Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავს ვგრძნობთ, როგორც სახლში“ - რუსული საზაფხულო არდადეგები ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ოკუპირებულ აფხაზეთსა და ანექსირებულ ყირიმში ყოველწლიურად მილიონობით რუსი ტურისტი ჩადის.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ანექსირებულ ყირიმში ყოველწლიურად მილიონობით რუსი ტურისტი ჩადის.

მოკლედ

  • რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბალბიუჯეტიანი დასვენების გამო ჩადიან - ქურდობა, საკვებით მოწამვლა და უხარისხო მომსახურება იაფი საზაფხულო არდადეგების თანმდევი რისკია.
  • ანექსირებულ ყირიმში სერვისსა და პირობებსაც უჩივიან, თუმცა იქ, დამატებით, რუს დამსვენებლებს სიმშვიდეს უკრაინული დრონების შეტევები ურღვევს.

„ეს სამოთხეა“, „თავს ვგრძნობთ, როგორც სახლში“ - რუსი ტურისტები ამ ზაფხულსაც მრავლად არიან ოკუპირებული აფხაზეთის მოუწესრიგებელ სანაპიროსა თუ ანექსირებულ ყირიმში, სადაც პლაჟებზე დრონების გადაფრენისა თუ აფეთქების ხმა ლამის ყოველდღე ისმის.

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის ცაზეც გამოჩნდნენ, მაგრამ, როგორც რუსი ტუროპერატორები წერენ, ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზე დე ფაქტო რესპუბლიკაში.

რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში სახმელეთო, სარკინიგზო, საჰაერო გზებით ჩადიან და მალე უკვე საზღვაო ტრანსპორტითაც შეძლებენ ჩასვლას.

თუმცა ზაფხულში სამგზავრო ბილეთები დეფიციტური და ძვირია; აფხაზეთს კი უფრო დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ, ხშირად - საკუთარი ავტომობილებით.

„დღეს რუსეთში ტურიზმის მიმართ ინტერესი შემცირებულია, რადგან ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. მაღალი პროცენტის გამო ხალხი ბანკებში დებს ფულს და მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებზე ხარჯავს დარჩენილ თანხებს... [სიტუაციის გამოსწორების] ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს... წელს ბევრი ტურისტი ჩამოვიდა [რუსეთიდან], სავარაუდოდ, მაჩვენებელი ისეთივე იქნება, როგორც 2024 წელს ან გადააჭარბებს კიდეც, მაგრამ, აი, ფინანსური შედეგი ალბათ უფრო ნაკლები იქნება“, - უთხრა კრემლის მედიასაშუალება "სპუტნიკს" რუსეთის ტურკომპანიის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელმა სერგეი კოსილოვმა. ის ამბობს, რომ სასტუმრო ნომრების დიდი ნაწილი მაინც ცარიელია და შეუძლებელია იმდენი ტურისტის მიზიდვა, რამდენიც აფხაზეთში სურთ.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ფსოუ“
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ფსოუ“
  • რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წელს აფხაზეთს 1,5 მილიონი რუსი სტუმრობდა; ხოლო 2023 წელს მათი რიცხვი 1,4 მილიონი იყო. აქ დათვლილია მთლიანად ვიზიტორების რიცხვი.
  • სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2023 წელს სასტუმროებში 830 000 ადამიანი დაბინავდა და მომდევნო წელსაც - დაახლოებით ამდენივე.
  • 2023 წელს აფხაზეთი რუსებისთვის ყველაზე პოპულარული კურორტების სამეულში შედიოდა. 2024 წელს კი - ხუთეულში მეხუთე ადგილს იკავებდა. ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.


2025 წლის ტურისტული სეზონის მაჩვენებლებს ოქტომბერში შეაჯამებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დამსვენებლებს ძირითადად დაბალი ფასები იზიდავს. „ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპაში“, - ამბობენ კმაყოფილი რუსი ტურისტები, მაგრამ ბევრს მაინც ძალიან ეძვირება.

  • საშუალოდ 6-8 ათასი რუბლია [200-270 ლარი] სასტუმროს ნომრის ერთი ღამით დაჯავშნის საშუალო ფასი; თუმცა ადგილობრივები ოთახებს 30-50 ლარადაც აქირავებენ.
  • 600 რუბლია [20 ლარი] მოკრძალებული სადილი რესტორანში, ერთ ადამიანზე.


„აფხაზეთში არ უყვართ ღარიბი რუსები“, „თუ ბევრ ფულს არ ხარჯავ, არაფრად გთვლიან“, - რუსი ტურისტები სოციალურ ქსელებში გამოხატავენ უკმაყოფილებას.

“3 კაპიკით წახვედით და 5-ვარსკვლავიან სერვისს ელოდებოდით?” - პასუხობენ მათ, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან.

„თქვენი 5-ვარსკვლავიანი სერვისი ერთ ვარსკვლავსაც ვერ ქაჩავს“, „მდიდარი მანდ რატომ ჩამოვა?!“ “თუ უნდათ ფული დავხარჯოთ, სერვისი გაზარდონ. სერვისი აქვთ ნულოვანი”; “ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველა აფხაზს გავყრიდი რუსეთიდან”, - არის საპასუხო რეაქციები.


რუსი ტურისტები აფხაზეთში
რუსი ტურისტები აფხაზეთში

პრეტენზიები მრავალგვარია. ზოგი სასტუმროში და დაქირავებულ ბინებში გაძარცვეს, ზოგს ტრანსპორტში და სანაპიროზე დაეკარგა ფული, ჩანთები, სხვა ნივთები.

„იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, სანაპიროზე. დანაშაულის დონე აფხაზეთში საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით გავრცელებულია ქურდობა, ძარცვა, ხულიგნობა, თაღლითობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სადგომზე დატოვებული ავტომანქანები“, – აფრთხილებენ ტუროპერატორები რუსეთის მოქალაქეებს.

აფრთხილებენ ასევე, რომ აფხაზეთში მაღალია მოწამვლის რისკი. სასმელი წყლითა და საკვებით მოწამვლას ბევრი უჩივის.

მარია წერს, რომ მთელი ოჯახი მოეწამლა, ბავშვებიც და გაგრაში "უვიცმა" ექიმებმა ვერაფერი გაიგეს. სხვები უხსნიან, რომ აფხაზეთის სანაპიროზე ზღვაში კანალიზაციის მილებიდან სიბინძურე ჩაედინება და იოლია ზღვის წყალთან ერთად ნაწლავის ჩხირის გადაყლაპვა.

ზღვის წყალთან ფრთხილად რომ უნდა იყვნენ, ამისკენ ხალხს ტუროპერატორებიც მოუწოდებენ.

  • 2024 წელს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სასტუმრო „როსიას“ შესახებ. რუსული ინვესტიციებით ამუშავებული ეს 14-სართულიანი სასტუმრო ფეკალურ მასებს პირდაპირ ზღვაში უშვებდა.
  • სპეციალისტები პათოგენური ბაქტერიების სიმრავლით შექმნილ სახიფათო გარემოზე ლაპარაკობდნენ.


რუს ტურისტებს კიდევ ბევრი რამ არ მოსწონთ: საზღვარგარეთის ბარათებით ვერ იხდიან ფულს, თან უნდა ატარონ რუსული რუბლები; არ არის ინტერნეტი ან ძალიან სუსტია; ფიჭური კავშირგაბმულობა ხარვეზიანია; ელექტროენერგია ხშირად ითიშება; სასწრაფოს ვერ იძახებენ, რადგან მათი სადაზღვევო პოლისი ამ ხარჯს არ ფარავს; ირგვლივ სიბინძურეა, ქუჩები ნაგვით არის სავსე; ტრანსპორტი გაუმართავია, საკუთარი მანქანებით კი - უსაფუძვლო ჯარიმებს უწერენ.

სოცქსელებისგან განსხვავებით, ტელეგადაცემებში უმეტესობა ჰყვება, რომ აფხაზეთის სანაპიროზე თავს გრძნობენ, “როგორც საკუთარ სახლში”, “სტუმართმოყვარეობა საოცარია”, “მზე დიდებულია”.

“აფხაზეთი პატარა მთიანი ქვეყანაა, შავი ზღვის სანაპიროზე, ცნობილი თერმული და მინერალური წყაროებით…უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, ველური ბუნება - ეს აფხაზეთია. ეს არის ადგილი, სადაც თქვენ დატკბებით მზით, მიირთმევთ წვნიან მწვადს, ფერად ჩურჩხელებს და მერე დიდხანს შეიგრძნობთ ამ ქვეყნის არომატს. სერვისის დონე ისეთი მაღალი არ არის, როგორც სოჭში, მაგრამ ზღვა ხომ არავის გაუუქმებია…” - ასე ეპატიჟება ერთ-ერთი რუსული კომპანია ტურისტებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ და შემდეგ "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებულ საქართველოს რეგიონში.

დასვენება ომში

„იმიტომ, რომ ყირიმი ჩვენია!“ – ყირიმში რუსი ტურისტები სულ სხვა განწყობით ისვენებენ. 2014 წელს ანექსირებულ უკრაინის ნახევარკუნძულზე ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, „საკუთარ სახლში“ გრძნობენ თავს.

მათ არ აშინებთ ავტომობილების გრძელი რიგები, შესასვლელშიც და გამოსასვლელშიც, როცა ლოდინი ზოგჯერ 6-7 საათის განმავლობაში უწევთ - ვიდრე რუსი სამხედროები მათ ავტომობილებს გაჩხრეკენ და საბუთებს შეამოწმებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად უტევენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს ანექსირებულ ყირიმში. ამ დროს რუსეთის მხარე ყირიმის [ქერჩის] ხიდს კეტავს და ზომებს ამკაცრებს. ასე დგება უსაშველო რიგები.


ავტომობილების მგზავრები 20, 35 და 41-კილომეტრიან რიგებშიც მდგარან. ამბობენ, რომ ლოდინი არ უჭირთ, უფრო სიცხე და სასმელი წყლისა თუ საპირფარეშოს ხელმიუწვდომლობა აწუხებთ. სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ურჩევენ, როგორ მოემზადონ ხანგრძლივად მსგავს ვითარებაში გასაძლებად.

20 აგვისტოს ყირიმის გამოსასვლელ გზაზე, ქერჩის მხარეს, მანქანების ხერგილი 15 კილომეტრის სიგრძის იყო და 13:00 საათისთვის უსაფრთხოების პროცედურების გავლას 1500-ზე მეტი ავტომობილი ელოდებოდა.

ამას წინ უსწრებდა ФСБ-ს ინფორმაცია ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი „ტერორისტული აქტის“ აღკვეთის შესახებ, როცა ტექსტში საქართველოც ფიგურირებდა.

თუმცა რუსეთის ტუროპერატორებისთვის საყურადღებო ის უფრო აღმოჩნდა, რომ 20 აგვისტოს ყირიმში შესასვლელ გზაზე ავტომანქანების ნაკადი შემცირებული იყო. „ეს მიანიშნებს, რომ შვებულებების სეზონი მთავრდება, ხოლო ხავერდოვანი სეზონის დამსვენებლები ჯერ არ არიან გზაში“, - წერს რუსეთის მედია.

ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მოქალაქეების დასვენების სიმშვიდეს უკრაინული დრონები არცთუ იშვიათად არღვევენ. აფეთქებების ხმაც ხშირად ისმის, ზოგჯერ საკმაოდ ახლო მანძილიდან. ამ დროს წამოიშლებიან ხოლმე დამსვენებლები პლაჟიდან, კივილ-წივილით გარბიან და გზადაგზა ვიდეოსაც იღებენ. ხმაური მიყუჩდება და ერთიანად უბრუნდებიან სანაპიროს.

რაკეტის ნამსხვრევების ჩამოცვენა „უჩკუევკის“ პლაჟზე. 2024 წლის ივნისი
რაკეტის ნამსხვრევების ჩამოცვენა „უჩკუევკის“ პლაჟზე. 2024 წლის ივნისი

სხვადასხვა სტატისტიკით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ყირიმში სამჯერ მეტი ტურისტი ჩადიოდა. 2024 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ დანიშნული მმართველი, სერგეი აქსენოვი, აღნიშნავდა, რომ ნახევარკუნძულს წლის დასაწყისიდან უკვე 3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, ხოლო სეზონის პიკში, ივლისში, მილიონზე მეტი დათვალეს. ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ყირიმის ერთგული არიან. მაინც მოდიან. დიდი მადლობა მათ“ , - ამბობდა აქსენოვი.

ამ ვითარებაში რუსეთის მოქალაქეები ყირიმში კომფორტსაც ითხოვენ. აწუხებთ დანგრეული სანაპირო ინფრასტრუქტურა, წარწერები - "წყალში შესვლა აკრძალულია". აქაც ბევრი პრეტენზია უკავშირდება საკანალიზაციო მილებიდან ფეკალური მასების პირდაპირ ზღვაში ჩადინებას. ყირიმში ხშირად გათიშულია ინტერნეტი, ვერ იხდიან უცხოური საბანკო ბარათებით.


რუსი ტურისტები აფხაზეთში. 2020 წელი
რუსი ტურისტები აფხაზეთში. 2020 წელი

რუსეთის ხელისუფლება ყირიმში დამსვენებლებს ჰპირდება, რომ ყველაფერს მოაწესრიგებს, რაც კარგი ამბავი სულაც არ არის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის.

რუსეთის ტურკომპანიის ხელმძღვანელი სერგეი კოსილოვი ამბობს, რომ როცა რუსეთი ყირიმის განვითარებას დაიწყებს, აფხაზეთის კურორტებს ზრუნვა და ყურადღება კიდევ უფრო მოაკლდება; ტურისტულმა სექტორმა განვითარება საკუთარი ძალებით უნდა სცადოს და ამ აზრს აფხაზებიც უნდა შეეგუონ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG