„ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს „მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლას” დღეს დიპლომატია ვერ ეხმარება და „დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.
„კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ... მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში, დიპლომატიის ფორუმის სადისკუსიო პანელზე.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა საქართველოს 2022 წლის თებერვალში ორჯერ მოსთხოვეს და ორივეჯერ "პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო”; ამიტომ - მისი ხელისუფლება კონცენტრირებულია მშვიდობის დაცვაზე და არა სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე.
“ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - ირაკლი კობახიძის შეფასებები აგებულია გარე ძალების მიერ საქართველოს ომში ჩართვის ცნობილ თეორიებზე, რომლებსაც საერთაშორისო პარტნიორები, უკვე წლებია, აბსურდად მიიჩნევენ.
არადა, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს ელჩები ახლა ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დატვირთული.
„დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ - ამ სლოგანით თურქეთში, ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმი 11-13 აპრილს გაიმართა.
საქართველოს ელჩების ფუნქციისა და საქმიანობის მიმართ “ქართული ოცნების” დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო ჯერ კიდევ 10 თვის წინათ.
შარშან, ივნისში, ბერლინში შეხვედრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ელჩებს დაავალა, გაეძლიერებინათ „ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“, რადგან „ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება“. ეს ის დროა, როდესაც მათ შორის “აგენტების შესახებ” კანონის გამო, უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებულია ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ თბილისი მაინც ევროინტეგრაციის პროცესში თანმიმდევრული წინსვლის იმედს გამოხატავს.
„ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება… მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ“, - მიმართა ელჩებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერით. პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აღარ ესმოდათ, რას ნიშნავდა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ „საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, “რუსული კანონების” მიღებისა და რეფორმების უგულებელყოფის ფონზე.
- საერთაშორისო ურთიერთობებში ვითარება მკვეთრად გაუარესდა, როცა 2024 წლის 28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” ოთხი წლით გადაავადა ევროინტეგრაციის აუცილებელი პროცედურა - ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხის განხილვა.
- ევროპის ქვეყნებთან და აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაცივდა, გაჩერდა უცხოური პროგრამები და დახმარებები, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ამოქმედდა არაერთი ახალი - სავიზო თუ ეკონომიკური - სანქცია.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების გამო პოსტები არაერთმა ელჩმა დატოვა. შეცვლილია თბილისის წარმომადგენლების ვიზიტების გეოგრაფია, აღარ იმართება უმაღლესი დონის ვიზიტები ბრიუსელში. სადავო ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ აზერბაიჯანს თუ უნგრეთს, რომელთა ლიდერები ასევე მწვავედ პაექრობენ ბრიუსელთან.
„ვხედავთ, სამწუხაროდ, ევროკავშირის არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა 10 აპრილს „ქართული ოცნების“ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სადავო განცხადებების შემდეგ, როცა ილჰამ ალიევმა ევროკავშირს თბილისის სახელითაც შეუტია და ხაზი გაუსვა ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
“საქართველოს ელჩები, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, რეალურად, ნამდვილად არიან უსაქმოდ, რადგან მათი უმთავრესი საქმე იყო საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. რასაკვირველია, არსებობს ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში გადასაწყვეტი საკითხები, მაგრამ ეს არის მეათასეხარისხოვანი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან შედარებით”, - გვეუბნება გიგი გიგიაძე, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უფროსი მკვლევარი, ყოფილი ელჩი დანიაში. მისთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა ფუნქციას ასრულებს ახლა საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და მისი წარმომადგენლობა ევროკავშირთან, "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის უგულებელყოფის პირობებში. მეტიც, გიგიაძე ფიქრობს, რომ, ამავე მიზეზით, უსაქმოდ იქნებიან დარჩენილი საგარეო უწყების მთელი რიგი დეპარტამენტების თანამშრომლები.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებსაიტზე, ბოლო ინფორმაცია 2024 წლის 3 ნოემბრით არის დათარიღებული და ის ანტვერპენში ქართულ ეკლესიასთან არსებული თეატრის [“ჩვენ დავბრუნდებით”] მიერ დადგმულ სპექტაკლზეა. “დიდოსტატის მარჯვენა” ანტვერპენში საელჩოს მხარდაჭერით დაიდგა.
2022 წლიდან განვითარებული პროცესები გიგი გიგიაძეს იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს, რათა ეფექტურად შეაჩეროს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია” და მისთვის სწორედ ამის ნაწილია კონფრონტაციული დამოკიდებულება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდამჭერი ბალტიის ქვეყნების მიმართ.
“ბალტიის ქვეყნები ყოველთვის იცავდნენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების იდეას და ისინი ამას ჩვენგან მითითებისა და ახსნა-განმარტებების გარეშეც აკეთებდნენ, ყოველთვის. მიზანმიმართულად მოხდა მათზე შეტევა და ესეც აჩვენებს, რა ხდება სინამდვილეში”, - ამბობს გიგიაძე რადიო თავისუფლებასთან.
დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, „ქართული ოცნებისთვის“ გამონაკლისს არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] არ წარმოადგენს - “ოცნებამ” ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო.
10 აპრილს PACE-ს სხდომაზე კიდევ ერთი მწვავე რეზოლუცია დაამტკიცეს, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების „დემოკრატიული უკუსვლა“ „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი [ქართული დელეგაციის წევრები - რ.თ.] დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ“.
საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წელს გახდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანა ამ ორგანიზაციაში მსგავსი კრიზისის წინაშე არასოდეს მდგარა.
“სულ რომ ათასმა უცხოელმა თქვას ტყუილი, ის ვერ გახდება ჭეშმარიტება, მაინც ტყუილი და მანიპულაცია იქნება. ვისურვებდით, ყველამ პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს, როგორც სათამაშოს გამოყენებას”, - PACE-ს კრიზისის ფონზე უთხრა ჟურნალისტებს ლევან მახაშვილმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა და სადავო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
თავისუფალი ადგილები, ანაზღაურება
ამ ეტაპზე საქართველოს ელჩები ჯერ ისევ არ ჰყავს მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში.
ერთი ვერსიით, შესაძლოა ელჩების დანიშვნის გაჭიანურება სწორედაც რომ თბილისის დღევანდელ პოლიტიკით საერთაშორისო პარტნიორების დაუფარავ უკმაყოფილებას უკავშირდებოდეს. გიგი გიგიაძე ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მძიმე ფონი პროცესებს მართლაც ანელებს, თუმცა საბოლოოდ, დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნები დიპლომატიური არხების კრიზისს არ დაუშვებენ და საქართველოს ელჩები, ადრე თუ გვიან, მაინც დაინიშნებიან.
- 21 მარტს საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც - საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს ავსტრიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ბელარუსში. ამავე ცნობით, დაინიშნა ასევე მუდმივი წარმომადგენელი გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში [ქალაქი ჟენევა].
- 27 მარტს - ელჩები დაინიშნნენ თურქეთის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, ასევე - კუბის რესპუბლიკაში.
- 3 აპრილს - საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ ასევე ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდართან [ვატიკანი].
უკვე ოთხი თვეა, საჯარო მოხელეების ქონების დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდულია ანტიკორუფციული ბიუროს „ტექნიკური ხარვეზის“ გამო. თუმცა მანამდე, სწორედ დეკლარაციებზე დაყრდნობით, მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ელჩების სახელფასო ანაზღაურება ზოგჯერ [წელიწადში] 100 ათას დოლარსაც აჭარბებდა. დიპლომატების ანაზღაურება საგარეო უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება. სხვადასხვა ქვეყანაში ანაზღაურება სხვადასხვა სიდიდისაა.
უცხოელ ელჩებზე შეტევა საქართველოში
თბილისის ლექსიკა თანდათან სულ უფრო უხეშდება საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებთან მიმართებითაც, რომლებიც, მცირედი გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად აღარ ჩნდებიან “ოცნების” ხელისუფლების გვერდით. ევროპელ დიპლომატებს “ოცნება” ყოველგვარი სამართლებრივი დასტურის გარეშე, საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს - არეულობის, ძალადობის დაფინანსებაში, ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრასა და ჭკუის სწავლებაში.
"ჩვენს ქვეყანაში ამ დიპლომატების არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს არის „დიფთ სთეითის“ წარმომადგენლები საქართველოში”, - "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის ეს სიტყვები ბევრმა მუქარადაც აღიქვა. პარალელურად, სოციალურ ქსელებში ხშირად ისმის ელჩების საქართველოდან გაძევების მოწოდებებიც.
“დიპლომატიაში ყველაფერი ეფუძნება ნაცვალგების პრინციპს. მათ შესაძლოა ეს არ სმენიათ, მაგრამ ასეა და - როგორც ისინი ექცევიან სხვა ქვეყნის ელჩებს საქართველოში, სხვა ქვეყნებიც იტოვებენ უფლებას, რომ ანალოგიურად მოექცნენ ჩვენს ელჩებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შორს მიმავალი იდეა და სწორედ ეს უნდოდეთ ["ქართული ოცნების" ხელისუფლებაში], რომ გამოიწვიონ ასეთი რეაქციები ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, - გვეუბნება გიგი გიგიაძე.
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას "ქართული ოცნება" ხშირად აბრალებდა აშშ-ისა და ევროკავშირისა ყოფილ ელჩებს - კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს. „ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში“, „იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები და სირთულეები“, - ამბობდა კობახიძე.
ფორუმი