Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ადმინისტრაციის რჩეულ პრეზიდენტობის მსურველს წლობით ციხე ემუქრება – რა ხდება რუმინეთში?


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ულტრამემარჯვენე რუმინელი პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ულტრამემარჯვენე რუმინელი პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ

რთული სათქმელია, როგორი იქნება თეთრი სახლის რეაქცია, თუ მათი ფავორიტი რუმინელი ულტრამემარჯვენე ოპოზიციონერი ლიდერი პრეზიდენტობისთვის ვერ იბრძოლებს. არანაკლებ ბუნდოვანია, როგორი იქნება რუმინეთის საგარეო პოლიტიკა ევროსკეპტიკოსი და ნატოს კრიტიკოსი ლიდერის გამარჯვების შემთხვევაში.

26 თებერვალს, რუმინეთის ულტრამემარჯვენე ლიდერ კალინ ჯორჯესკუს სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, ხოლო მასთან სავარაუდოდ ასოცირებული 18 ადამიანიდან, 6 მარტს, სამართალდამცავებმა 6 დააკავეს. ჯორჯესკუს, სხვადასხვა ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, ჯორჯესკუს, რომელიც 4 მაისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას გეგმავდა, ბრალი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ქსენოფობიური და ანტისემიტური ჯგუფების შექმნაში ედება. მასთან დაკავშირებულ ექვს ადამიანს კი ძალადობრივად და რუსეთის დახმარებით ხელისუფლების გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

რუმინეთის პროკურატურის მტკიცებით, ჯგუფი, რომელსაც ჯორჯესკუს მომხრე 101 წლის გენერალი რადუ თეოდორი ედგა სათავეში, „გარე ძალებთან” შეთანხმებით ხელისუფლებაში მოსვლას და ქვეყნის ნატოს ალიანსიდან გამოთიშვას გეგმავდა.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუმინეთის ხელისუფლებამ რუსეთის ატაშე და მისი მოადგილე ქვეყნიდან გააძევა – რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა დიპლომატები ჯაშუშობაში ამხილა.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების მოძლიერებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტის უსაფრთხოებაზე. 26 თებერვალს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჯორჯესკუ გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა, ქვეყანამ „მტკიცე ისარი 2025”-ს, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნების ბოლო დღეს, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში უმასპინძლა.

წვრთნებში, რუმინეთის ჩათვლით, 9 ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა არა – აშშ. ეს უპრეცედენტო შემთხვევა არ იყო, თუმცა მაინც ხაზს უსვამდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სა და სამხედრო ალიანსს შორის ურთიერთობების ახალ, გართულებულ დინამიკას. ეს აშშ-ევროკავშირის ახლად შეცვლილი ურთიერთობების მსგავსია, სადაც ვაშინგტონის ტონი ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მიმართ უკიდურესად კრიტიკულია, ხოლო კონტინენტის ულტრამემარჯვენე ძალებისადმი, მათ შორის რუმინელი ოპოზიციონერი ლიდერისადმი, მკვეთრად სოლიდარული.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პრეზიდენტ ტრამპის ნაბიჯებს ყოველდღიურად და როგორია მისი გზავნილები მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, იმედია, [მალე] რუმინეთისთვის [...] ჩვენთვის, აშშ-ის ინტერვენცია, რათა დაიცვას და გააძლიეროს დემოკრატია [რუმინეთში], ძალიან მნიშვნელოვანია”, - თქვა 26 თებერვალს ჯორჯესკუმ ცნობილ ულტრამემარჯვენე აქტივისტთან, ალექს ჯონსთან საუბარში.

პოლიტიკური შოკის ტალღები

გასული წლის ნოემბრიდან, რუმინეთში განვითარებულმა მოვლენებმა რუმინელებსაც და გარე დამკვირვებლებსაც რამდენჯერმე მოჰგვარა შოკი.

პირველად 24 ნოემბერს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სუსტ კანდიდატად მიჩნეული მემარჯვენე პოპულისტი ოპოზიციონერი, კალინ ჯორჯესკუ პირველ ადგილზე გავიდა; შემდეგ, დეკემბერში – როდესაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. ბოლოს კი ეს სისხლის სამართლის საქმეები და 6 დაპატიმრებული.

რუმინეთის პოლიტიკურ მოულოდნელობებს შორის იყო ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის მხრიდან რუმინული დემოკრატიის ბედის მიმართ, ბევრისთვის კი ამ დემოკრატიის დიდი საფრთხისადმი, – ჯორჯესკუსადმი გამოჩენილი ინტერესი.

რუმინეთის გენერალური პროკურატურაში. კალინ ჯორჯესკუ პოლიციამ მიიყვანა დაკითხვაზე. 26 თებერვალი, 2025.
რუმინეთის გენერალური პროკურატურაში. კალინ ჯორჯესკუ პოლიციამ მიიყვანა დაკითხვაზე. 26 თებერვალი, 2025.

კალინ ჯორჯესკუს სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის სტატუსით დაკითხვამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რუმინეთის ხელისუფლება „პოლიტიკური მოქმედების კონსერვატიულ კონფერენციაზე” (CPAC) გააკრიტიკა.

„თუ არჩევნებს მხოლოდ იმიტომ აუქმებ, რომ შედეგი არ მოგწონს, ეს ნიშნავს, რომ [ამერიკის შეერთებულ შტატებთან] საზიარო ღირებულებები არ გაქვს, და რუმინეთში სწორედ ეს მოხდა”, - განაცხადა ვენსმა.

ვენსმა რუმინეთს ყურადღება მანამდე, 14 თებერვალს გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც დაუთმო: თავისი სიტყვა ევროპელი პარტნიორების კრიტიკისთვის გამოიყენა და კონტინენტზე „განადგურებული დემოკრატიის“ მაგალითად სწორედ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება მოიყვანა.

„რუმინეთი იმსახურებს საკუთარ სუვერენიტეტს”, – გამოეხმაურა 18 თებერვალს მასკი ჯორჯესკუს განცხადებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რუმინეთში „სოროსის მთელ ქსელს აკრძალავდა“.

არჩევნების შედეგების გაუქმებით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკიც უკმაყოფილო აღმოჩნდა. მან ჯორჯესკუს მხარდამჭერი ცნობების გავრცელებაც დაიწყო და ერთ-ერთ პოსტში რუმინელ მოსამართლეს, რომელმაც არჩევნების შედეგები გააუქმა, საკუთარ X პლატფორმაზე „ტირანი” უწოდა.

„რუმინეთი იმსახურებს საკუთარ სუვერენიტეტს”, – გამოეხმაურა 18 თებერვალს მასკი ჯორჯესკუს განცხადებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რუმინეთში „სოროსის მთელ ქსელს აკრძალავდა“.

უნგრელი ფილანთროპი, ჯორჯ სოროსი და მის მიერ დაფუძნებული „ღია საზოგადოების ფონდი“ ადამიანის უფლებების დაცვისა და ლიბერალური რეფორმების მხარდაჭერის გამო არაერთ ქვეყანაში – მათ შორის, რუსეთში, რუმინეთში, უნგრეთში, პოლონეთში, სერბეთსა თუ საქართველოში – თავდასხმის სამიზნეა. ბოლო წლებში ულტრამემარჯვენე რიტორიკის ეს პოპულარული ელემენტი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმაც აიტაცა.

ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებამ რუმინეთში ბევრი გააკვირვა და გააბრაზა კიდეც; თუმცა, მათ დასაცავად ამერიკელების აქტიურობამაც კითხვები გააჩინა.

შარშან, 24 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯესკუმ ხმების 23% მიიღო.

პირველ ადგილზე გასული კანდიდატი განმეორებით არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას და, როგორც მინიმუმ, პირველ ტურში ხელახლა გამარჯვებას. თუმცა, ჰაერში ეკიდა პასუხი კითხვაზე - მისცემდნენ თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად ხელახლა დარეგისტრირების საშუალებას, ნოემბრის არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ. რუმინელი სამართალდამცავების მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯებით, ამის შანსი კიდევ უფრო შემცირდა.

10 მნიშვნელოვანი რამ, რაც ჯორჯესკუზე უნდა იცოდეთ

  1. ევროსკეპტიციზმი. ჯორჯესკუს მისი კრიტიკოსები ტიპურ ულტრამემარჯვენე პოპულისტად მიიჩნევენ. ის ევროკავშირს რუმინეთის სუვერენიტეტისა და ეკონომიკისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
  2. სუპერსკეპტიკოსი. ჯორჯესკუ არა მხოლოდ პოპულისტი ნაციონალისტია, არამედ არაერთი შეთქმულების თეორიის თუ უცნაური განცხადების გამხმოვანებელი. მაგალითად, მას ეჭვი ეპარება, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანების მიერ არის გამოწვეული, რომ COVID-19 ვირუსი საერთოდ არსებობდა, და რომ ამერიკელები მთვარეზე ნამდვილად დასხდნენ; მისი აზრით, გამაგრილებელ სასმელებში Fanta და Pepsi ნანო-ჩიპებია დამალული, რომლებიც სასმლის დალევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში აღწევენ.
  3. ნატოს კრიტიკა. საარჩევნო პერიოდში, ჯორჯესკუ ნატოს აკრიტიკებდა და რუმინეთში განლაგებული ნატოს ძალების მიუხედავად, ამბობდა, რომ სამხედრო ალიანსი მისი ქვეყნის დაცვის რეალური გარანტორი არ იყო.
  4. პრორუსულობა. ჯორჯესკუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქათინაურები არაერთხელ მიუძღვნა, როგორც „თავისი ქვეყნის პატრიოტს” და ლიდერს, რომელსაც საკუთარი ქვეყანა „უყვარს”. პირველი ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ, პუტინის მხარდამჭერმა განცხადებამაც არ დააყოვნა: 2 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებაზე ირონიულად თქვა: „ერთ-ერთი კანდიდატი ხელისუფლებას არ მოეწონა, ამიტომ ხმების ხელახლა დათვლა გადაწყვიტესო“.
  5. უკრაინა – „გამოგონილი სახელმწიფო”. პირველი ტურის წინ, ულტრამემარჯვენე ლიდერმა უკრაინას „გამოგონილი სახელმწიფო” უწოდა და მისი მიწების მეზობლებს შორის გადანაწილებაც არ გამორიცხა, მათ შორის გარკვეული რეგიონები „დიდ [ისტორიულ] რუმინეთშიც” უნდა აღმოჩენილიყო. არჩევნების წინ, ჯორჯესკუ ამომრჩეველს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას ჰპირდებოდა და ასევე უკრაინული მარცვლეულის რუმინეთში იმპორტის მკაცრი მოწინააღმდეგე იყო.
  6. ფერმერების უფლებების ქომაგი. ჯორჯესკუ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობასა და რეგიონების წვრილი მეწარმეების ინტერესებს; ის ამ ორ საკითხსაც ევროკავშირსა და უკრაინულ ექსპორტთან დაპირისპირებაში განიხილავს.
  7. „ამერიკული მხარდაჭერა”. მიუხედავად ტრამპის გარემოცვისგან ბოლო პერიოდში მიღებული მხარდაჭერისა, რუმინელი ულტრამემარჯვენე ლიდერი ამერიკული მხარდაჭერის გაზვიადებაში იყო შემჩნეული. მაგალითად, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ, ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრებად იყო მიწვეული, თუმცა ამჯობინებდა, არ წასულიყო – მტკიცება, რომელიც მომდევნო დღეს რუმინეთში აშშ-ის ელჩმა უარყო. მანამდე, დეკემბერში, მისმა გუნდმა გამოაცხადა, რომ რობერტ კენედი უმცროსი, ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაციის წევრი, რომელსაც იმ დროს საპრეზიდენტო კამპანია ტრამპის სასარგებლოდ უკვე შეწყვეტილი ჰქონდა, ბუქარესტში საკუთარი წიგნის რუმინული გამოცემის წარსადგენად ჩავიდოდა, რომლის წინასიტყვაობის ავტორი ჯორჯესკუ იყო. მიუხედავად დაპირებისა, ასეთი ვიზიტი არ შედგა.
  8. ფაშისტური კავშირები. ჯორჯესკუ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების წინააღმდეგ დანაშაულში მხილებული რუმინელების, იონ ანტონესკუს და კორნელიუ ზელეას მაქებარია. ამის გამო 2022 წელს მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა, თუმცა მალევე შეწყდა. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რუმინელი ფაშისტი ლიდერების ქების გარდა, ამ წელს გამოვლინდა ჯორჯესკუს კავშირი ულტრამემარჯვენე მილიტარისტულ ჯგუფებთან, რომლებიც საკუთარი წევრების ფიზიკური და იდეოლოგიური მომზადებისთვის ბანაკებს აორგანიზებდნენ.
  9. „ანტისისტემური” კანდიდატი და გაეროს „ყოფილი მაღალჩინოსანი”. ჯორჯესკუ საკუთარ თავს პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე ლიდერად წარმოაჩენს; თუმცა, მის თანამებრძოლთა შორის არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, მათ შორის – გადამდგარი სამხედრო პირები, ყოფილი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები. ამავდროულად, ის გარკვეული პერიოდი გაეროს თანამშრომელიც იყო. მოგვიანებით, ჯორჯესკუ გაეროს აქტიური კრიტიკოსი გახდა, ოღონდ ისე, რომ საკუთარ თავს გაეროს ყოფილ სტაჟიან მაღალჩინოსნად წარმოაჩენდა.
  10. დაუსაბუთებელი ქონება. ჯორჯესკუს უძრავი ქონება, რომლის ნაწილი ავსტრიაშია, ეჭვებს ბადებს მის კორუფციულ შემოსავლებზე. ადგილობრივმა მედიამ 2011-2021 წლებში ავსტრიაში მისი ცხოვრების პერიოდში ვერ გაარკვია, რა საქმიანობას ეწეოდა.

რამდენად დამაჯერებელია არჩევნების შედეგების გაუქმების მიზეზი და ჯორჯესკუს დევნა

„თუ თქვენი დემოკრატია უცხოეთიდან შეკვეთილი რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ონლაინ რეკლამით შეიძლება განადგურდეს, მაშინ ის იმთავითვე არ ყოფილა ძალიან ძლიერი”, განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვენსმა.

თავად ჯეი დი ვენსი, რომელმაც კონფერენციაზე რუსეთის რუმინულ არჩევნებში ჩარევა ეჭვქვეშ დააყენა, დღემდე იზიარებს შეთქმულების თეორიას, რომ დონალდ ტრამპს 2020 წელს არჩევნები გაუყალბეს.

რასაც ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე „მყიფე ეჭვები“ უწოდა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბრის დასაწყისში სარწმუნოდ მიიჩნია და არჩევნების პირველი ტურის შედეგები გარე ძალების ჩარევის საბაბით გააუქმა.

სასამართლო ქვეყნის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს ცნობებს დაეყრდნო, რომლის მიხედვით რუმინეთი არჩევნების პერიოდში „აგრესიული ჰიბრიდული რუსული ქმედებების“ – მათ შორის, ონლაინმანიპულაციების და 85,000-ზე მეტი კიბერთავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა. ონლაინმანიპულაციების მთავარი პლატფორმები TikTok-ი და მესენჯერი Telegram-ი იყო.

რუმინული დოკუმენტების მიხედვით, ჯორჯესკუს დასახმარებლად TikTok-ზე 25,000 ანგარიში იყო აქტიური და დამატებით, მისი პოპულარიზაციისთვის, TikTok ინფლუენსერებიც დაიქირავეს. ამაში დახარჯული თანხები, რუმინული გამოძიების მიხედვით, არც TikTok-ის რეგულაციებით გაკონტროლდა და არც ქვეყნის კანონმდებლობით გაწერილ დეკლარაციებში აისახა.

ევროპული ციფრული მედიის ობსერვატორიის მიხედვით, რუმინეთში TikTok-ს თითქმის 9 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

რუმინეთში საიდუმლოების გრიფი მოხსნეს დოკუმენტებს საპრეზიდენტო კანდიდატ ჯორჯესკუს შესახებ

მიუნხენში გამოსვლისას ვენსის მტკიცება, რომ რუმინულმა სასამართლომ გადაწყვეტილება „კონტინენტური მეზობლების უზარმაზარი ზეწოლით” მიიღო, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის განხეთქილების მორიგი გამოძახილი იყო. განხეთქილება არ შეიმჩნეოდა ვენსსა და რუსეთის მთავრობებს შორის: ამ განცხადების შემდეგ, ორიოდე კვირაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უკან „ევროპული ტოტალიტარულ-ლიბერალური ელიტა“, ევროკავშირი იდგა.

ვენსის განცხადებებმა ჯორჯესკუს მომხრეების და ევროკავშირისადმი არაკეთილგანწყობილი სხვა რუმინელი პოლიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

მათ შორისაა ულტრამემარჯვენე პარტიის „რუმინელთა ალიანსი ერთობისთვის” თავმჯდომარე, ჯორჯე სიმიონი. მისმა „ალიანსმა” დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებით საკუთარი წარმომადგენლობითობა გაზარდა. ამის შედეგად, სხვა ორ პარტიასთან ერთად, რუმინეთის წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც მემარჯვენე პოპულისტების ძალა 30 პროცენტზე მაღალია. ამ თვეში, სამივე ძალამ დროებით დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც რუმინეთის სამხედრო ძალებს რუსული დრონების ჩამოგდების უფლებას მისცემდა. უკრაინის წინააღმდეგ წარმართული ფართომასშტაბიანი ომის პერიოდში, რუსეთის დრონები არაერთხელ დაეცნენ რუმინეთის ტერიტორიაზე; ბოლო შემთხვევა თებერვალში მოხდა.

რუმინეთის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე 8 კვირა რჩება. ქვეყანას ამისთვის მზადება გაუქმებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პროევროპული კოალიციური მთავრობის პირობებში და ტრადიციული მოკავშირე ქვეყნის მთავრობიდან წამოსული კრიტიკის ქარცეცხლქვეშ უწევს. 1 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ამჟამად რუმინეთს სოციალ-დემოკრატების, ორი მემარჯვენე ლიბერალური პარტიის – ეროვნულ-ლიბერალური პარტიის და რუმინეთის ხსნის კავშირის – და უნგრელი უმცირესობის პარტიის კოალიცია მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯესკუ უპარტიო კანდიდატი იყო, სიმიონის პარტია „რუმინელთა ალიანსი ერთობისთვის” განმეორებით არჩევნებში მას მხარს უჭერდა და ჯორჯესკუსთვის სისხლის სამართლის ბრალდებების წაყენების შემდეგ, 1 მარტს, ბუქარესტში მრავალათასიანი მიტინგიც გამართა პრეზიდენტობის კანდიდატად მისი დარეგისტრირების მოთხოვნით.

პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე აშშ-ს ტრადიციულ პარტნიორ ქვეყანას, ისევე როგორც თავად სამხედრო ალიანსს, უკვე პრობლემები შეუქმნა: განმეორებით ჩასატარებელი არჩევნების გამო, ნატოს რუმინეთში დაგეგმილი სხვა, უფრო დიდი წვრთნების, „დაკიური გაზაფხული 2025”-ის, გადადება მოუწია, ხოლო ეკონომისტის „დემოკრატიის ინდექსმა“ რუმინეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ რიგში შეიყვანა. ევროპულ ქვეყნებს შორის, რუმინეთი მსგავსი გაუარესების დინამიკის მქონე ერთადერთი ქვეყანა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის, ასეთები ის და საქართველო აღმოჩნდნენ.

სამხედრო წვრთნების გადადება შეიძლება არაფერი აღმოჩნდეს იმასთან შედარებით, რასაც ჯორჯესკუს გამარჯვება უქადდეს რუმინეთის უსაფრთხოებას. ბევრ რუმინელს გაცნობიერებული აქვს ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა ამ თვის დასაწყისში აღნიშნა: თუ დასავლეთი პუტინს უკრაინაში ვერ შეაჩერებს, „ის უდავოდ გადაიტანს თავის ყურადღებას მოლდოვაზე და შესაძლოა, შემდეგ რუმინეთზეც”. 4 მაისს გამოჩნდება, მაინც რამდენი რუმინელი იზიარებს ამ შიშს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG