Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ?


მასშტაბური სანქციების მომდევნო რაუნდი შეიძლება მოსკოვისთვის განსაკუთრებით არახელსაყრელ დროს დაემთხვეს.
მასშტაბური სანქციების მომდევნო რაუნდი შეიძლება მოსკოვისთვის განსაკუთრებით არახელსაყრელ დროს დაემთხვეს.

ჯერჯერობით რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მოწოდებებს, შეწყვიტოს უკრაინასთან ომში ცეცხლი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება კიევისა და ევროპული ქვეყნების მოწოდებებს, დამატებითი სანქციები დაუწესოს მოსკოვს.

ტრამპი იმუქრებოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ“ ზომებს გამოიყენებდა, თუ მიიჩნევდა, რომ ამის დრო მოვიდა. თუმცა მან არაერთხელ განაცხადა, რომ დრო ჯერ არ დამდგარა და ამბობდა, რომ ახალი სანქციების დაწესებამ შესაძლოა გაამკაცროს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიცია და ხელი შეუშალოს მშვიდობის დამყარებას.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩემი აზრით, შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვარ“, - ასე უპასუხა მან 28 მაისს თეთრ სახლში ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა უდგას წინ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. - „არ მინდა, ამით ყველაფერი გავაფუჭო. თქვენ უნდა იცოდეთ, როდის გამოიყენო ეს“.

თუ ეს დრო დადგება, როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის ახალი ზომები?

„ბევრი საუბარი იყო იმ პოლიტიკაზე, რომლის მიღებაც მათ შეუძლიათ, მაგრამ ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა გეგმა იქნება ეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ორგანიზაციის, „ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ სანქციების ექსპერტმა, რეიჩელ ზიემბამ.

მასშტაბური სანქციების მომდევნო რაუნდი შეიძლება მოსკოვისთვის განსაკუთრებით არახელსაყრელ დროს დაემთხვეს, რადგან რუსეთის ეკონომიკას ნავთობის ფასების ვარდნა და უკიდურესად მაღალი საპროცენტო განაკვეთები აზარალებს. ლონდონში დაფუძნებულმა საკონსულტაციო კომპანია Capital Economics-მა ამ თვის დასაწყისში დაწერა, რომ ამას შესაძლოა მძიმე რეცესია მოჰყვეს.

ტრამპს არცერთ პოტენციურ ზომაზე დეტალურად არ ულაპარაკია. ამ ეტაპზე აშშ-ის პოტენციური ახალი სანქციების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ორპარტიული კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც არიან სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატი, კონექტიკუტი).

ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს რუსული ბანკების და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ მოსკოვის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მეორადი სანქციები კი დაეკისრებათ იმ ქვეყნებს, კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც შავ სიაში შეყვანილ სუბიექტებთან დაიჭერენ საქმეს.

გარდა ამისა, აშშ დააწესებს მინიმუმ 500-პროცენტიან ტარიფებს იმპორტზე ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც „შეგნებულად ყიდის, ამარაგებს, გადასცემს ან ყიდულობს რუსეთის ფედერაციაში წარმოშობილ ნავთობს, ურანს, ბუნებრივ აირს, ნავთობპროდუქტებს ან ნავთობქიმიურ პროდუქტებს“.

რუსული ენერგოექსპორტის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი.

ჩრდილოვანი ფლოტი

სენატორებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანია „ჩინეთის პასუხისგებაში მიცემა პუტინის საომარი მანქანის მხარდაჭერისთვის ჩრდილოვანი ფლოტიდან იაფი რუსული ნავთობის შეძენით“. „ჩრდილოვანი ფლოტი“ შედგება ასობით, ხშირად მოძველებული, გაუმჭვირვალე საკუთრების მქონე გემისაგან და მას მოსკოვი იყენებს დასავლეთის სანქციების თავიდან ასარიდებლად. ნავთობი მოსკოვის ყველაზე მოგებიანი პროდუქტია - მისი ექსპორტი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით მესამედს შეადგენს.

ზიემბა ამბობს, რომ რუსული ბანკების წინააღმდეგ პირველადი და მეორადი სანქციების დაწესება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

პირველადი სანქციები შეეხება აშშ-ის სუბიექტებს და მათ უკრძალავს რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების განხორციელებას. მეორადი სანქციები კი დასჯის უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც საქმეს იჭერენ რუსულ ბანკებთან და მათ აშშ-ის ფინანსურ სისტემას მოწყვეტს. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები იმ უცხოურ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ჯერაც თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან.

მიუხედავად ამისა, ზიემბამ განაცხადა, რომ კანონპროექტი შესაძლოა შერბილდეს კონგრესის კომიტეტებში განხილვის შემდეგ. მან ასევე თქვა, რომ მესამე ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება დროულად არ მიაჩნია, იმის გათვალისწინებით, თუ რა უკუკავშირი განიცადა ტრამპის ადმინისტრაციამ აპრილში ფართომასშტაბიან, გლობალურ ტარიფებზე განცხადების შემდეგ.

ზიემბას თქმით, ორპარტიული კანონპროექტი შესაძლოა უფრო მეტად პუტინისთვის აშშ-ის მტკიცე განწყობის დემონსტრირებას ემსახურებოდეს. მას თანაავტორობა 100-დან 80-მა სენატორმა გაუწია, რაც ნიშნავს, რომ სენატი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაბიჯით აშშ სანქციებს კანონად აქცევს. კანონპროექტში მოყვანილი ზოგიერთი სანქცია უკვე ამოქმედდა ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის დროს.

„ამ კანონპროექტმა შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციას ან ნებისმიერ ადმინისტრაციას მომავალში სანქციების მოხსნას გაურთულოს“, - თქვა ზიემბამ.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, დაუჭერს თუ არა მხარს სენატის კანონპროექტს. ამ ინიციატივასთან დაკავშირებული კითხვების პასუხად თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა თქვა:

„[პრეზიდენტმა ტრამპმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნახვა“, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მას რუსეთისთვის ახალი ფინანსური სანქციების დაწესება არ სურს, რადგან პუტინთან ურთიერთობას უფრთხილდება. თუმცა ზიემბა ამბობს, რომ აქ კიდევ სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი, აშშ-რუსეთის ურთიერთობებისა და უკრაინაში ომის გარდა.

„ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობს მოსაზრება, რომ ფინანსური სანქციების ზედმეტად გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დოლარის როლს გლობალურ ვაჭრობაში და ქვეყნებს უბიძგოს სანქციების თავიდან ასარიდებელი ინფრასტრუქტურის შექმნისაკენ. ამან კი შეიძლება ზიანი მიაყენოს აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას“, - თქვა მან.

ამის ნათელი მაგალითია ზედა ზღვარი ნავთობის ფასებზე. ის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 2022 წელს დააწესეს რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად და ამავდროულად გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამ ზომას ძირს უთხრის გემების „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომლითაც რუსული ნავთობი გადააქვთ დასავლეთის კონტროლის გარეშე.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის გამო რუსეთის დასასჯელად G7 განიხილავდა ლიმიტის შემცირებას 60 დოლარიდან 50 დოლარამდე. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, ეს წინადადება ტრამპის ადმინისტრაციამ დაბლოკა. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრამპის სურვილით, დროებით მაინც არ დაუწესოს სანქციები რუსეთს, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ახალ ზღვარს იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ ის ხელს აწყობს აშშ-ის კონკურენტებს - ჩინეთს და ინდოეთს, თქვა ზიემბამ.

მან ასევე თქვა, რომ ფასების ლიმიტის შემცირებას აზრი არ აქვს, თუ ამავდროულად „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ არ გააძლიერეს ბრძოლა.

„ფუჭი ოცნება“

რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებამ შეიძლება „ძალიან ხელშესახები დარტყმა მიაყენოს პუტინს“, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებს გააჭიანურებს, განუცხადა ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკული საწარმოების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ლეონ არონმა რადიო თავისუფლებას. „ამან შეიძლება მას მშვიდობის სულ მცირე სერიოზულად განხილვისკენ მაინც უბიძგოს“.

რესპუბლიკელმა ნიუტ გინგრიჩმა, რომელიც 1995-99 წლებში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება. მან მოუწოდა აშშ-ს, „მკვეთრად“ გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ხარისხი და რაოდენობა.

„პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ არჩევანი არ ექნება. ნებისმიერი სხვა სტრატეგია ფუჭი ოცნებაა, რომელიც ომს გაახანგრძლივებს და კიდევ უფრო მეტ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავს“, - თქვა გინგრიჩმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შესაძლოა, ივნისში გაირკვეს თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი პუტინზე ზეწოლისთვის.

„ჩვენ გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის და თუ ასეა, ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვუპასუხებთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში 28 მაისს. - „მაგრამ ამას დაახლოებით კვირა-ნახევარი, ორი კვირა დასჭირდება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG