Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოლკერ ვაიქსელი: "საქართველო ევროპისთვის დაკარგული არაა"


ფოლკერ ვაიქსელი
ფოლკერ ვაიქსელი

"ევროპის კარი იხურება დროებით... პოლიტიკური რეჟიმისა და პოლიტიკური კლიმატის შეცვლით, ვითარება შეიძლება შეიცვალოს ორ ან ხუთ წელიწადში", - ამბობს გერმანული ჟურნალის, Osteuropa-ს რედაქტორი ფოლკერ ვაიქსელი.

Osteuropa, გერმანიისა და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოცემა, მკითხველს სთავაზობს ომისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და ავტორიტარული რეჟიმების საკითხების სიღრმისეულ, ინტერდისციპლინურ ანალიზს. ჟურნალის რედაქტორი, სლავისტი და პოლიტოლოგი ფოლკერ ვაიქსელი „ეხო კავკაზას“ უზიარებს თავის მოსაზრებებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის შანსებზე, კრემლის როლსა და შესაძლო რევოლუციაზე.

—29 სექტემბერს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველო „ევროპისთვის დაკარგულია“. თქვენი აზრით, ქვეყანაში არსებული ვითარება ნამდვილად ასეთი უიმედოა?

— იცით, ყველაფერი, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რა თქმა უნდა, მისი პირადი თვალსაზრისი, განზრახვა და მსოფლმხედველობაა. მას აქვს კონკრეტული მიზანი: ევროპის ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე იყოს გამახვილებული. ამიტომ ასეთი განცხადებების ნდობა არ შეიძლება, მასში არ არის ობიექტურობა.

პირადად მე, ვფიქრობ, რომ საკითხი არასწორადაა დასმული: რატომაა საქართველო ევროპისთვის დაკარგული? თუ მაინც ასე ვიმსჯელებთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეიძლება დაიკარგოს საკუთარი თავისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო. და ეს სჭირდება არა ევროპას, არამედ თვითონ საქართველოს.

მაგრამ თუ ფრაზას, „საქართველოს დაკარგვას“, სერიოზულად მივიღებთ, არ ვარ მიდრეკილი დავიჯერო ასეთი პროგნოზები. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე პროცესი, რადგან საქართველო ევროკავშირში მომდევნო ორ ან სამ წელიწადში არ შევა. ისევე როგორც, სხვათა შორის - უკრაინაც. მაგრამ თავისუფალი საზოგადოების საკითხი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს მართლაც ცუდი ვითარებაა; ქვეყანა დაღმასვლას განიცდის. მაგრამ საჭიროა მომავალი პერსპექტივისათვის ბრძოლა ხუთი, რვა, შესაძლოა ათი წლის განმავლობაშიც კი. ამ გაგებით, ყველაფერი დაკარგული არ არის. ეს უბრალოდ სისულელეა.

უკრაინამ გაბედა რუსეთთან ბრძოლა. რატომ არ შეუძლია საქართველოს საკუთარი გზით სიარული, არა უკრაინული, არამედ საკუთარი გზით, და ასევე ბრძოლა?! ის დაკარგული არ არის. წარმოიდგინეთ, 2022 წლის 24 თებერვალს ზელენსკისთვის რომ ეთქვათ: „უკრაინა უკვე დაკარგულია“. რა იქნებოდა? ეს ასე არ არის.

— მე მაინც დავასრულებ უკრაინის პრეზიდენტის ციტატას. მან აღნიშნა, რომ „რუსეთის ყოველი წარმატება ჩვენს რეგიონში, ყოველთვის დანაკარგია ევროპისთვის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზელენსკი, ისევე როგორც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და დასავლელი პარტნიორები, საქართველოში არსებულ კრიზისს და ევროატლანტიკური კურსიდან უკან დახევას გარკვეულწილად მოსკოვს მიაწერს. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ამჟამად არსებული კრიზისი პირდაპირ კრემლის მიერ იმართება, თუ რუსეთს ირიბი გავლენა აქვს?

