Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მესიჯები ჩამოიტანა რესპუბლიკელმა სენატორმა თბილისში - სტივ დეინსის რეგიონული ტურნე


პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენატში გამართული შეხვედრა. სენატორი დეინსი დგას ტრამპის გვერდით [მარჯვნივ] - 2024 წლის 13 ივნისი.
პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენატში გამართული შეხვედრა. სენატორი დეინსი დგას ტრამპის გვერდით [მარჯვნივ] - 2024 წლის 13 ივნისი.

“ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ” - რესპუბლიკელი სენატორის, სტივ დეინსის მიერ თბილისში ჩამოტანილ მთავარ მესიჯებს შორის იყო.

სენატორი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა შეხვდა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მისი კაბინეტის წარმომადგენლებს. მანამდე კი, პირველი შეხვედრა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.

თბილისში განხილულ საკითხებს შორის, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ასევე იყო ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა, კანონის უზენაესობა, ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები.

სენატორი დეინსი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, სადაც, 27 მარტს, საქართველოსთან დაკავშირებულ ორპარტიული კანონპროექტი - “მეგობარი აქტი” [MEGOBARI] დაამტკიცეს. ახლა დოკუმენტი სენატის სხდომაზე განხილვას ელოდება. ეს არის კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც მოიცავს როგორც ქართველი ხალხის მხარდამჭერ გეგმას, ასევე “ქართული ოცნების” პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომებსა და სანქციების მექანიზმს.

კონგრესმენი უილსონი სენატორის თბილისში ვიზიტს X-ზე გამოეხმაურა, სტივ დეინსს მეგობარი უწოდა და მადლიერება გამოხატა „საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციასთან შეხვედრის“ გამო.

“ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპს და კრძალავს ოპოზიციას. წინსვლის ერთადერთი გზაა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, - დაწერა ჯო უილსონმა.

სენატორმა სტივ დეინსი - მონტანას შტატის წარმომადგენელია აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში. სენატორია 2015 წლიდან. ის იყო პირველი ამერიკელი სენატორი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევში ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს ტერორისტიც უწოდა.

პირველი შეხვედრა - სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციასთან

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, თბილისში ბაქოდან ჩამოსულმა სენატორმა პირველი შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან და მის მიერ დაფუძნებულ „წინააღმდეგობის პლატფორმასთან“ გამართა.

შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან მოისმინა ” არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი”, არამედ ასევე "სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკისგან ძალიან დიდ ყურადღებას".

აშშ-ის საელჩოს მიერ X-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილთან და პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: აშშ-ისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ახლახან ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავება და საქართველოს პროდასავლურობის საჭიროება - კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის რეგიონში.

სენატორ სტივ დეინსისთვის საყურადღებო საკითხებია რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენები. 21 მაისს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მან შეკითხვები დაუსვა ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირებისა და თურქმენული გაზის ევროპაში გატანის პერსპექტივებზე - ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის სამეზობლოში რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად და გვერდის ავლით.

სენატორის მიერ აღწერილი სქემით, თურქმენული გაზისთვის საჭიროა მილსადენის ახალი მონაკვეთის აშენება [სულ 20 მილის მანძილზე] და თურქმენული გაზი საბოლოოდ უნდა გაატაროს სამხრეთის გაზის დერეფნით, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს. თურქმენული გაზის ევროპაში გატანის საკითხი, უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ განიხილება.

რუბიომ უპასუხა, რომ სენატორის მიერ აღწერილ საკითხს ეთანხმება.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სენატორის მიერ ბაქოში გამართული შეხვედრების ფარგლებში.

„სენატორმა აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის ურთიერთობების განვითარებას აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ხაზი გაუსვა, რომ ამისათვის არსებობს დიდი შესაძლებლობები. ის შეეხო აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში სენატის წარმომადგენლების ვიზიტების გახშირების საკითხს“, - აღნიშნულია სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ალიევმა მისგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან

30 მაისს, რესპუბლიკელი სენატორი „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს შეხვდა.

„სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხი.

სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან, ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წასაწევად“, - წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე, სენატორის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

თავად ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის დაასახელა: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და სატრანზიტო პოტენციალი.

“აღვნიშნე, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით”, - წერია “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

განცხადებიდან ვიგებთ, რომ საუბარი შეეხებოდა ასევე „ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას”.

“აღვნიშნე, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია”, - წერს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის ტექსტში ასევე ხაზგასმულია მზადყოფნა “ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას”. არ არის ნახსენები ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყების შეთავაზება - რომელსაც ბოლო პერიოდში თავად ირაკლი კობახიძე ახსენებდა და გაიმეორა პარტიის მილიარდერმა საპატიო თავმჯდომარემ - ბიძინა ივანიშვილმა, 28 ივლისს აშშ-ის საელჩოსთან კამათის დროს გამოქვეყნებულ წერილში.

“იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში”, - ამ სიტყვებით სრულდება ივანიშვილის წერილი.

28 მაისს, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც - ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ელჩთან შეხვედრაზე, 22 მაისს, როდესაც რობინ დანიგანი, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ცდილობდა მისთვის „შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“.

საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები - ნახსენებია საელჩოს მიერ 30 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც, რომელიც სენატორის თბილისში ვიზიტის მიზნებს შეეხება. ეს აქცენტები, სხვადასხვა დროს, ფიგურირებდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებშიც.

"ის [სენატორი] ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ”, - აღნიშნავს აშშ-ის საელჩო.

აქვე, სენატორის მიზნებს შორის საელჩომ დაასახელა:

  • შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის - კანონის უზენაესობა;
  • ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები.

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ შეერთებული შტატები თვალს ვერ დახუჭავს დემოკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რადგან “ამერიკელებმა კარგად იციან, რომ ამ რეგიონში საქართველოს სტაბილურობა და განვითარება კი არა, გადარჩენაც კი მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის განვითარების პირობებშია შესაძლებელი და ამიტომ, ერთადერთი რასაც ისინი ითხოვენ - დემოკრატიის გზაზე დაბრუნებაა”.

ახალი გზამკვლევების შედგენა, ურთიერთობების გაღრმავება და დახმარების გაძლიერება, ანალიტიკოსის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიასთან დაკავშირებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი და “თუ ეს პირობები შედგა - [ახალი - რ.თ.] არჩევნებიც გარდაუვალი იქნება”.

შესაძლებელია თუ არა სენატორ დეინსის ვიზიტი უკავშირდებოდეს აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ სამომავლო განხილვას, რომელსაც „ქართულ ოცნება“ „მტრულ აქტს“, „უსამართლო აქტს“ უწოდებს? - ეს შეკითხვა რესპუბლიკელი სენატორის ვიზიტის ფონზე, დისკუსიებში, სოციალურ ქსელებშიც დაისვა.

ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების ნდობა “ავანსად არ გაიცემა” და “არც ის გამოცდილება ექნებათ დავიწყებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს მაინცდამაინც არ გამოირჩევა საერთაშორისო ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულებით”. შესაბამისად, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ “მეგობარი აქტის” განხილვის პროცედურები გაგრძელდება.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG