Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხმელი ფოთოლი" - ქართველი რეჟისორის ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე


ლოკარნოს კინოფესტივალის სიმბოლო
ლოკარნოს კინოფესტივალის სიმბოლო

6 აგვისტოს შვეიცარიაში იხსნება ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე ავტორიტეტული კინოდათვალიერება, ლოკარნოს კინოფესტივალი.

ეს ფორუმი ცნობილია საავტორო კინოს მხარდაჭერით და ახალი სახელების გამოვლენით და წლებია უმაღლესი კატეგორიის („პირველი კლასის“) ფესტივალად ითვლება. ლოკარნოს საკონკურსო პროგრამაში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა ნებისმიერი რეჟისორისთვის.

სხვადასხვა დროს ლოკარნოს კინოკონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა რობერტო როსელინის „გერმანია - წელი ნოლი“, მიქელანჯელო ანტონიონის „ყვირილი“, მილოშ ფორმანის „შავი პეტრე“, ჯიმ ჯარმუშის „უფრო უცნაურად, ვიდრე სამოთხეში“, ალბერტ სერას „ჩემი სიკვდილის ისტორია“ და სხვა.

შარშან ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმი, "წმინდა ელექტროენერგია", ფესტივალის მთავარი პრიზით, ოქროს ლეოპარდით აღინიშნა. წელს ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ისევ მოხვდა ლოკარნოს ფესტივალის კონკურსში, ამჯერად მთავარ პროგრამაში წარმოდგენილია ალექსანდრე კობერიძის „ხმელი ფოთოლი“.

„ხმელი ფოთოლი“ ალექსანდრე კობერიძის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წლის ბერლინის კინოფესტივალის კონკურსში წარმატებით უჩვენეს მისი „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“, საქართველო-გერმანიის კოპროდუქცია.

ქართულ-გერმანულ ფილმად არის მოხსენიებული ლოკარნოს ფესტივალის საიტზე „ხმელი ფოთოლიც“, რომლის ქრონომეტრაჟი 3 საათზე მეტია.

გერმანიის მხრიდან „ხმელი ფოთოლი“ დააფინანსა კომპანია World cinema Fund-მა. სცენარი ეკუთვნის ალექსანდრე კობერიძეს, მთავარ როლებს კი დავით კობერიძე და ოთარ ნიჟარაძე ასრულებენ.

ალექსანდრე კობერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფილმს 2022-2023 წლების ზაფხულში და შემოდგომაზე იღებდნენ.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, “ხმელი ფოთოლი” ე.წ. “როუდ-მუვი” ანუ “სამოგზაურო ფილმია”. სპორტული ჟურნალისტი ლიზა გაუჩინარდება, მაგრამ დატოვებს წერილს, რომელშიც თავის მშობლებს სთხოვს, არ ეძებონ, რადგან საკუთარი ნებით დატოვა ყველაფერი. ლიზას მამა, ირაკლი, ფიქრობს, რომ შეიძლება წერილში სიმართლე არ წერია, რომ ლიზას სინამდვილეში შეიძლება რაღაც უჭირს და გადაწყვეტს შვილის ძებნას შეუდგეს. აღმოჩნდება, რომ ლიზას უნდა გადაეღო სოფლის საფეხბურთო მოედნები მთელს საქართველოში. ლიზას თანამშრომელი ლევანი ირაკლის ურჩევს, რომ ლიზას პოვნა თუ უნდა, მაშინ ეს ადგილები უნდა მოინახულოს. ფილმის ძირითადი დრო ამ ძებნას ეთმობა.

ლოკარნოს საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტია რითხი პანი, ავტორი კამბოჯაში გადაღებული ფილმისა “ბრინჯის ადამიანები”, რომელიც 1994 წელს ამერიკულ “ოსკარზე” იყო წარდგენილი. ჟიურის წევრია აგრეთვე მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი. ალექსანდრე კობერიძის ფილმის კონკურენტები არიან ფრანგი რეჟისორის, აბდელ ქეშიშის სკანდალური სერიის, „მეკტუბის“ მესამე ფილმი, რუმინული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ლიდერის, რადუ ჯუდეს „დრაკულა“, იაპონელი ნაომი კავასის „იაკუმიშას ილუზიები“... სულ 16 ფილმი.

ლოკარნოს 78-ე ფესტივალის შედეგები 16 აგვისტოს გამოცხადდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG