Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიორი, უფროსი ლეიტენანტი, პრაპორშჩიკი - რუს მოფარიკავეთა დელეგაცია თბილისში


თბილისში ჩამოსული რუსი მოფარიკავე, მაიორი სოფია ველიკაია 2016 წელს ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა.
თბილისში ჩამოსული რუსი მოფარიკავე, მაიორი სოფია ველიკაია 2016 წელს ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო [22-30 ივლისს] პირველად მასპინძლობს. თბილისში 158 ქვეყნის 1800-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა, მათ შორის - რუსეთიდან. რუს მოფარიკავეებს, წლების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება პირველად სწორედ თბილისში ეძლევათ.

რუსეთის დელეგაციაში 24 სპორტსმენია, ნაწილი - სამხედრო ჩინით. ისინი რუსეთის ძალოვან უწყებებთან, შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობენ და ეხმარებიან რუსეთის არმიას უკრაინასთან ომში; დაახლოებული არიან რუსეთის ხელისუფლებასთან, ფოტოებზე პოზირებენ პუტინთან ერთად.

თბილისში ჩამოსული რუსი მოფარიკავეების ერთი ნაწილი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ "არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს" [ЦСКА]-ს წარმოადგენს. სანქცირებული არიან უკრაინის სახელმწიფოს მიერ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პორტალზე - War&Sanctions, მითითებულია, რომ “ЦСКА-ს სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებზე ფაქტობრივად წარმოადგენენ აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს”, რადგან ЦСКА ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლებსა და ვეტერანებს; რუსი სამხედროებისთვის ყიდულობს სპეციალურ ტექნიკას, FPV-დრონებს, გენერატორებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს. მათ დიდი წვლილი აქვთ ახალგაზრდების კრემლის ყაიდის “სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაში”.

ვის მასპინძლობს თბილისი?

საქართველოში ჩამოსული რუსი სპორტსმენების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ღია წყაროებიდან შეაგროვა.

არმიის მაიორი სოფია ველიკაია

საგანგებო ყურადღების ცენტრშია 40 წლის სოფია ველიკაია, ЦСКА-ს წარმომადგენელი, სახელგანთქმული მოფარიკავე - არაერთგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი - მაიორის სამხედრო წოდებით. ის მოქმედი სამხედროა და, ფაქტობრივად, ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში - ეხმარება რუს სამხედროებს.

სოფია ველიკაია პრეზიდენტმა პუტინმა 2016 წელს დააჯილდოვა პირველი ხარისხის მედლით - "სამხედრო სიმამაცისთვის", 2018 წელს - პუტინის საარჩევნო კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი გახდა.

„ვლადიმირ ვლადიმირის ძეს [პუტინს] უკავშირდება ჩემი მთელი სპორტული წლები... ვიდრე ის მართავდა ქვეყანას, მე ჩემს სპორტულ სიმაღლეებს ვიპყრობდი“, - ამბობდა ველიკაია რუსეთის პრეზიდენტზე.

შოიგუ და ველიკაია
შოიგუ და ველიკაია

რუსი სპორტსმენი ამაყობს, რომ სანქცირებულია უკრაინის მიერ.

პუტინის ნდობით აღჭურვილი იანა ეგორიანი

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი, 31 წლის იანა ეგორიანი - რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტია, ასევე ЦСКА-ს რიგებიდან.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, იანა ეგორიანი თბილისშია დაბადებული.

2018 და 2024 წლებში, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს - ეგორიანი მონაწილეობდა წინასაარჩევნო აგიტაციაში. 2018 წელს იყო პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი.

იანა ეგორიანი [მარჯვნივ]
იანა ეგორიანი [მარჯვნივ]

იანა ეგორიანი რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯანმრთელი მამულის“ ელჩია. ეს ორგანიზაცია ღონისძიებებს მართავს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2024 წლიდან „მეგობრობის მსოფლიო თამაშების“ ელჩია. ამ სპორტული ღონისძიების გამოგონებით, მსოფლიოსგან იზოლირებულ რუსეთში, პუტინმა ოლიმპიური თამაშების ჩანაცვლება სცადა.

უფროსი ლეიტენანტი კამილ იბრაგიმოვი

მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, 32 წლის კამილ იბრაგიმოვი, ღია წყაროების თანახმად - უფროსი ლეიტენანტია, ასევე ЦСКА-ს შემადგენლობიდან.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან ჯილდო მასაც აქვს მიღებული.

კამილ იბრაგიმოვი
კამილ იბრაგიმოვი

უკრაინული წყაროები იბრაგიმოვს უწოდებენ კრემლის პროპაგანდისტს, რომელიც ხელს უწყობს აგრესიის გავრცელებასა და თავდასხმებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

პრაპორშჩიკი ოლგა ნიკიტინა

ტიტულიანი რუსი მოფარიკავე, 27 წლის ოლგა ნიკიტინა - 2021 წლიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების პრაპორშჩიკია.

ნიკიტინა, 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ნეველის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი უკვე ოლიმპიური [ჯგუფური], მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

შოიგუ და ნიკიტინა
შოიგუ და ნიკიტინა

რიგითი ძმები - კირილ და ანტონ ბოროდაჩოვები

24 ივლისს, დილიდან რუსეთის ფარიკაობის ფედერაციამ ვერცხლის მედალი მიულოცა რუს მოფარიკავე კაცს, სამარაში დაბადებულ, 25 წლის კირილ ბოროდაჩოვს - ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს.

ЦСКА-ს წარმომადგენელი, კირილ ბოროდაჩოვი ახლა იკეთებს სამხედრო კარიერასაც. ჯერ ის მხოლოდ შეიარაღებული ძალების რიგითია, მაგრამ, კოლეგების მსგავსად, ყველაფერი წინ აქვს.

ბოროდაჩოვი დააჯილდოვა რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მედლით - „საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისთვის“.

მსგავსი ბიოგრაფია აქვს მის ძმას [სავარაუდოდ - ტყუპისცალს], ანტონ ბოროდაჩოვს, რომელიც ასევე მონაწილეობს თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში.

ისიც ЦСКА-ს წარმოადგენს - ჯერჯერობით რიგითი ჯარისკაცის სტატუსით. შოიგუმ იმავე ტიპის მედლით ანტონ ბოროდაჩოვიც დააჯილდოვა. უკრაინის სახელმწიფომ ორივეს დაუწესა სანქციები.

როგორ მოხვდნენ რუსი სპორტსმენები თბილისში?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუს სპორტსმენებს საერთაშორისო დონის შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ან საერთოდ არ ჰქონდათ, ანდა ჰქონდათ - ინდივიდუალურად, არა ჯგუფურად - ნეიტრალური სტატუსით. ასე იყო მსოფლიო ჩემპიონატებზეც:

  • 2022 წელს, კაიროში - რუსი მოფარიკავეები არ დაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე;
  • 2023 წელს, მილანში - მხოლოდ 7 რუსი მოფარიკავე დაუშვეს - “ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენების” სტატუსით. მათ შორის არ იყო არცერთი სახელგანთქმული სპორტსმენი.
  • 2024 წელს, დუბაიში - რუსეთი არ იყო მონაწილეებს შორის.


რუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით, ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. თუმცა ნეიტრალურ სტატუსს ყველას არ აძლევდნენ და არც ყველა იყო თანახმა, რომ მიეღო.

სასიხარულო ამბავი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს მაისში აცნობა - მათ ნეიტრალური სტატუსით [არა ქვეყნის სახელითა და დროშით] გუნდური ასპარეზობის უფლება მისცეს. ასე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზეც - 2025 წლის ივნისში, იტალიის ქალაქ გენუაში.

თუმცა FIE-მა უფლება ყველას მაინც არ მისცა.

საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატზე არ დაუშვა სამხედრო ჩინის მქონე სპორტსმენები, მაგალითად, სოფია ველიკაია და იანა ეგორიანი.

უკვე ივლისის დასაწყისში, თბილისის ჩემპიონატამდე ორიოდე კვირით ადრე, ეს შეზღუდვაც მოიხსნა. როგორც რუსეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, „FIE-მ შეისმინა რუსეთის მხარის მოსაზრებები, რომ ფარიკაობისთვის სამხედრო ჩინი - ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა და გასცა ნებართვები“.

სამხედრო ჩინი არ არის ფარიკაობის სპორტული სტანდარტის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ასეთი პრაქტიკა ძირითადად მხოლოდ რუსეთს აქვს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ეს საკითხი აქტუალური არ ყოფილა.

“ჩვენი სპორტსმენები ბრუნდებიან საერთაშორისო სარბიელზე - ეტაპობრივად, მცირე პარტიებით. ძნელი დასაჯერებელია, რომ სოფია ველიკაია უკვე 6 წელია არ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატებში... საბედნიეროდ, ახლა შეიცვალა ეს წესი”, - ეუბნება რუსეთის მედიას რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ილგარ მამედოვი.

FIE-მ არ გაითვალისწინა ათობით ქვეყნის ასეულობით სპორტსმენის საპროტესტო წერილი. რუსეთის მედიაში ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის საქართველო დასახელებული არ არის. თუმცა ამ წერილს ხელს აწერს რამდენიმე ქართველი მოფარიკავე.

სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს

ოკუპანტი ქვეყნიდან სამხედრო ჩინოსანთა დელეგაციის მიღებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მათ ეს შეურაცხყოფად აღიქვეს, როგორც პირადად, ასევე - საქართველოს სახელმწიფოსთვის.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ - მისთვის ცნობილია რუსი სპორტსმენების სამხედრო კარიერის შესახებაც, თუმცა საგზურები მათ, არა საქართველომ, არამედ FIE-მ მიანიჭა და, როგორც აღნიშნავს, საქართველო ვალდებულია უმასპინძლოს ყველა სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობაზეა დაშვებული.

“სპორტი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს”, - ამბობს ბაზაძე.

რუსი მოფარიკავეებისთვის შეზღუდვის გაუქმებას ხმაური მოჰყვა უკრაინაში, რომელიც, უკვე მეოთხე წელია, რუსეთის სამხედრო თავდასხმას იგერიებს.

„ეს არის სილის გაწვნა არა მხოლოდ უკრაინელი სპორტსმენებისთვის, არამედ მთელი გლობალური სპორტული საზოგადოებისთვის“, - უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხაილო ილიაშევის განცხადებას დოიჩე ველე ციტირებს. - „ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ რუსეთის სპორტსმენების ნეიტრალურობაზე შემოწმება ფარსი იყო".

ტიტულიანი უკრაინელი მოფარიკავე, ოლგა ხარლანი ფეისბუკზე წერს, რომ სპორტი და პოლიტიკა სწორედაც რომ ახლაა შერწყმული ერთმანეთთან, როდესაც რუს სამხედროებს - კრემლის პროპაგანდისტებს - სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებას ეძლევათ.

საერთაშორისო ასპარეზობებზე სამხედრო ჩინოსანი რუსი სპორტსმენების დაბრუნებას მიაწერენ რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ალიშერ უსმანოვის ზეგავლენას. ის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და "პუტინის საყვარელ ოლიგარქსაც" უწოდებენ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, უსმანოვი თბილისში ჩამოსვლას გეგმავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG