Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუროგატი დედების თანხების მითვისებისთვის Kinderly Georgia-ს დირექტორი დააკავეს


არმენ მელიქიანი, დაკავების პროცესი, 1 ოქტომბერი
არმენ მელიქიანი, დაკავების პროცესი, 1 ოქტომბერი

მოკლედ

  • რას ამბობს გამოძიება?
  • რას ეუბნებოდა არმენ მელიქიანი რადიო თავისუფლებას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე?
  • რას ამბობს სუროგატი ქალების ადვოკატი?
  • სად არის კიდევ ერთი ბრალდებული?

საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი. კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს, უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

რას ამბობს გამოძიება?

პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად მიითვისეს ბიოლოგიური მშობლებისა და სუროგატი ქალების კუთვნილი 670 150 ამერიკული დოლარი:

„ბრალდებულებმა თბილისში ,,შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალ კომპანიას წარმოადგენდა. ბრალდებულები კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ რომ მოიძიებდნენ სუროგატ დედებს და სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.

ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670 150 აშშ დოლარზე მეტი თანხა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არმენ მელიქიანსა და რუსლან ტიმოშენკოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

საქართველოში დასაქმებულ უცხოელ სუროგატ დედებსა და კომპანია Kinderly-ს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე, რადიო თავისუფლება ბოლო რვა თვის განმავლობაში წერდა.

დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე, რომლებიც კომპანია Kinderly-მ კუთვნილი ჰონორარის გარეშე დატოვა, შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

მანამდე, კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული სუროგატი ქალები პოლიციასა და პროკურატურაში თითქმის ყოველკვირა წერდნენ საჩივრებს, თუმცა სამართალდამცავები მხოლოდ მათი გამოკითხვით შემოიფარგლებოდნენ და ინტერესი სუროგატი დედების მიმართ ამით სრულდებოდა.

რადიო თავისუფლებამ მოამზადა ვრცელი რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ სუროგატი ქალები საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე დაკეტილ ჰოსტელში შეასახლეს. ქალები რადიო თავისუფლებასთან ამბობდნენ, რომ მათი საკვები ძირითადად მაკარონიანი წვნიანი, ბრინჯი და წიწიბურა იყო. ისინი წუხდნენ, რომ მშობიარობის შემდეგ ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები მათ მიმართ ყურადღებას აღარ იჩენდნენ.

რადიო თავისუფლება წერდა იმაზეც, რომ რამდენიმე სუროგატმა ქალმა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო საშვილოსნო დაკარგა.

მიმდინარე წლის მაისში, სახელმწიფომ Kinderly-ს მიერ დაქირავებულ რამდენიმე სუროგატ ქალს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა. ეს იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფომ მუდმივმოქმედი მექანიზმის საშუალებით გამოავლინა სუროგატი დედების ექსპლუატაციის ფაქტი და სუროგატ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.

8 თვის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ათეულობით სუროგატი ქალი გამოიკითხა.

რას ეუბნებოდა არმენ მელიქიანი რადიო თავისუფლებას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე?

იმის შესახებ, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს, მათ შორის, ძირითადად უცხოელებს, თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს და ქალები გართულებული ჯანმრთელობით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცდილობდნენ თავის გატანას, რადიო თავისუფლება 2025 წლის თებერვლის დასაწყისიდან წერს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადიო თავისუფლება ცდილობდა დაკავშირებას კომპანიის დამფუძნებლებთან, როგორც რუსლან ტიმოშენკოსთან, ისე არმენ მელიქიანთან.

რუსლან ტიმოშენკომ 2025 წლის თებერვლის ბოლოს რადიო თავისუფლებას წერილობით უპასუხა და დაადასტურა, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები. ის ამბობდა, რომ პარტნიორთან [არმენ მელიქიანთან] ერთგვარი უთანხმოება არსებობდა „ფინანსური რეზერვებისა და ფინანსების არაკვალიფიციურად გადანაწილების გამო“.

რადიო თავისუფლება თებერვალშიც და მას შემდეგაც, არაერთხელ შეეცადა Kinderly Georgia-ს გენერალურ დირექტორთან, არმენ მელიქიანთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

მასთან დალაპარაკება რადიო თავისუფლებამ გამოძიების დაწყებიდან თითქმის ექვსი თვის თავზე, მას შემდეგ მოახერხა, რაც შევიტყვეთ, რომ არმენ მელიქიანმა ახალი რეპროდუქციული სააგენტო დააფუძნა და სუროგაცია-დონაციის ახალი პროგრამა წამოიწყო.

მას 24 სექტემბერს ახალი სააგენტოს, Super Kinder-ის ოფისში შევხვდით. სააგენტოს პრეზენტაციას ის ამ დღეებში გეგმავდა.

48 წლის სომეხი ბიზნესმენი არმენ მელიქიანი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნებოდა, რომ ფინანსური პრობლემები, რომლებიც კომპანია Kinderly-ს შეექმნა და რომელთა გამოც ათობით სუროგატი ქალი საბოლოო ჰონორარის გარეშე დარჩა, მის სახელს არ უკავშირდება.

ის ამბობდა, რომ კომპანიის ფინანსური მართვა უკრაინელი პარტნიორის, რუსლან ტიმოშენკოს ხელში იყო, ბიოლოგიური მშობლების ჩარიცხული თანხები კი უკრაინის ოფისის ანგარიშზე მიემართებოდა და ამ თანხის განკარგვასა თუ ხარჯვაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსლან ტიმოშენკო იყო:

„რუსლან ტიმოშენკომ თქვენ რამდენიმე თვის წინ გითხრათ, რომ ფინანსური პრობლემები თანხის არაკვალიფიციურმა გადანაწილებამ და პარტნიორთან უთანხმოებამ წარმოქმნა. მე მაქვს კითხვა, ვინ განაგებდა კომპანიაში შემოსულ ფინანსებს? - რუსლან ტიმოშენკო თავის მეუღლესთან ერთად.

მე ამ კომპანიის გეოპოლიტიკაზე ვზრუნავდი, ვფიქრობდი ახალი ფილიალების გახსნაზე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი კლინიკებთან, ფასების პოლიტიკას ვამუშავებდი.

ძალიან ადვილია ახლა ჩემზე ხელების შეწმენდა. რატომ? იმიტომ რომ მე ხომ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ვიყავი...

პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან. ხომ ხედავენ, ხომ სწავლობენ ფინანსურ დოკუმენტაციას. მე აქ ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ.

ყველაზე ძლიერი გამომძიებლები აწარმოებენ ჩემს გამოკითხვებს, მე არაფერი მაქვს დასამალი, მე ვარ სუფთა, მე ვარ სამუშაო ადგილების შემქმნელი, მე ვარ გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი“, - ამბობდა არმენ მელიქიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე.

სუროგატი ქალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას მიმდინარე წლის 2 ივნისს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიენიჭა. თუმცა კომპანია Kinderly-ს გენერალური დირექტორი, ამ ეტაპზე, დიდი რაოდენობით თანხების მითვისების მუხლითაა დაკავებული.

რას ამბობს სუროგატი ქალების ადვოკატი?

სუროგატი ქალების ადვოკატი, კომპანია „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, საქმეში ტრეფიკინგის მუხლი კვლავ გაჩნდეს:

„ამ ეტაპზე, როგორც გამომძიებელმა მითხრა, არსებული მტკიცებულებებით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იქნა მოკვლეული, გამოიკვეთა დიდი ოდენობით თანხის მითვისების დანაშაული და შეიცვალა საქმეზე კვალიფიკაცია, თუმცა ეს არის გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ბრალი, გამოძიება კვლავ გრძელდება და იმედი მაქვს, რომ გამოძიების ფარგლებში კვლავ დადგინდება ტრეფიკინგის მუხლიც.

დღეს არსებული ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, ითვალისწინებს დიდ საპატიმრო სანქციას და შეიძლება ითქვას, რომ პასუხობს იმ დანაშაულს, რაც ამ კომპანიამ სუროგატი ქალების წინაშე ჩაიდინა“.

რაც შეეხება დაზარალებული ქალებისთვის კუთვნილი თანხების ანაზღაურების საკითხს, ნინო ანდრიაშვილი ამბობს:

„სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ამისთვის ახლა სუროგატმა ქალებმა უნდა მიმართონ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელის წესით.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არმენ მელიქიანი გადაწყვეტს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, ამ შემთხვევაშიც, საჭირო იქნება მსხვერპლების თანხით დაკმაყოფილება. თუკი მას სურს, რომ დიდი ხნით არ ჩაჯდეს ციხეში და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, მან უნდა აუნაზღაუროს სუროგატ ქალებს დავალიანებები.

საპროცესო შეთანხმება გულისხმობს დანაშაულის აღიარებას და მსხვერპლების თანხით დაკმაყოფილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ, ერთი მხრივ, მსხვერპლებმა მიიღონ კუთვნილი თანხები და ამავე დროს, ამ ადამიანმა პასუხი აგოს საპატიმრო სასჯელითაც. საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებს როგორც სასჯელის გარეშე შეთანხმებას, ასევე შეთანხმებას რეალური სასჯელით. საპროცესო შეთანხმების მზაობის შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ მას დაეკისროს რეალური სასჯელიც. ეს არ იქნება პირობითად 11 წელი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 2 წელი, პლიუს თანხების ანაზღაურება“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

სად არის კიდევ ერთი ბრალდებული?

რადიო თავისუფლებისათვის ცნობილია, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 21 თებერვალს უთხრეს, ანუ მაშინ, როდესაც გამოძიება საქმეზე დაწყებულიც კი არ იყო. დოკუმენტის თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლებამ მაშინ მოიპოვა, საქართველოში შემოსვლაზე უარი მას მიზეზის დაკონკრეტების გარეშე უთხრეს.

წყაროს ინფორმაციით, ტიმოშენკოს უარი საქართველოში შემოსვლაზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ უთხრეს, რაც ჰქონდა მცდელობა, რომ სუროგატი ქალები აფხაზეთიდან შემოეყვანა. დაარღვია თუ არა რუსლან ტიმოშენკომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ეს ჩვენთვის უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG