Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული კანონების აღსრულება დაიწყო“ - რა ინფორმაციას ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო ორგანიზაციებისგან


ანტიკორუფციულმა ბიურომ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას 2024 წლიდან არაერთი დოკუმენტისა და პირადი ინფორმაციის შემცველი დეტალების მიწოდება მოსთხოვა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას 2024 წლიდან არაერთი დოკუმენტისა და პირადი ინფორმაციის შემცველი დეტალების მიწოდება მოსთხოვა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში სხვადასხვა თემატიკაზე მომუშავე, ამ ეტაპზე ხუთ სამოქალაქო ორგანიზაციას, მოსთხოვა 2024 წლიდან მიღებული გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

მოთხოვნილ ინფორმაციას შორისაა პირადი მონაცემები: გრანტის გაცემის შემდეგ გათვალისწინებული სამუშაო გეგმა, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, მონაწილეებისა და ბენეფიციარების პირადი ინფორმაცია (პირადი ნომრები), აქტივობის ამსახველი ფოტოვიდეომასალა და სხვა დეტალები.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაციას არ გადასცემენ, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მიღებული ახალი კანონმდებლობა დაუმორჩილებლობისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მიმართვისა და სასამართლო განჩინების სამართლებრივ საფუძვლად ამ შემთხვევაში დასახელებულია არა „აგენტების კანონი“ ან „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, არამედ ახლახან მიღებული „გრანტების კანონი“.

პირველი ხუთეული

სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას, რომელთა სამუშაო სფეროები და სპეციფიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან:

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - არჩევნების სადამკვირვებლო და ანტიკორუფციულ/დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია. მისი აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური
  • „საფარი“ - ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ფონდი, რომლის დირექტორია ბაია პატარაია;
  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ - ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელიც ჯორჯ სოროსის ფონდის გლობალური ქსელში ცვლილებების შემდეგ, 2024 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელია ქეთი ხუციშვილი;
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) - ანალიტიკური-კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს მკვლევრებსა და ყოფილ დიპლომატებს. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად მასპინძლობს თბილისში ცნობილ საერთაშორისო კონფერენციას, „თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“, რომელზეც 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის პირებიც ესწრებოდნენ. EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორია ნინო ევგენიძე.
  • „საქართველოს მომავლის აკადემია“ - 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს; ამჟამად ატარებს ლექციების სერიებს „ფენიქსის ორდენის“ სახელით. აღმასრულებელი დირექტორია მარი კაპანაძე, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კი ალექსანდრე ზიბზიბაძე („ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი).

რას ითხოვენ ბანკებისგან

ანტიკორუფციულმა ბიურომ 11 ივნისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ამ ხუთი ორგანიზაციისგან ინფორმაციის მიღებისათვის განჩინების გამოცემა მოითხოვა. საქმე დაეწერა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ობოლაძეს.

ბიუროს სასამართლოსადმი მიმართვის დოკუმენტი საჯარო არ არის, - ის არც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღიათ.

თუმცა, რადიო თავისუფლებამ იხილა მოსამართლე ობოლაძის განჩინება, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა ინფორმაციის გაცემას ავალდებულებენ არასამთავრობოებს.

განჩინების თანახმად, ინფორმაციას სთხოვენ ყველა კომერციულ ბანკს, შემოსავლების სამსახურსა და ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისგან ითხოვენ ორგანიზაციების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 11 ივნისამდე პერიოდში განხორციელებულ ტრანზაქციებს.

ინფორმაცია, ბაზრის დომინანტი „თიბისი“ და „საქართველოს ბანკის“ გარდა, გამოთხოვილია „პეივ ჯორჯიასგან“, „ქართუსგან“, „პეისერასგან“, „პაშა ბანკისგან“ და სხვებისგანაც.

ამონარიდი მოსამართლის განჩინებიდან
ამონარიდი მოსამართლის განჩინებიდან

განჩინების ერთ-ერთი ადრესატი არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ამ უწყებისგან ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს:

  • იმავე პერიოდში (2024 წლიდან) ორგანიზაციების მიერ „გამოწერილი და მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებს“;
  • ორგანიზაციების მიერ „გადახდის წყაროსთან დაკავებული განაცემების შესახებ ინფორმაციას“.

რას ითხოვენ ორგანიზაციებისგან

ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება, - რაც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან.

ჩამონათვალი, ვისთან დადებულ ხელშეკრულებებს სთხოვენ, ასეა დაკონკრეტებული:

  • საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
  • სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი;
  • საფინანსო საკრედიტო ინსტიტუტი;
  • უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა უცხოეთში;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
  • აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლიდან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება;
  • ასევე, ასეთ დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

ბიურო NGO-ებს სთხოვს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციასთან თუ პირთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმავე პერიოდში დადებული ყველა ხელშეკრულების, შეთანხმების თუ მათში ცვლილების ფარგლებში დადებულ სხვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებას.

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე
რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე

არასამთავრობოებს სთხოვენ ასეთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:

  • სამუშაო გეგმას;
  • თანხების გაცემის გრაფიკს;
  • საგრანტო ბიუჯეტის დეტალურ პროექტს;
  • მის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს;
  • მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;
  • ხელშეკრულების კონტრაქტის შუალედური და საბოლოო ანგარიში („ნარატიული ანგარიში“)
  • ინვოისები;
  • მიღება-ჩაბარების აქტები;
  • საგადახდო დავალებები;
  • ხარჯთაღრიცხვის ცნობები;
  • ხელფასის უწყისები;
  • ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია - საქმიანობის აღწერა, მიზანი, განხორციელების თარიღი, ადგილი, დრო, ბენეფიციარები, მონაწილე პირების მითითებით;
  • დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
  • სთხოვენ ასევე „შესაბამისი კორესპონდენციისა და მასთან დაკავშირებული მიმოწერის ამსახველ ინფორმაციას, თუ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება კორესპონდენციის სახით“;
  • მოთხოვნილია ორგანიზაციების სოციალური ქსელების მისამართები და ამ ქსელების ხარჯები.

„რუსული კანონების აღსრულება დაიწყო“

„ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“, - ასე შეაფასეს ორგანიზაციებმა დღეს, 18 ივნისს, მიღებული მოთხოვნები.

„ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას“, - თქვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა.

მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია ეხება „წამების მსხვერპლებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, მეწარმეებს, მამხილებლებს, ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს“.

ქეთი ხუციშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
ქეთი ხუციშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

„ყველა იმ ადამიანის პირად ნომრებს, სახელებს, გვარებს, ფოტოსურათებს, ფინანსურ და საბანკო ინფორმაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გვთხოვენ, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია“, - თქვა ხუციშვილმა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“, - განაცხადა მან.

რა ელით ორგანიზაციებს?

ორგანიზაციებისთვის ცხადია, რომ ბოლო პერიოდის ცვლილებებისა და, ცვლილებების კვალდაკვალ, ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებების მიზანი აქტიური ორგანიზაციების ფუნქციონირების შეჩერება და დადუმებაა.

„ვაპირებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა. არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ რუსულ კანონებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია“, - განაცხადა EPRC-ის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ 18 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების ფონდში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იქნება ბოლომდე, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება გვემუქრებოდეს ამ გზაზე“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ „უკანონო გადაწყვეტილებების“ პირობებში პატიმრობის რისკი.

„პრინციპში, ამისთვისაც მზად ვართ“, - თქვა ქეთი ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე.

„წიგნები გვაქვს გადადებული“, - თქვა დარბაზიდან ერთ-ერთმა დამსწრემ.

„საფრთხის მიუხედავად, ვართ ერთიანები“

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების დევნაა:

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ რაღაცა ჩართულობის უკან არ დგას ის ინტერესი, რომ მართლაც გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი… მიზანი, რა თქმა უნდა, არის სისხლის სამართლებრივი დევნა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ მიზანს ისახავს და ამაში არის ჩართული ანტიკორუფციული ბიურო, მისი ხელმძღვანელის სახით, რაც ხდება კოორდინირებულად სასამართლოსთან ერთად“, - თქვა მან.

„თქვენს ყურადღებას ამჯერად აღარ გავამახვილებთ ისეთ დეტალებზე, როგორიც არის ის, თუ რატომ არის უკანონო ეს წერილები, - ეს დასაბუთება ეგრეთ წოდებული სასამართლოსი შეიცავს ძალიან ბევრ უკანონო და ანტიკონსტიტუციურ მსჯელობას. სამართლებრივი ნაწილი არის სრულიად გაუმართავი ამ ყველაფრის, ამ პროცედურის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

„კიდევ ერთხელ: გვესმის, რომ მიზანი არის სწორედაც სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხეც არ უნდა ემუქრებოდეს სექტორს, ჩვენ ვართ ერთიანები იმაში, რომ არცერთ სახელმწიფო უწყებას, რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, არ გადავცემთ იმ ინფორმაციას, რაც თქვენ გვანდვეთ, რადგან თქვენ მოხვედით ჩვენთან იმისათვის, რომ გვენდობოდით, როგორც მსხვერპლები, ადამიანები, რომლებიც ითხოვდით დახმარებას. ჩვენ ამ ინფორმაციას დავიცავთ“, - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა.

გრანტების კანონი ავალდებულებს გრანტის მიმღებსაც და გამცემსაც, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტი არ გაიცეს. გრანტების კანონი - რომელსაც არასამთავრობოები უწოდებენ „ქართველი ხალხის დევნის აქტს“, - ადგენს, რომ:

  • თუ ორგანიზაციამ გრანტი თანხმობის გარეშე მიიღო − მას გრანტის ორმაგი ოდენობით დააჯარიმებენ;
  • ცრუ ინფორმაციის მიწოდება - 2000 ლარით ისჯება. განმეორებით ცრუ ჩვენება კი - 4000 ლარით დაჯარიმდება.
  • პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა 6 წელია.

ამასთან, სულ მცირე, 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს „გრანტების კანონში“ ცვლილებების პარალელურად მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), - რომელიც, ამერიკული ორიგინალისგან განსხვავებით, არ განარჩევს სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკური ლობიზმის შემთხვევებისაგან.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა 8 აპრილს წინასწარ ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებსაც „გრანტების კანონში“ პარტიის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ აღარ ექნებათ გრანტების მიღების უფლება.

მაჭავარიანმა მათ „არასასურველი ორგანიზაციები“ უწოდა და ამ კონტექსტში დაასახელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლებიც „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ დაადანაშაულა.

„დავიცავთ თქვენს მონაცემებს“ - გზავნილი ბენეფიციარეს

„საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის 24-წლიანი არსებობის განმავლობაში არაერთი ქალი და ბავშვი ბენეფიციარი ჰყოლია:

„ისინი ჩვენთან მოდიან უმძიმესი პირადი ისტორიებით და ამბებით. ჩვენ გვაქვს პედოფილიის, სქესობრივი ძალადობის და სხვა საშინელი დანაშაულის არაერთი საქმე. ხშირად ისინი როდესაც მოგვმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას, რადგან არ აქვთ ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენს სერვისებს იწვევენ“, - თქვა ბაია პატარაიამ.

„მე მინდა მივმართო ამ ქალებს და ბავშვებს, რომელსაც მიუღიათ ჩვენგან მომსახურება, სერვისები და მხარდაჭერა: დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენს მონაცემებს, თქვენს ისტორიებს და თქვენს ამბებს ბოლომდე დავიცავთ. ის არ ჩაუვარდება ხელში რაჟდენ კუპრაშვილს და რუსულ რეჟიმს, ჩვენ გავუფრთხილდებით ყველაფერს, რაც გვაქვს“, - განაცხადა მან.

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

„მინდა იცოდეთ, რომ „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია უკვე სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია“, - განაცხადა „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბაია პატარაიასთვისაც ცხადია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა და სასამართლოს განჩინება „მხოლოდ დასაწყისია“, თუმცა არასამთავრობო სექტორი ყველაფერს გააკეთებს თანამოქალაქეების დასაცავად:

„ისინი, რა თქმა უნდა, შეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას. ამიტომ მე მინდა ქალებს ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს ჩვენი დევნა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ მოვძებნით სხვა ზომებს. არ დავტოვებთ არავის მარტო და ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ქალების და ბავშვების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული ამ ქვეყანაში“, - თქვა მან.

არასამთავრობოები მოსამართლის განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა ნაკლებად ვარაუდობენ, რომ მათი საჩივარი დაკმაყოფილდება.

განახლება:

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა იმ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელთა შემოწმებაც ბიურომ დაიწყო 2024 წლიდან მიღებული გრანტების შესახებ კანონის საფუძველზეც.

რაჟდენ კუპრაშვილმა "მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში" დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ "თითქოს ბიუროს სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას".

--

18 ივნისს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად „ქართული ოცნება“ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ეუთო/ოდირს არ იწვევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG