ნერმინ კატიჩი ყოველი წლის ივლისში შვედეთიდან სამშობლოში, ბოსნიაში ბრუნდება, რათა გააღოს ოჯახის ძველი, მაგრამ ამჟამად ცარიელი სახლის კარი. ნერმინი სამი ათწლეული ელოდა ძმის ნეშტის პოვნას. დედამისმაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები შვილის ნეშტის ძებნაში გაატარა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ვერაფერს მიაკვლია.
„რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს იმედმა? მეშინია, მანამდე არ დავკარგო, ვიდრე სხვა სამყაროში გადავალ“, - განუცხადა ნერმინ კატიჩმა თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს.
„არ არის გვამი. არ არის სამართალი და ამბავიც დაუსრულებელია. ეს არის ისტორია, რომელიც დაუსრულებლად ტანჯავს კატიჩსა და ბოსნიაში მცხოვრებ ათასობით სხვა ოჯახს 30 წლის განმავლობაში ანუ მას შემდეგ, რაც ბოსნიელი სერბების ძალებმა 8000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს სრებრენიცაში“, - ვკითხულობთ რადიო თავისუფლების ბალკანური რედაქციის რეპორტაჟში.
1995 წლის ივლისში სრებრენიცის მახლობლად დახვრეტილთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემების მიხედვით, 8372 ადამიანი შეადგინა. თუმცა ეს რიცხვი ჯერაც არ არის საბოლოო: მსხვერპლთა გვამებს, რომლებსაც ბულდოზერებით აყრიდნენ მიწას, კვლავ პოულობენ საერთო სამარხებში; მათი იდენტიფიცირების მცდელობები დღემდე გრძელდება. ხოლო ვისი ამოცნობა და დატირებაც მოხერხდება, მათ ყოველი წლის 11 ივლისს, სრებრენიცის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, მემორიალურ სასაფლაოზე კრძალავენ. ტუზლის მახლობლად მდებარე უზარმაზარ მაცივარ-მორგში დღემდე ასეულობით ამოუცნობი სხეული ინახება.
სრებრენიცაში ბოსნიის სერბული რესპუბლიკის („რეპუბლიკა სრპსკას) არმიის ჯარისკაცები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, საგანგებოდ შერჩეულ ადგილებში, რამდენიმე დღის განმავლობაში მეთოდურად ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას - ბოსნიელ მუსლიმებს, რომლებიც დასახვრეტად 10-10- კაციანი პარტიებით გაჰყავდათ. „ხოცავდნენ ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 65 წლამდე“, - ნათქვამია ჰააგის ტრიბუნალის დოკუმენტებში, რომელთა მიხედვითაც, დასახვრეტებს წინასწარ ფილტრავდნენ, გამოარჩევდნენ ქალებისა და მოხუცებისგან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალი გადაურჩა სიკვდილს.
ძველი პირადობის მოწმობა - ფატა ბექტიჩის ბოლო კვალი
1995 წლის ზაფხულში სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ოკუპირებული სრებრენიციდან გაქცეულმა 67 წლის ფატა ბექტიჩმა და მისმა ოჯახმა პოტოჩარს მიაშურა, რათა თავი შეეფარებინათ გაეროს სამშვიდობო ბაზისათვის.
11 ივლისს, სრებრენიცის „დაცემის“ შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფატამ თავის ქმართან და სამ ქალიშვილთან ერთად დატოვა მშობლიური სახლი, რომელიც სრებრენიციდან ათ კილომეტრში მდებარეობს. როგორც რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის თანამშრომელი მარია აუგუსტინოვიჩი წერს, ოჯახს გეზი ჰქონდა აღებული აკუმულატორების ქარხნისკენ, სადაც ჰოლანდიური ბატალიონის მებრძოლები იყვნენ განლაგებულნი, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ მოახერხა პოტოჩარში ჩასვლა, ფატას გარდა.
„ტყით მივდიოდით, დედაჩემი ცხენზე იჯდა. სწორედ იმ დროს, როცა ბაზისკენ დაშვებას ვაპირებდით, ჭურვი აფეთქდა და მიწამ დაგვფარა. დედაჩემი ცხენიდან გადმოვარდა. ადგილზე გარდაიცვალა“, - იხსენებს ფატას ქალიშვილი ბეჰია როტიჩი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, დახმარებისთვის გაეროს ბაზას მიმართეს. პოტოჩარიდან მოსულმა კაცებმა დედამისი იქვე დამარხეს.
„წავედით, რომ ვინმე გვეპოვა, რომ დაუმარხავი არ დაგვეტოვებინა. ოთხი ადამიანი გამოგზავნეს. იქვე ღობესთან დამარხეს. ვკანკალებდი და ვტიროდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი დავკარგე. მაგრამ უნდა გაგვეგრძელებინა ბაზისკენ მიმავალი გზა“, - ამბობს 58 წლის ბეჰია.
ფატა ბექტიჩის ნეშტს პოტოჩარის მახლობლად მდებარე საფლავში 2021 წლის ივნისში მიაკვლიეს, ხოლო დნმ-ის ტესტირება და იდენტიფიკაცია მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა.
2025 წლის 11 ივლისს, სრებრენიცის გენოციდის 30 წლისთავზე, ფატას ნეშტი, კიდევ ექვსი მუსლიმის ნეშტთან ერთად, პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ფული ასანთის კოლოფიდან
1995 წლის ივლისში სრებრენიცაზე თავდასხმის დროს, სერბთა რესპუბლიკის ძალებმა 8000-ზე მეტი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს, 25000-ზე მეტი ქალი, ბავშვი და მოხუცი კი იძულებით გადაასახლეს.
11 ივლისის წინა ღამეს, აღმოსავლეთ ბოსნიაში მდებარე ამ პატარა ქალაქიდან, რომელიც „რესპუბლიკა სერბსკას“ ძალებმა აიღეს, ათასობით მცხოვრები გაიქცა ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარე გაეროს ბაზისკენ. კიდევ ერთი დღის შემდეგ, სერბთა არმიამ ბაზაზეც დაამყარა კონტროლი. მამაკაცები ცალკე გაიყვანეს, ქალები, ბავშვები და მოხუცები კი ავტობუსითა და სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ბეჰიამ, მისმა ორმა დამ და მამამ ერთ-ერთ სატვირთო მანქანაში ასვლა მოახერხეს.
„ჩემს ბაბუას ასანთის კოლოფში 300 გერმანული მარკა ჰქონდა, რამაც მანქანაში ჩასხდომის შესაძლებლობა მოგვცა და ჩვენც გადავრჩით“, - ამბობს ბეჰია.
30 წლის შემდეგ, ყოფილ იუგოსლავიაში გაცემულ პირადობის მოწმობაში ჩაკრული გაყვითლებული ფოტო ბეჰიას დედის, ფატას, ერთადერთი სახსოვარია. მათი საგვარეულო სახლი სრებრენიცაში ჯერაც არ აღუდგენიათ.
ბოსნია და ჰერცეგოვინის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ინსტიტუტის მონაცემებით, პოტოჩარის მემორიალურ ცენტრში ამჟამად გენოციდის 6765 მსხვერპლია დაკრძალული, მათ შორის 27 ქალი. ყველაზე ახალგაზრდა ფატიმა მუჰიჩია, დაბადებული 1995 წლის 13 ივლისს, ხოლო ყველაზე უფროსი 1901 წელს დაბადებული შაჰა იზმირლიჩი.
სიკვდილი კოლონაში
1995 წლის 11 ივლისს, ათასობით მამაკაცმა, იმის შიშით, რომ გაეროს ბაზისკენ წასვლის შემთხვევაში მათ აუცილებლად დახოცავდნენ, ტყის გავლით გეზი აიღო ტუზლისკენ, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
კოლონაში მხოლოდ ერთი ქალი იყო: 22 წლის ჰასიმა, რომელიც ქმართან და ძმასთან ერთად ცდილობდა განსაცდელისთვის თავის დაღწევას.
"მამაკაცების უმეტესობამ ტყეს მიაშურა, მათ შორის რამდენიმე ქალიც იყო. თუმცა ჰასიმამ უარი თქვა პოტოჩარში გაეროს ბაზაზე წასვლასა და ჩვენთან მოგზაურობაზე. არ ვიცი, ამას სიკვდილი ვუწოდო თუ ხსნა“, - განუცხადა მისმა ძმამ, ჰასიბ შპიოდიჩმა რადიო თავისუფლებას.
სერბთა რესპუბლიკის თავდასხმის შედეგად კოლონა ორ ნაწილად გაიყო. ჰასიმა და მისი ქმარი დაიღუპნენ, მათი ცხედრები 1996 წელს იპოვეს და პოტოჩარში, მემორიალურ ცენტრში დაკრძალეს.
„ჩაგვისაფრდნენ. თავდასხმის შემდეგ ერთმანეთი დავკარგეთ. როგორც ჩანს, ღამით გზა აებნათ და ტყვედ ჩავარდნენ. მათი ცხედრები კრავიცის ზემოთ კრაინოვიჩის რაიონში ნახეს. სავარაუდოდ, იქვე დაიჭირეს და დახვრიტეს“, - ამბობს ჰასიბ შპიოდიჩი, რომელმაც სამშვიდობოს, ქალაქ კალესიას 13-დღიანი ხეტიალის შემდეგ გააღწია.
უგზო-უკვლოდ დაკარგული ათასობით ქალი
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბოსნიის ინსტიტუტის მონაცემებით, 1992 წლიდან 1995 წლამდე ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის დროს 3838 ქალი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. ინსტიტუტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში გენოციდის დროს 59 ქალი გაუჩინარდა.
კადა ჰოტიჩმა, „სრებრენიცისა და ჟეპის ანკლავების დედების მოძრაობის“ წევრმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ძალიან რთულია იმის ზუსტად დადგენა, თუ როგორ დაიღუპა ესა თუ ის ქალი.
„თითოეული ისტორია უნიკალურია. ბევრი წაიყვანეს, გოგონები გააუპატიურეს და შემდეგ დახოცეს... ბევრი გზაში დაიღუპა. გადარჩენილები ტრავმას ატარებენ და მათი ტკივილის აღწერა რთულია. ეს სიკვდილზე უარესია“, - თქვა კადა ჰოტიჩმა.
1995 წლის 11 ივლისი
სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა (1995 წლის 11 ივლისი) - ხორვატიისა და ბოსნიის ომისა და იუგოსლავიის დაშლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სისხლიანი ეპიზოდი; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მასობრივი მკვლელობა; გენოციდის აქტი, რომელიც აღიარებულია ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალისა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ. სრებრენიცის ანკლავი, რომელიც გაერომ 1993 წლის აპრილში გამოაცხადა „უსაფრთხოების ზონად“, 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა აიღეს. საერთაშორისოდ აღიარებული ვერსიის თანახმად, ბოსნიელმა სერბებმა დახოცეს 8000 ბოსნიელი-მუსლიმი მამაკაცი, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე მერყეობდა. 2007 წელს საერთაშორისო სასამართლომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო 2009 წლის იანვარში ევროპის პარლამენტმა 11 ივლისი „სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის დღედ“ გამოაცხადა.
სრებრენიცა 3-ათასიანი ქალაქია ბოსნია და ჰერცეგოვინის აღმოსავლეთ ნაწილში. 1995 წლის ივლისში ქალაქში დაახლოებით 42 000 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 80 პროცენტზე მეტი ლტოლვილი იყო. სრებრენიცას ბოსნიელმა მუსლიმებმა ახლომდებარე 13 ქალაქიდან მიაშურეს, რადგან გაეროს ეს ქალაქი „უსაფრთხო ზონად“ ჰქონდა გამოცხადებული.
როგორც ანდრეი შარი, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის დირექტორი და ყოფილი კორესპონდენტი ყოფილ იუგოსლავიაში, წერს თავის საავტორო ბლოგში, სრებრენიცაში „გაეროს უსაფრთხოების დემილიტარიზებულ ზონას“ იცავდა გაეროს ძალების ჰოლანდიური ბატალიონი (ამ სახელით მოიხსენიებოდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაეროს შეიარაღებული მისია), რომლის მეთაური იყო ვიცე-პოლკოვნიკი ტომას კარემანსი. ბლოკპოსტებზე მდგომი „ცისფერი ჩაფხუტები“ სწრაფად დანებდნენ გამარჯვებულ სერბებს, რადგან გაეროს მანდატი მათ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა. როგორც ანდრეი შარი ამბობს, ვიცე-პოლკოვნიკმა გენერალ მლადიჩის კამპანიაში, პოტოჩარის სამხედრო ბაზაზე „მშვიდობის დამყარების“ სადღეგრძელოც კი შესვა.
„ამის შემდეგ მლადიჩმა სასიკვდილოდ განწირული „არასწორი ეთნოსის“ წარმომადგენელთა პირველი ჯგუფის ავტობუსებში ჩასხმის ბრძანება გასცა. ეს სცენა ისტორიაში შევიდა „სამარცხვინო სადღეგრძელოს“ სახელით და ის მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე აღმაშფოთებელ ეპიზოდად საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ისტორიაში“, - ამბობს ანდრეი შარი.
დამნაშავეების დასჯა
ბოლო 30 წლის განმავლობაში, სრებრენიცაში გენოციდისა და სხვა დანაშაულებისთვის ხუთ პირს მიესაჯა უვადო პატიმრობა, 50-ზე მეტს კი ჯამში დაახლოებით 780 წლით თავისუფლების აღკვეთა. გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის (აგრეთვე ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის ბოსნიის სხვა რეგიონებში) უვადო პატიმრობამისჯილთა შორის არიან რადოვან კარაჯიჩი - სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და რატკო მლადიჩი - სერბთა არმიის ყოფილი სარდალი.
ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში 1990-იანი წლების ომის დროს 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 000-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დღემდე მიმდინარეობს 7 600 ადამიანის ნეშტის ძებნა.
„[ბოსნიაში] ძალიან ცოტა ადამიანი იყო კმაყოფილი მართლმსაჯულების სისტემით“, - განაცხადა ჯანინ დი ჯოვანიმ, აღმასრულებელმა დირექტორმა ორგანიზაციისა The Reckoning Project, რომელიც აერთიანებს ჟურნალისტებსა და იურისტებს მტკიცებულებების შესაგროვებლად და ომის დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად:
„იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კლავდა, საფლავებს თხრიდა, აუპატიურებდა, ანადგურებდა სიცოცხლეებსა და ოჯახებს - ჯერ კიდევ თავისუფლად დადის ქუჩაში“.
ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგაში იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის ბრალდებას ხელმძღვანელობდა, ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი არასრული იყო.
„ვფიქრობ, საერთო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლიანობა არ აღსრულდა ან არ აღსრულდა ისე, როგორც უნდა აღსრულებულიყო“, - თქვა ჯეფრი ნაისმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ანდრეი შარი, რომელიც ესწრებოდა ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე სასამართლო პროცესს, ასევე მიიჩნევს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ არ დასჯილა.
„მახსოვს, ასამართლებდნენ მასობრივ დახვრეტებში მონაწილე 25 წლის დრაჟენ ერდემოვიჩს, - დაწერა ანდრე შარიმ თავის საავტორო ბლოგში, - ჯარისკაცს, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში, მეთაურების ბრძანებით, მინიმუმ რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანი მოკლა. გამოძიების დოკუმენტების მიხედვით, დაახლოებით 70 ადამიანი დახვრიტა. ტრიბუნალის დასკვნით, ერდემოვიჩი მოქმედებდა სასიკვდილო მუქარის პირობებში - თითქოს იძულებით და ავტომატურად აჭერდა თითს სასხლეტს, ამიტომ მას მიესაჯა შედარებით მსუბუქი სასჯელი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოიხადა. სასამართლო დარბაზში ის გამოიყურებოდა სამუდამოდ გატეხილ ადამიანად, რომელიც თვითონვე იყო შეძრწუნებული იმით, რაც ჩაიდინა. „მაგის სინანული, მის გარდა, კიდევ ვის შველის?“ - ირონიულად იკითხა ჩემ გვერდით მჯდომმა ერთმა ბოსნიელმა ჟურნალისტმა“.
მემორიალი - ხსოვნა და გენოციდის შეხსენება
მემორიალური ცენტრი პოტოჩარში დაარსდა ყოფილი ბოსნია და ჰერცეგოვინის უმაღლესი წარმომადგენლის, ვოლფგანგ პეტრიჩის გადაწყვეტილებით 2000 წლის 25 ოქტომბერს. სამი წლის შემდეგ ცენტრი, რომელიც მემორიალისა და სასაფლაოსგან შედგება, ოფიციალურად გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა.
ცენტრის გახსნისას კლინტონმა განაცხადა, რომ 1995 წლის ტრაგიკული მოვლენები იყო „გენოციდური სიგიჟის“ მწვერვალი, რომელშიც ხალხი ჩაითრიეს ძალაუფლებით შეპყრობილმა ლიდერებმა.
„ეს ომი წამოიწყეს ბოროტმა ადამიანებმა, რომლებსაც ძალაუფლების წყურვილი კლავდათ. მათ გენოციდით სურდათ ძალაუფლების განმტკიცება, მაგრამ სრებრენიცა - ეს არის ევროპაში გენოციდის დასასრულის დასაწყისი“, - განაცხადა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა.
სასაფლაოს უშუალო სიახლოვეს, სადაც დღეს გენოციდის მსხვერპლნი არიან დაკრძალულნი, 1995 წელს მდებარეობდა აკუმულატორების ქარხანა, სადაც გაეროს ავადსახსენებელი ჰოლანდიური ბატალიონის ჯარისკაცები იყვნენ განლაგებულნი. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ იყო ჩადენილი მრავალი დანაშაული და მკვლელობა, ბოსნია და ჰერცეგოვინის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა პედი ეშდაუნმა 2003 წლის 25 მარტს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ეს ტერიტორია მეხსიერების ცენტრის ნაწილად გამოცხადდა.
პოტოჩარის მემორიალური ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კვლევით საქმიანობას, მათ შორის მსხვერპლთა პირადი ნივთების შეგროვებას, მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების განაჩენების ანალიზს.
ცენტრის დირექტორმა ემირ სულიაგიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანურ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ ცენტრის მიერ ინიციირებულ პროექტებში მონაწილეობენ ის სრებრენიცელები, რომლებმაც 11 ივლისის ხოცვა-ჟლეტის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავამოწმოთ ის, რაც ჩვენ გადაგვხდა და არ დავუშვათ, რომ მსგავსი რამ განმეორდეს“, — ამბობს ემირ სულიაგიჩი.
ტუზლის მემორიალურ ცენტრში დაცულია დიდი რაოდენობით დაუდგენელ მსხვერპლთა ნეშტები და მათი პირადი ნივთები, რომლებიც საერთო სამარხებში იქნა აღმოჩენილი.
სულიაგიჩი აღნიშნავს, რომ ნეშტების შენახვაზე მნიშვნელოვანი რესურსები იხარჯება, თუმცა სივრცე უკვე საკმარისი აღარ არის. ნეშტების მემორიალურ ცენტრში გადატანის თხოვნა გაეგზავნა ბოსნია და ჰერცეგოვინის პროკურატურასა და სასამართლოს.
„დაუდგენელი მსხვერპლები და მათი ნივთები იმსახურებენ იმას, რომ სწორედ აქ მივუჩინოთ ადგილი“, — ამბობს ემირ სულიაგიჩი.
ბოლო წლების განმავლობაში გენოციდის მსხვერპლთა ნარჩენები ნანახი იქნა 80-ზე მეტ მასობრივ (საერთო) საფლავში როგორც სრებრენიცის, ასევე ბრატუნაცისა და ზვორნიკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
ფორუმი