვნაზე მათ უარი უთხრეს. უამრავ ადგილას, მათ შორის, აშშ-ში, ადამიანებს ხუთ, ექვს, რვა საათიან რიგში მოუწიათ დგომა რომ სასურველი არჩევანი გაეკეთებინათ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მათ შორის, აშშ-ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%. დიდ ბრიტანეთში - 11.5%, გერმანიაში 5.3 %, საბერძნეთში 22.2%, საფრანგეთში - 10.7% და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში - მათ შორის, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ფორუმი