პრობლემა სხვა რამეშია: ოპოზიციას არ შეუძლია ერთიან კურსზე შეთანხმება.

— არსებობს ორი საკითხი. პირველი: ის, რაც საქართველოში ხდება, აწყობს კრემლს - ეს აშკარაა. მაგრამ მეორე საკითხია: ეს ყველაფერი ნამდვილად მთლიანად კრემლის მიერ არის ორგანიზებული? ისინი, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან შექმნილი ვითარებით, მაგრამ იმის ფიქრი, რომ მთელი ხელისუფლება და სრული კონტროლი მათ ხელშია, რომ სწორედ ისინი დგანან „საჭესთან“, არასწორია. ეს ასე არ არის. კრემლს, რა თქმა უნდა, სურს გავლენის მოხდენა და გარკვეული გავლენა აქვს, მაგრამ ადგილობრივი აქტორების გარეშე ეს შეუძლებელია. და აქ, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც მთავარ აქტორზე. თუმცა საქმე მხოლოდ მასში არ არის: „ქართულ ოცნების“ უკან დგას ბევრი ადამიანი, რომლებიც მხარს უჭერენ მის კურსს. მნიშვნელოვანია ესეც გვახსოვდეს. ყველაფრის კრემლზე დაყვანა და მისი დადანაშაულება, საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საშუალება ხდება.

თუ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის შესახებ ვისაუბრებთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა დამთრგუნველია. აქაც კრემლს პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ აქვს. პრობლემა სხვაა: ოპოზიციას არ შეუძლია ერთიან კურსზე შეთანხმება: ერთად გავიდნენ არჩევნებზე თუ არა, ერთიანი კანდიდატი წარადგინონ თუ არა. შედეგად, ვხედავთ გათიშულობას, რომელიც, რა თქმა უნდა, კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მარტო პუტინს ამ ყველაფრის ორგანიზება არ შეუძლია.

— პირველად როდის დაინახეთ იმის ნიშნები, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ შემობრუნებას აკეთებდა და დასავლეთს შორდებოდა?

ვფიქრობ, კარგი სცენარია ძალების მოკრება და მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

— რა თქმა უნდა, უცხოელი აგენტების შესახებ ყბადაღებული „რუსული კანონი“, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონი - ეს იყო პირველი აშკარა ნიშანი. თუკი წარსულში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, მაშინ ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ დონეზე მთელი ძალაუფლება, მათ შორის ყველა ქალაქის ადმინისტრაცია, „ქართული ოცნების“ ხელში აღმოჩნდა, ესეც ასევე სიგნალი იყო. ამ პარტიის სახელიც კი ირონიულად ჟღერს: ოცნება კი არა, უფრო ქართული კოშმარია. ეს ყველაფერი იმის ნათელი ნიშანი იყო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სათანადოდ არ ფუნქციონირებდა, რომ ხელისუფლების შტოების გამიჯვნა ფაქტობრივად არ მუშაობს.

ფოლკერ ვაიქსელი
ფოლკერ ვაიქსელი

2003 წელს მოხდა რევოლუცია და მთელი ძალაუფლება ერთი პარტიის - სააკაშვილის პარტიის - ხელში აღმოჩნდა კონცენტრირებული. 2012 წელს, პირიქით, ეს იყო არა რევოლუციური მოვლენები, არამედ - დემოკრატიული არჩევნები. თუმცა ამის შემდეგ მთელი ძალაუფლება ყველა დონეზე ერთი ძალის - „ქართული ოცნების“ - ხელში გადავიდა. ეს კი საგანგაშო ნიშანია, რომ საქართველოში გაწონასწორების სისტემა ვერ ჩამოყალიბებულა.

რაც შეეხება ოპოზიციის მომავალს და სამომავლო ბრძოლას არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის. ახლა მთავარი ამოცანა ძალის მოკრებაა. ამ ეტაპზე როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია ძალიან სუსტ მდგომარეობაშია. არა მგონია, ამჟამინდელ რეჟიმს 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციების შიში ჰქონდეს: აქციები გაიმართება, მაგრამ რევოლუციას მე ვერ ვხედავ, თუ, რა თქმა უნდა, სისხლისღვრა არ მოხდება.

რა თქმა უნდა, თუ ეს მოხდება, მაშინ რაღაც იქნება: ან ბელარუსული სცენარი, ან - უკრაინული, მაიდანი. მაგრამ განა ღირს სისხლისღვრის იმედად ყოფნა? მიმაჩნია, რომ კარგი სცენარია ძალების მოკრება და მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია არჩევნებზე გასვლა არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგზე. მაგრამ ჩვენ არც კი ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი - ორ წელიწადში თუ ომი კიდევ გაგრძელდება.

— მაგრამ საპროტესტო აქციების მონაწილეები არ არიან მზად, დაელოდონ რიგით საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა გათავისუფლებისთვისაც ისინი იბრძვიან. ზოგს რევოლუციის სჯერა, ზოგს - არა, მაგრამ მაშინაც კი, თუ რევოლუცია არ მოხდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე კეტავენ რუსთაველის გამზირს, შეწყვეტენ პროტესტს. თეორიულად, შეუძლია თუ არა ასეთ სახალხო ზეწოლას, რომელიც რევოლუციაში არ გადაზრდილა, აიძულოს მთავრობა, დაუბრუნდეს დემოკრატიული პრინციპების დაცვას?

შეტაკებები გამოიწვევს იმას, რომ რეჟიმი კიდევ უფრო ხისტად იმოქმედებს.

— იცით, მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და ვუჭერდი მხარს ბელარუსის ოპოზიციას 2020 წელს. მაშინ, აგვისტო-ნოემბერში, კურსი ნათელი იყო: რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერება, სანქციების დაწესება და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნა. მე ახლაც მხარს ვუჭერ მათ. მაგრამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ემიგრაციაში მყოფი თავისუფალი ოპოზიციის კურსი კარდინალურად შეიცვალა. დღეს ისინი ამბობენ, რომ სანქციები უნდა მოიხსნას, რომ ადამიანის ბედი ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება. მაგალითად, დონალდ ტრამპისა და მისი წარმომადგენლის ქმედებები, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რომ ხვდებიან, დადებით ნაბიჯად აღიქმება მათში, მაშინ როცა ევროკავშირი მხოლოდ სანქციებს გვთავაზობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოპოზიციის კურსი მკვეთრად შეიცვალა.

თუ ამას ყურადღებით დააკვირდებით, მგონია, რომ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლა მხოლოდ საკუთარი ძალების დიდი რწმენით არის შესაძლებელი.

მე მგონია, რომ ბელარუსის გამოცდილების შემდეგ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ან თუნდაც მათი პირობების გაუმჯობესება და სასჯელის შემცირება, შესაძლებელია არა ქუჩის შეტაკებების გზით. შეტაკებები გამოიწვევს იმას, რომ რეჟიმი კიდევ უფრო ხისტად იმოქმედებს. ამ ეტაპზე, მეჩვენება, რომ რეჟიმს აქვს ძალა, ოპოზიციას კი - არა. ამას ადასტურებს პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებული უთანხმოება: ძალები, რომლებიც რადიკალური ცვლილებებისთვის არის საჭირო, არასაკმარისია.

წარმოიდგინეთ, როგორი იყო ბელარუსის საპროტესტო მოძრაობა: ხალხი გადიოდა ქუჩაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებსა და პატარა დასახლებულ პუნქტებში, სოფლებში. საქართველოში კი ახლა მსგავს რამეს ვერ ვხედავ. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ძირითადად თბილისში და თანაც საზოგადოების კონკრეტულ სეგმენტში და არა მთელ მოსახლეობაში, ხოლო ბელარუსში ეს იყო მასობრივი მოძრაობა, რომელიც იბრძოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ რეჟიმმა მაინც გაიმარჯვა.

ამიტომ, ახლა პოლიტიკური პატიმრებისა და ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ბრძოლისთვის მომზადება და არა ახლავე აქტიურ დაპირისპირებაში ჩართვა. ეს ჩემი აზრია. მესმის, რომ ჩემს ბევრ მეგობარს საქართველოში სურს დაუყოვნებლივ მოქმედება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სწორია ლოდინი.

— ანუ, თქვენი აზრით, საქართველოში ჯერ არ არიან სათანადოდ მზად ბრძოლისთვის?

— დიახ, ჯერ არ არიან.

— დავუბრუნდეთ ევროკავშირის თემას. ქვეყანაში მიმდინარე ყველა შიდა პროცესს, ბუნებრივია, ევროკავშირის მხრიდან მკაცრი კრიტიკა და გარკვეული სანქციები მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე ხისტად უპასუხა და გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც კი დაიბარა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასეთი დაძაბულობის გათვალისწინებით, თუ ქვეყანაში ვითარება უცვლელი დარჩება, შესაძლებელია თუ არა ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა?

— შანსი ყოველთვის არსებობს. რა არის ევროპა? უპირველეს ყოვლისა, ევროპა კულტურული სივრცეა. ამ გაგებით, საქართველო უკვე ევროპის ნაწილია: თავისი მწერლობის, ტრადიციების, ისტორიული კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების მეშვეობით. ეს აშკარაა.

ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ არა ევროპაზე, არამედ ევროკავშირზე. ევროკავშირი კი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კავშირია. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ასევე არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოების გაერთიანება, მაგრამ პრაქტიკაში ისინი კვლავინდებურად ეროვნულ სახელმწიფოებად რჩებიან. ხომ ხედავთ უნგრეთის, პოლონეთის (სულ რაღაც ორი წლის წინ) და ახლა სლოვაკეთის მაგალითებს. როგორი დემოკრატიაა იქ? თუ რაღაც არადემოკრატიული მოძრაობა შეიქმნება ევროკავშირის რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში და ადგილობრივი რეჟიმი დაეყრდნობა მას, ევროკავშირს, როგორც ეროვნული სახელმწიფოების გაერთიანებას, წინააღმდეგობის გაწევის უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობა აქვს.

ამიტომ ოცნება, რომ „რადგან ევროპაში ვართ, ყველაფერი კარგად იქნება“ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ილუზიაა. ევროკავშირი გეხმარება და გააგრძელებს დახმარებას ერთი წლის შემდეგაც, ორი წლის შემდეგაც, სამი და ხუთი წლის შემდეგაც. ეს კარი უბრალოდ კი არ იხურება, არამედ იხურება დროებით. საქართველოში პოლიტიკური რეჟიმისა და პოლიტიკური კლიმატის შეცვლით, ვითარება შეიძლება შეიცვალოს ორ ან ხუთ წელიწადში. იგივე ეხება ბელარუსს. იქ ახლა დიქტატურაა, მაგრამ თუ რეჟიმი დაეცემა, ევროპა აუცილებლად გაიხსნება.

— დავაზუსტებ, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამინდელი რეჟიმი, სავარაუდოდ, „დაეცემა“ არჩევნებით და არა რევოლუციით?

— მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე არალეგალური მეთოდებით. თუმცა ამ პოტენციალს, რეზერვს დაახლოებით 5-10%-ად, შესაძლოა 15%-ადაც კი ვაფასებ. თუ დაიწყება მასობრივი მოძრაობა, როცა საზოგადოების უმრავლესობა - 80% ან მეტი - მოითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებსა და მთავრობის გადადგომას, მათ ასეთი პოტენციალი არ ეყოფათ.

თუ ბალანსი სადღაც 50/50-ის ფარგლებში იქნება, მაშინ ამჟამინდელი რეჟიმი ყოველთვის შეინარჩუნებს ადმინისტრაციულ რესურსებს და იმ დამატებით 5%-ს. მაგრამ, როცა ყველას ყველაფერი ყელში აქვს ამოსული და ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მოქმედება, ვერანაირი მანიპულაცია ვერ იხსნის ხელისუფლებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG