Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აზრზე არ ვარ, დაზღვევა იყო თუ არა“ - რატომ არ აქვთ მოვაჭრეებს ბაზრებში არც უსაფრთხოება და არც დაზღვევა? 


დამწვარი ბაზრობა, 30 აპრილი, 2025 წელი.
დამწვარი ბაზრობა, 30 აპრილი, 2025 წელი.

დანახშირებული დახლები და გამწარებული მოვაჭრეები, რომლებმაც აღარ იციან მერამდენედ დაიწყონ ცხოვრება თავიდან - ყოველ წელს ხან ერთ ბაზარს ეკიდება ცეცხლი, ხან მეორეს.

ასე დაიწვა „ბავშვთა სამყარო“, ლილოს ბაზრობის ნაწილი, „ჩინური სავაჭრო ცენტრი“, „საბა“, ისნის და ელიავას ბაზრობები... მხოლოდ 2012-2018 წლებში 18 სავაჭრო ობიექტი განადგურდა. რატომ გახდა არის ასეთი რთული ერთი მხრივ უსაფრთხოების დაცვა, მეორე მხრივ კი ბიზნესის დაზღვევა მოვაჭრეებისთვის?

„რა გახდა ბოლოს და ბოლოს სახანძრო უსაფრთხოების გაკეთება? ჯერ ერთხელ დაიწვნენ, მერე „ბავშვთა სამყაროში“ დაიწვნენ, შემდეგ იქვე გადაიყვანეს და საეჭვო ვითარებაში ისევ დაიწვნენ. ხან ელექტროგაყვანილობას ბრალდება, ხან იმას, ხან ამას. რა ვერ გაიმართა? გადაიყვანეს ეს ხალხი და ისევ სათაგურში შეიყვანეს?“ - კითხულობს ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი.

რას ნიშნავს სახანძრო უსაფრთხოება?

ბორჯომის ბაზრობაზე“ ხანძარი 30 აპრილის ღამეს გაჩნდა. ცეცხლმა დილამდე 15 000 კვ.მ. გადაბუგა და მოვაჭრეთა სავარაუდო შეფასებით მილიონობით ლარის ქონება, ოფიციალურად ზარალი ჯერ არ დათვლილა. საქონლისგან მხოლოდ ნაცარი დატოვა. ამ ბაზრობაზე ბევრი 2017 წელს დამწვარი „ბავშვთა სამყაროდან“ იყო გადმოსული. ბანკის ვალითა და ნისიით ვაჭრობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ აქ მაინც უსაფრთხოდ იყვნენ.

„საღამოს 7 საათზე გავდიოდით ბაზრიდან, ღამე ითიშებოდა შუქი, მხოლოდ საკონტროლო ნათურები რჩებოდა, ის სხვა კაბელზე იყო“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელსაც გულწრფელად ვერ გაუგია ცეცხლი რამ გააჩინა

მეორე გვიყვება, რომ ადგილზე ცეცხლმაქრებიც ჰქონდათ, ელექტრობაც გამოცვალეს. ბაზრობას დაცვაც ჰყავდა. რაც მოხდა ამას ნამდვილად არ ელოდა.

„მე ბავშვის ტანსაცმელი მქონდა ლილოში ნისიაზე აღებული, სადღაც 50 ათასი ლარის. ახლა უნდა გადავიხადო ფული და რით რა გავაკეთო? ქმარი პენსიონერი მყავს, არ მუშაობს. რაღაც მაინც გადაგვიხადოს სახელმწიფომ, დაზარალებულები ვართ“, - ამბობს მოვაჭრე და სახელის თქმას ერიდება, სადმე წინ არ დამხვდესო.

ტერიტორია, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა, „თბილისი ცენტრალს“ „საქართველოს რკინიგზისგან“ 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული. თავის მხრივ, ეს ადგილი ქვეიჯარით აიღო და ბაზრობა მოაწყო შპს „ბაქანმა“.

დამწვარი ბაზრობა
დამწვარი ბაზრობა

ხალხი ადმინისტრაციას არ უჩივის - „თვითონ დაზარალებულები არიანო“ - გვეუბნებიან მოვაჭრეები. არადა, პროფკავშირების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ნიკა კაკაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის დამსაქმებელი, ის, ვინც ბაზრობას განკარგავს, ანუ ადმინისტრაცია.

„სახანძრო უსაფრთხოებაზე ცალკე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს დანიშნული. მან დასაქმებულებს უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი, თუ როგორ მოიქცნენ ხანძრის შემთხვევაში. პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს და პერიოდულად შეამოწმოს მისი გამართულობა“, - ამბობს კაკაშვილი.

სახანძრო უსაფრთხოება მხოლოდ ცეცხლმაქრს და ახალ კაბელს არ გულისხმობს. მთავრობის 370-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია თუ რა უნდა გაკეთდეს სავაჭრო ტერიტორიების ცეცხლისგან დასაცავად. ჩამონათვალი გრძელია და ბევრ პუნქტს შეიცავს, მაგალითად:

  • საყოფაცხოვრებო ქიმიის საქონელი, ლაქები, საღებავები, გამხსნელები, ავტოზეთები და სხვა უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სპეციალიზებულ განყოფილებებში ან სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში.
  • ნარჩენებისა და შესაფუთი მასალებისთვის კონტეინერები გავსებისთანავე სავაჭრო ობიექტის გარეთ უნდა გაიტანონ.
  • თუ ბაზრობა შენობაშია, რიგებს შორის უნდა იყოს თავისუფალი გასასვლელი ევაკუაციისთვის. ასევე თავისუფალი უნდა იყოს კიბეები და საევაკუაციო გასასვლელები.


რატომ არ აზღვევენ ბაზრობებს?

იყო თუ არა ჩადებული ხელშეკრულებაში ზარალის რამე სახით ანაზღაურება, ან დაზღვევა? რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე ბევრმა მოვაჭრემ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ისიც კი ვერ გაიხსენა, ხელშეკრულება ჰქონდა თუ არა შენახული.

„პროდუქტი დამეწვა, 1000-1500 ლარის. აზრზე არ ვარ დაზღვევა იყო თუ არა. მე არ დამიზღვევია, არც არავის მოუწოდებია, დააზღვიეო“, - ჰყვება ბოსტნეულით მოვაჭრე.

„ტანსაცმელი მქონდა 70 ათასი ლარის. ჩვენ ჩეკს ვიხდიდით მხოლოდ, კვადრატულში 250 ლარს, მე ორი კვადრატი მქონდა. ხელშეკრულებაც მქონდა, მაგრამ უსაფრთხოებაზე რა ეწერა არ მახსოვს“, - გვეუბნება კიდევ ერთი.

დამწვარი ბაზრობა
დამწვარი ბაზრობა

რუსუდან წოწონავა, რომელსაც ბაზრობაზე ასობით ათასი ლარის საქონელი დაეწვა ამბობს, რომ თავის დროზე დაზღვევის გაფორმება ვერ შეძლო.

„ჩემს კონკრეტულ დახლს ვერ ვაზღვევდი. ყველაფერი ნორმაში უნდა იყოსო. გვყავდა მოყვანილი და რომ გადახედეს, აქ ვერ დაგაზღვევთო, ყველამ უარი გვითხრა“.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მზია ბუჩუაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა კერძო პირები - ანუ მოვაჭრეების ბიზნესი არა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მოვაჭრეებს არ აქვთ ხელთ ბაზრის ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და არ იციან, ითვალისწინებდა თუ არა კონტრაქტი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას ბაზრის უსაფრთხოებაზე. არც ის, რა პირობებით აქვს ბაზრის ადმინისტრაციას ტერიტორია დაზღვეული და ვის ეკისრება ზიანის ანაზღაურება.

ცენტრი აცხადებს, რომ ამ პირობებში არსებითია, ბაზრის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნოს ყველა რელევანტური ხელშეკრულება და კითხვებს პასუხი გასცეს.

რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ ბაზრობების გაუთავებელი ხანძარი, რომლის გამოც უკვე ასობით ადამიანი გაუბედურდა, სადაზღვევო სისტემის მონოპოლიზების შედეგია.

„სადაზღვევო სისტემა ზარალის 80 პროცენტს მაინც უნდა ანაზღაურებდეს. არავინ დააზღვია, რადგან სადაზღვევო სისტემა ჩვენთან ბიუროკრატიულ ეშელონებთან არის დაკავშირებული. ურჩევნიათ საჯარო სექტორი ან მსხვილი კომპანიები დააზღვიონ და საბიუჯეტო სახსრები მიიღონ. ვხედავთ, რომ ხელისუფლების ცვლილებისას ზოგი სადაზღვევო კომპანია ქრება, ახლად გაჩენილი კი იღებს სამინისტროების დაზღვევას სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ მარტივ ფულს მიაჩვევ, ის რისკს აღარ გაწევს. სადაზღვევო სისტემა მონოპოლისტურია ბანკებთან ერთად, რატომ გასცა ბანკმა მოვაჭრეებზე კრედიტი დაზღვევის გარეშე? ბანკსაც არ აინტერესებს დიდად ამ ადამიანების უბედურება“, - ამბობს რამაზ გერლიანი.

ეკონომისტი ეგნატე შამუგია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კომერციული საქმიანობა თავისთავად რისკს მოიცავს და ამ პროცესში ჩარევა საჯარო პოლიტიკის საქმე არ არის.

„მესმის, რომ სადაზღვევო ბაზარი საქართველოში არ არის კარგად განვითარებული, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ბაზრობებზე რა მდგომარეობაა. როდესაც მაღალი რისკია, ბუნებრივია, სადაზღვევო ორგანიზაცია არ დააზღვევს. ეს იგივეა მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ადამიანი მივიდეს და ითხოვოს, დამაზღვიეთო. დააზღვევენ?“ - კითხულობს ის.

საქართველოში მოქმედებს ქონების სავალდებულო დაზღვევის წესი, ამ შემთხვევაში დაზღვევის ლიმიტი 15 ათასი ლარია. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თანხა უკვე აღარ არის საკმარისი და უნდა გაიზარდოს. თუმცა, ამ შემთხვევაში კი მსგავსი დაზღვევა მხოლოდ წვრილ მოვაჭრეებს თუ დააკმაყოფილებს, ვისაც ბაზრობაზე მხოლოდ დახლი აქვს და არა საქონლით გატენილი საწყობები.

„ბაზრობები რომ დაიწვებოდა, მერე აღმოჩნდებოდა, რომ იქ ადამიანებს მაღაზიები აქვთ მილიონიანი, ნახევარ მილიონიანი. ასეთმა ხალხმა უნდა იზრუნოს და თავად უნდა დააზღვიოს თავის საქონელი. კიდევ უკეთესი იქნება, თუ გაერთიანდებიან. თუ სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს, ესე იგი რაღაც ისეთ ხედავს, რაც სარისკოა. მოვაჭრემ უნდა გაიგოს, რატომ არ აზღვევს კომპანია და მიუტრიალდეს დამქირავებელს, მოსთხოვოს მოაწესრიგოს. რატომ მიდიან ისეთ ადგილას, სადაც სადაზღვევო ეუბნება, მე არ დაგაზღვევო?! ვინ უნდა გიშველოს? მთავრობამ? მთავრობამ მიხედა მცირე მოვაჭრეებს, ვისაც უბრალოდ დახლები აქვს. დახლი ერთია და საწყობი სულ სხვა რამ არის. საწყობს რომ ქირაობ, უნდა გაარკვიო, იქ სიგნალიზაცია არის? წყალი არის? უსაფრთხოება არის?“ - ამბობს დაზღვევის ექსპერტი დევი ხეჩინაშვილი.

ხანძრიდან ორიოდე დღეში მოვაჭრეები მივიდნენ თბილისის მერიაში, სადაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მათ დახმარებას დაჰპირდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ უზრუნველყოს დაზარალებულებისთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილების გამოყოფა, ბანკებთან შუამდგომლობა და იმ ადამიანების დახმარება, ვინც შემოსავალი მთლიანად დაკარგა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG