2025 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთში ახალი რეპრესიული კანონები ამოქმედდა: ინტერნეტის მომხმარებლები დაჯარიმდებიან ე.წ. ექსტრემისტული მასალების ძებნისთვის („დასერჩვისთვის“), ასევე დაჯარიმდებიან VPN-ებისა და ბლოკირების გვერდის ავლის სხვა საშუალებების რეკლამის გამავრცელებლები, ხოლო „უცხოელ აგენტებს“ სრულად აეკრძალებათ საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობა. გარდა ამისა, წიგნის მაღაზიები გაფრთხილებულები არიან, რომ, „უცხოელი აგენტების“ (ავტორების) წიგნებით ვაჭრობის შემთხვევაში, 1 სექტემბრიდან ჩამოერთმევათ როგორც მუნიციპალური შეღავათები, ასევე სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის წიგნების მიწოდების კონკურსში მონაწილეობის უფლება.
ალექსანდრე მოროზოვი, რუსი პოლიტოლოგი და პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი მიიჩნევს, რომ 2025 წლის 1 სექტემბერი პირობითად პუტინის პოლიტიკური სისტემის სიცოცხლის ახალი დასაწყისია.
„ომის შესაძლო შეჩერების მოლოდინი უკან დარჩა, კრემლმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე და „გარიგებების“ ინიციატორებს აჩვენებს, რომ იქნება „მარადიული ომი“, - წერს რუსი პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, 1 სექტემბრიდან ამოქმედებული კანონები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია, მოქალაქეს კი ისღა დარჩენია, საკუთარი რისკის ქვეშ, ამ შენობის კედელში ან ლურსმნით გამოთხაროს ხვრელი, ან მეგობართა წრეში ჩაიკარგოს, ან სიბნელეში ფანრის შუქზე წაიკითხოს რაღაც, მაგრამ სულ მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი და ზურგზე აქვს აკიდებული რვა წელი როგორც ტერორიზმში ბრალდებულს.
ალექსანდრ მოროზოვი ასე აღწერს 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგებსა და მოსალოდნელ ეფექტს:
„პოლიტიკური Telegram არხების რედაქციები გაწმინდეს და დაიქვემდებარეს. უცხოელ აგენტებს ჩამოერთვათ პირის გაღების ნებისმიერი შესაძლებლობა, მათი წიგნები გამოაქვთ ბიბლიოთეკებიდან და მაღაზიებიდან, რათა ქვეყნის ეს ყველა, ადრე საუკეთესო მწერალი, მუსიკოსი, რეჟისორი და ა.შ. - მთლიანად გაქრეს თვალთახედვიდან და აღარ მოიხსენიებოდნენ, როგორც „არსებულები“. რუსეთის მოსახლეობა ოფიციალურად უნდა გადავიდეს სახელმწიფო მესენჯერსა და მის აპლიკაციებზე, სხვა ყველაფერი არალეგალური იქნება, მხოლოდ იატაკქვეშეთში მოხმარებისთვის. დასმენების სისტემამ, მათ შორის საჯარომაც, საოცარ მასშტაბს მიაღწია - ადამიანები თავს იკავებენ და ვიწრო წრეშიც კი არ განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტულად“ შეიძლება იყოს გამოცხადებული. სახელმწიფო ინსტიტუტების ან გადაწყვეტილებების კრიტიკის, დისკრედიტაციის ან დამცირების სასჯელი გაორმაგდა და გასამმაგდა“.
და მართლაც, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, 2025 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებებმა გაზარდა რეპრესიების როგორც წნეხი, ასევე არეალი. კერძოდ, 1 სექტემბრიდან:
„ექსტრემისტული მასალების ძიება“ უკვე დანაშაულად ითვლება
რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ახალი მუხლი „აშკარად ექსტრემისტული მასალების ძიება და მათზე წვდომის მოპოვება“. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმუშავებს ეს სიახლე:
- როგორ და რანაირად იპოვიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფსბ დამნაშავეებს?
- მხოლოდ საძიებო მოთხოვნებისთვის დასჯიან, აკრძალულ "კონტენტზე" წვდომის მცდელობის გარეშე?
- რა ნიშნების მიხედვით ცნობენ იმ მასალებს ექსტრემისტულად, რომლებიც არ შედიან იუსტიციის სამინისტროს ამავე სახელწოდების სიაში?
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჯარიმები თავდაპირველად შედარებით მცირე იქნება: 3000-დან 5000 რუბლამდე.
SIM ბარათის უცხო პირებისთვის გადაცემა დაისჯება პატიმრობით
„კომუნიკაციების შესახებ“ რუსეთის ფედერალური კანონის ახალი ვერსია პირდაპირ უკრძალავს აბონენტებს თავიანთი ტელეფონების ან SIM ბარათების „სხვა პირებისთვის“ გადაცემას. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ახლო ნათესავებისთვის. აკრძალვის დარღვევა ჩაითვლება როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ასევე პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულად. დანაშაულის სიმძიმეს განსაზღვრავს დამატებითი გარემოებები: ერთია თუ დანაშაული ანგარებიანი დაინტერესებითაა ჩადენილი და სულ სხვა - თუ დანაშაულს საფუძვლად ედო სხვა განზრახვა. ჩვეულებრივი (არა ანგარებიანი) დამნაშავეები 30 000-დან 50 000 რუბლამდე (620 $-მდე) თანხით დაჯარიმდებიან, დანაშაულის ორგანიზატორებს სამ წლამდე პატიმრობა, ხოლო დანაშაულში მონაწილეებს - ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„უცხოელ აგენტებს“ სრულად აეკრძალათ თანამემამულეების განათლება და აღზრდა
1 სექტემბერს ამოქმედებული საკანონმდებლო ინიციატივით, რუსეთში ყველა ადამიანს, ორგანიზაციას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „უცხოელი აგენტის“ სახელით მოიხსენიებს, აეკრძალა ნებისმიერი საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობა. 1 სექტემბრამდე მსგავსი აკრძალვა მხოლოდ არასრულწლოვანებთან მუშაობას ეხებოდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ გადაწყვეტილების გამო, უკვე დაიხურა ისტორიული ჟურნალი „გორბი“, რუსულმა წიგნის მაღაზიებმა კი 30-31 აგვისტოს სცადეს „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებული ავტორების ეგზემპლართა ფასდაკლებით გაყიდვა (ხელის დაცლა).
ჩამოფასებაში მოჰყვა რუსული წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერის, კულტურის ისტორიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის, ალექსანდრ ეტკინდის გახმაურებული წიგნი „შიდა კოლონიზაცია - რუსეთის იმპერიული გამოცდილება“, რომლის ანოტაციაში ვკითხულობთ:
„შიდა კოლონიზაციაში“ ეტკინდი ვარაუდობს, რომ რუსეთის იმპერიაში კოლონიზაცია სხვაგვარად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა, ისეთ საზღვაო იმპერიებში, როგორიცაა მაგალითად ბრიტანეთის იმპერია, რომლის შესწავლაც პოსტკოლონიური კვლევების ძირითადი წიგნის, ედუარდ საიდის „ორიენტალიზმის“ საფუძველს წარმოადგენს. იდეა, რომ „რუსეთმა საკუთარი თავის კოლონიზაცია მოახდინა“, ამოსავალი წერტილია იმ წარმტაც მოგზაურობაში, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთის ათვისებასა და ბეწვეულით ვაჭრობას, რობინზონ კრუზოს რუსულ გზის, გლეხობის განმანათლებლობის იდეებს, კავშირებს ძალადობასა და ცენტრალური აზიის კოლონიურ ადმინისტრაციაში (შემდეგ უკვე „მეტროპოლისის“ გულში) კარიერის აშენებას შორის. ბანალურად რომ ვთქვათ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რუსეთის ისტორიაზე განსხვავებული წარმოდგენა შეგექმნებათ“.
უცხოელ აგენტებად გამოცხადებული ავტორების წიგნების, მათ შორის თავის ნაშრომების აკრძალვას გამოეხმაურა თვითონ ალექსანდრ ეტკინდი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი:
„როგორ გავიგე, იდიოტურმა ცენზურამ აკრძალა არა მხოლოდ „შიდა კოლონიზაცია“, არამედ ჩემი სხვა წიგნებიც, რომლებიც გამოსცეს გამომცემლობებმა „ნლო-მ“, „ტაიმმა“ და სხვ. კეთილი, ამით ელექტრონულ ასლებზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება, მათ აკრძალვას კი ვერ შეძლებთ. ამ აკრძალულ სიაში შემავალი წიგნები საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი ომამდე რუსულმა გონმა შექმნა და ასეთადაც დარჩებიან“.
ახალ ტელეფონებში წინასწარ უნდა იყოს დაინსტალირებული Max და RuStore
რუსეთში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ახალი ვერსია შეიცავს ორ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ეხება ტელეფონებსა და პლანშეტებში წინასწარ დაინსტალირებულ პროგრამებს.
I - კანონში გაჩნდა პირდაპირი მოთხოვნა, წინასწარ იყოს დაინსტალირებული „მრავალფუნქციური ინფორმაციის გაცვლის სერვისი“. რუსეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ეს სტატუსი მიენიჭება Max მესენჯერს.
II „აპლიკაციების ერთიანი მაღაზია“ (რომელიც 2022 წლიდან რუსეთში RuStore-ია) ახლა წინასწარ უნდა იყოს დაინსტალირებული ყველა ტელეფონში, მათ შორის iPhone-შიც.
VPN-ის გამოყენება წარმოადგენს დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დამამძიმებელ გარემოებათა სია გაფართოვდა ახალი პუნქტით — VPN-ის გამოყენებით. ამ შემთხვევაში სასჯელი, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი იქნება. ფორმალურად, ეს დამამძიმებელი გარემოება, ყველა სხვა გარემოების მსგავსად, შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დანაშაულზე. ამასთან VPN-ის გამოყენება თავისთავად არ ჩაითვლება (ჯერჯერობით) დანაშაულად, მაგრამ, თუ კანონის დარღვევის პროცესში „დამნაშავე“ იყენებდა VPN-ს, მაშინ სასჯელი შედარებით მკაცრი იქნება.
აკრძალულია სანდო VPN-ების რეკლამა
„რეკლამის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია კრძალავს იმ VPN-ების რეკლამას, რომლებიც როსკომნადზორის ბლოკების (ბლოკირებების) გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. ანუ, კანონის ახალი რედაქციით, შესაძლებელია მხოლოდ იმ სერვისების რეკლამირება, რომლებიც შეჯერებულია აკრძალული საიტების რუსულ სიასთან და, შესაბამისად, არ უშვებენ მომხმარებლებს „მტრულ“ საიტებზე.
აკრძალვის დარღვევა მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც ფიზიკური პირებისთვის 80 ათას რუბლამდე, ხოლო ორგანიზაციებისთვის - 500 000 რუბლამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.
VPN (virtual private network - „ვირტუალური კერძო ქსელი“) - განზოგადებული ტექნოლოგიური ტერმინი ნებისმიერი ტექნოლოგიის აღსაწერად, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ან მრავალი ქსელური კავშირის დამყარებას, ქსელური მონაცემების, როგორც წესი, Internet Protocol-ის მონაცემების, ინკაფსულაციას და გადაცემას სხვა ქსელის გამოყენებით. ასეთი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წვდომა მიიღოს ისეთ ქსელურ რესურსზე, რომელიც სხვაგვარად, ღიად მიუწვდომელია ინტერნეტით.
VPN-ის მფლობელებისთვის, რომლებიც არაფრად ჩააგდებენ და უგულებელყოფენ რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნებს, ასევე დაწესდა ადმინისტრაციული ჯარიმები 1 მლნ რუბლამდე.
ასევე აიკრძალა „არასასურველი“ და „ექსტრემისტული“ ორგანიზაციების ვებსაიტებზე რეკლამის განთავსება.
„რეკლამის შესახებ“ კანონის კიდევ ერთი ახალი პუნქტი კრძალავს რეკლამის გავრცელებას საინფორმაციო რესურსებზე, რომლებიც ეკუთვნით:
- არასასურველი ორგანიზაცია
- ექსტრემისტული გაერთიანება ან ორგანიზაცია
- ტერორისტული გაერთიანება ან ორგანიზაცია
- საერთოდ, ნებისმიერ სხვა საინფორმაციო რესურსზე, რომელზეც წვდომა შეზღუდულია რუსეთის ხელისუფლების მიერ
ამასთან, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბოლომდე ნათელი არ არის, თუ როგორ დასჯის რუსეთის ხელისუფლება აკრძალვის დამრღვევებს. რადგან არასასურველი, ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამის განთავსება შეიძლება ჩაითვალოს მათ დაფინანსებად, რაც რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია.
ექსპერტების თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს აკრძალვა, პირველ რიგში, საშიშია Instagram-ზე რეკლამირების გამო - ბევრი რუსი ბლოგერი და მცირე ბიზნესი ბოლო დრომდე იყენებდა Meta Corporation-ის ამ პლატფორმას თავიანთი ბრენდების პოპულარიზაციის მთავარ არხად, Meta კი რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ რესურსზე ახალი რეკლამების არგანთავსება, არამედ, ჯარიმის რისკის შესამცირებლად, 1 სექტემბრამდე გამოქვეყნებული რეკლამების წაშლა.
მუდმივი ომის წინათგრძნობა
ცნობილი რუსი მწერლისა და სამოქალაქო აქტივისტის, ვიქტორ შენდეროვიჩის თქმით, 1 სექტემბერს ამოქმედებული კანონების არსი და პუტინის მთელი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სიცოცხლეში არ დათმოს ძალაუფლება.
„მისი ძალაუფლება ისედაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ომთან და მის კომპონენტებთან - სწორედ ამიტომ პუტინი ცდილობს დაუსრულებლად ამყოფოს რუსეთი ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის, გადასასვლელებზე შეუცვლელი ცხენების, მოჭერილი ქამრების, ბაბუების გმირობებისა და სხვა ყალბი ისტორიული სინდრომების ტყვეობაში, რაც, პატრიოტიზმის სახელით, მოსახლეობას მოტყუებისა და უუფლებო მდგომარეობაში ყოფნის საშუალებას იძლევა. პუტინი უკვე თავადაც მძევალია ბნელი იმ მასებისა, რომლებიც მან აამოქმედა თავისი იმპერიული ჰიპნოზით. რა უნდა მოუხერხო მილიონებს, რომლებმაც გემო გაუსინჯეს დაუსჯელ და კარგად ანაზღაურებად მკვლელობებს?“
ვიქტორ შენდეროვიჩის თქმით, პუტინს ომი სჭირდება არა საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ როგორც თვითმიზანი - როგორც მარტივი და საიმედო საშუალება თავისი უკანონო მმართველობის გასაგრძელებლად.
„სტრატეგიულად, რუსეთმა თითქმის ყველაფერი წააგო, რაც კი შეეძლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში წაეგო: ეკონომიკა, სტატუსი მსოფლიოში, ლეგიტიმურობა, შვილების მომავალი, ღირსება, გონიერება... რუსეთმა წააგო და აგრძელებს წაგებებს, პუტინი კი იმარჯვებს და იმარჯვებს, რუსეთის დასაღუპად. უფრო მეტიც, ძირითადად იმ ადამიანების დასაღუპად, ვინც დღეს, ხმამაღლა თუ ჩუმად, მხარს უჭერს მის პოლიტიკას. სწორედ მათი შვილები და შვილიშვილები იხდიან ლუბიანკის სისხლიანი თამაშის, „ზარნიცის“, საფასურს - და ეს მხოლოდ საფასურის გადახდის დასაწყისია“, - ამბობს ვიქტორ შენდეროვიჩი, რომლის თქმითაც, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო გამარჯვების არანაირი წინაპირობა არ არსებობს და პუტინიც, რომელმაც ყველაფერი დადო ომზე, უბრალოდ დროს აჭიანურებს თავის სიკვდილამდე:
„მოატრიალეთ საჭადრაკო დაფა, შეხედეთ პოზიციას მისი თვალით - და თავად დაინახავთ აშკარა სვლებს, ერთადერთებს, თითქმის უალტერნატივოებს. მეტ ფულს დახარჯავს, მეტ ადამიანს მოისყიდის და გახრწნის, მეტ დროს გაიყვანს, მეტ „სასარგებლო იდიოტს“ ჩააყენებს თავის სამსახურში და იომებს, იომებს... პუტინს სჭირდება ომი და ეს ომი იქნება მანამ, ვიდრე იქნება პუტინი“.
ფორუმი