„მკვდრეთით აღმდგარი ადამი“ (2008, გერმანია-აშშ, რეჟისორი პოლ შრედერი)
უილემ დეფოს, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ მსახიობს, 70 წელი შეუსრულდა. დეფოს ფოტოებს, კადრებს ფილმებიდან მსახიობის მონაწილეობით, ამ დღეებში აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნების მაყურებლები იზიარებენ. რაც გასაგებია - „მრავალსახეობის შემქმნელიო“, როცა ამბობენ, სწორედ უილემ დეფოს სტილის არტისტებს გულისხმობენ. იშვიათია, მსახიობი განსხვავებული იყოს თითქმის ყველა როლში და ამავე დროს, თავის ხასიათს ყველგან ინარჩუნებდეს. დეფოს ხასიათი კი ჰოლივუდის სტანდარტების, კონფორმიზმის მუდმივი უარყოფაა, მაშინაც, როცა ამისთვის თვითგანადგურებაც საჭირო ხდება (ტრიერის „ანტიქრისტე“, სკორსეზეს „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, შნაბელის „ვან გოგი“, ფერერას „პაზოლინი“).
თავადაც ნათქვამი აქვს: „უფრო ევროპელი მსახიობი ვარ, ვიდრე ამერიკელი, რადგანაც მომწონს პერსონაჟები, რომლებიც ნორმებს ეწინააღმდეგებიან. ამ დაპირისპირებაში იქნება მოძრაობა და დაძაბულობა, ამიტომ გადაღების დროს ყოველთვის მზად ვარ სხეულის ტრანსფორმაციისთვის“.
სხეული უილემ დეფოს იარაღია - მოძრავი სხეული „სანახაობაა“ პერსონაჟის ხასიათის შექმნის პროცესში.
ნაკლები ფსიქოლოგიზმი და მეტი ექსპრესია არა იმდენად სახით, რამდენადაც ჟესტით, სხეულით, გარკვეული თვალსაზრისით, უილემ დეფოს თამაშის პრინციპია, რასაც არასდროს ღალატობს, ყველაზე მეორეხარისხოვან როლებშიც კი. ბევრს უკვირს, როგორ ახერხებს ამას მსახიობი, რომელსაც სიმაღლე მაინც და მაინც ხელს არ უწყობს.
უილემ დეფოს ყველაზე სახელგანთქმული როლები სასოწარკვეთას, სიგიჟეს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. სულერთია, პაციენტია მისი გმირი თუ „ნორმაგადახრილებთან“ ურთიერთობა უხდება. მე პირადად განსაკუთრებით მიყვარს დეფოს როლი პოლ შრედერის ფილმში „მკვდრეთით აღმდგარი ადამი“ (ან „გაცოცხლებული ადამი“), რომელიც მაინც და მაინც პოპულარული არაა, რადგანაც საკმაოდ მალე მოიხსნა ეკრანებიდან. არადა მისი ავტორი - არაერთხელ მითქვამს - „კინემატოგრაფის ბიბლიის“ ავტორია (პოლ შრედერის „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში“ სამაგიდო წიგნია კინოს მკვლევრებისთვის) და არის კაცი, რომელმაც მარტინ სკორსეზეს სცენარი დაუწერა „ტაქსის მძღოლისთვის“.
პოლ შრედერი ამერიკელი რეჟისორია, თუმცა ნიდერლანდში დაიბადა, რელიგიურ ოჯახში აღიზარდა და კალვინისტური სასწავლებელი დაამთავრა. ამბობს, რომ კინოში წასვლას უკრძალავდნენ, სანამ სრულწლოვანი არ გახდა. მოგვიანებით, როცა კინო - დრამატურგია, რეჟისურა, თეორია, ისტორია - მისი პროფესია გახდა, წარმატებით გამოიყენა თეოლოგიური განათლება, კინოხელოვნების და რელიგიის კავშირის შესწავლა დაიწყო, ხოლო ფილმებში, რომლებიც თავად გადაიღო, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გადარჩენის, მონანიების, მსხვერპლშეწირვის საკითხებს.
რელიგიურ ექსტაზს, რეალობისგან მოწყვეტის რიტუალს და თავდავიწყებას ვიხილავთ „მკვდრეთით აღმდგარ ადამში“, ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ ფილმში ორი შესანიშნავი მსახიობის, ჯეფ გოლდბლუმის (სხვათა შორის მისი მშობლებიც ღრმად მორწმუნე ებრაელები იყვნენ) და უილემ დეფოს მონაწილეობით. პირველი მსხვერპლს განასახიერებს, მეორე - ჯალათს. პარადოქსი ისაა, რომ ჯალათი, უილემ დეფოს გმირი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტია, მსხვერპლს გადაარჩენს, სიცოცხლეს შეუნარჩუნებს... უფრო სწორად, ადამ სტაინს, ცირკის მსახიობს და ტელეპატს, სიკვდილისგან იხსნის, თუმცა გადააქცევს პირად მსახურად, ძაღლად (თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით), გაანადგურებს სულიერად, იდენტობას დაუკარგავს.
ფილმის მოქმედება ძირითადად ორ სივრცეში ვითარდება, საკონცენტრაციო ბანაკში და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ტრავმირებული, განადგურებული ადამის რეაბილიტაციას ცდილობენ (თუმცა ეს კლინიკაც „ბანაკია“ გატეხილი ადამიანებისთვის, რომლებსაც იდენტობა დაუკარგეს).
პაციენტებისთვის ადამი მესიაა, თითქოს ყურადღება და სიყვარული არ აკლია, მაგრამ საზარელი ძალადობის მსხვერპლის განკურნება („მკვდრეთით აღდგომა“) შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა მსხვერპლს თავად გაუჩნდება სხვისი გადარჩენის სურვილი. არ ვიცი როგორაა ფსიქიატრიაში, მაგრამ ადამიანური ურთიერთობის პრაქტიკაში კარგადაა გამოცდილი - სხვაზე ზრუნვა ადამიანის არსებობას აზრს და შინაარსს უბრუნებს.
კინოს სამყაროში ხუმრობენ ხოლმე - თუ გინდა, რომ „ოსკარი“ მოიგო, ჰოლოკოსტზე ფილმი უნდა გადაიღო...მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ შინაარსი არ კმარა. ჰოლოკოსტზე ფილმი ისე უნდა გადაიღო, როგორც ტრადიცია მოითხოვს - ეპიკური ფორმით, პათეტიკური ინტონაციებით. პოლ შრედერმა ამ არაპირდაპირ მოთხოვნებზე უარი თქვა. მან უბრალოდ არ იკადრა ემოციებით მაყურებლის მანიპულაცია, უფრო პირიქით, აქცენტები შეცვალა და ტრაგიკული ისტორია მაქსიმალურად პირობითი ფორმით წარმოგვიდგინა. იქნებ ამიტომაც არ მოძველდა, უფრო მეტიც, განსაკუთრებით აქტუალური გახდა „მკვდრეთით აღმდგარი ადამი“ დღეს, როცა აღმოჩნდა, რომ ათასი რჯულის ხელისუფალი სწორედ ჰოლოკოსტის ტრაგედიას იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ჰოლოკოსტის ტრაგედიით სპეკულირებს იმისათვის, რომ ძალადობა გაამართლოს. ამავე დროს, უილემ დეფოს პერსონაჟის მსგავსიც ბევრია ჩვენ ირგვლივ, ბევრია გამოხატულება „ახალი სისტემისა“, ჰუმანისტის როგორი ნიღაბიც არ უნდა ჩამოიცვას, მაინც მოძალადედ რომ დარჩება.
პოლ შრედერი, რომელსაც გაისად 80 წელი შეუსრულდება, ასეთი პოლიტიკოსების მიმართ მკაცრი და ულმობელია. თვალს ვადევნებ მის სოციალურ ქსელებს და ვხედავ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას მყისიერად ეხმაურება. ხშირად - მაგალითებით კინოს ისტორიიდან. მათ შორის თავისი ფილმების ციტატებით. ძალიან ხშირად „მკვდრეთით აღდგენილი ადამით“, ფილმით, რომელიც მარტივ კითხვებს გვისვამს, როგორ შევინარჩუნოთ ადამიანური ღირსება ფიზიკური გადარჩენის პროცესში, როგორ შევინარჩუნოთ ადამიანობა იქ, სადაც სადისტური ცინიზმი ყოფის შემადგენელი ნაწილი გამხდარა.
კითხვები მარტივია, პასუხებიც არსებობს. მაგრამ „ბოროტების ბანალურობას“ მაინც არაფერი ეშველა.
სრული სახით ფილმი შეგიძლიათ იხილოთ აქ
ფორუმი