საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, მაჭავარიანს 1800 ევრო გადაუხადოს.
ლექსო მაჭავარიანი 2020 წლის 9 ნოემბერს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 22 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ მაჭავარიანის დაკავების დღეს განმარტა, რომ აქციაზე არ შეიძლება, ადვილად აალებადი ნივთის შეტანა - ასეთად მან შეშა მიიჩნია. მაჭავარიანიც ამასთან დაკავშირებით დააკავეს.
მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მეშველიანმა დემონსტრანტი 1000 ლარით დააჯარიმა.
მაჭავარიანის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა.
სასამართლომ განიხილა მე-5 და მე-6 მუხლების პირველი ნაწილების შესაძლო დარღვევა.
საბოლოოდ დაადგინა, რომ მე-5 მუხლის პირველი ნაწილი დაირღვა, ხოლო მე-6 მუხლი არ დარღვეულა.
მეხუთე მუხლის პირველი ნაწილი ამბობს, რომ „ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება და არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად“ და გარდა კონკრეტული შემთხვევებისა.
მეექვსე მუხლი კი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას გულისხმობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის კოორდინატორის, თამთა კახიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების კონტექსტშიც:
„ადმინისტრაციულ დავებზე მოსამართლეები ითხოვენ ცალკე დავით წავიდეთ და წლები ვიდავოთ იმაზე, ადამიანის დაკავება იყო თუ არა კანონიერი, ამ ნაწილს ისინი საერთოდ არ აფასებენ. ამ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ ეს იმ სასამართლოს გასაკეთებელია, რომელიც საქმეს განიხილავს და ეს უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე არის მსჯელობა“, - წერს ის ფეისბუკზე.
„ადგილობრივი სასამართლოები ადმინისტრაციულ დავებში მუდმივად უარს ამბობენ დაკავების კანონიერების შეფასებაზე და მიუთითებენ, რომ ამ საკითხზე პირმა დავა ცალკე სასარჩელო წესით უნდა აწარმოოს. სტრასბურგის სასამართლომ ეს მიდგომა ფაქტობრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რაც სტრატეგიული ელემენტია მოცემულ საქმეში“, - წერს ორგანიზაციაც.
რადიო თავისუფლება აქციებისას დაკავებულების საქმეების გაშუქებისას იუწყებოდა, რომ მოსამართლეები უარს ამბობენ, განიხილონ ის სისასტიკეზე, რაზეც დაკავებულები ჰყვებიან სპეცრაზმელთა მხრიდან. ავტორის განმარტებით, მართალია, კანონი მათ არ ავალდებულებს გაარკვიონ დაკავების დეტალები, მაგრამ არც უკრძალავს.
ფორუმი