რუსეთმა თავის მიერ აღიარებულ აფხაზეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ქვედანაყოფის დაკომპლექტება დაასრულა და დღეიდან დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის დაცვას იწყებს - ამის შესახებ გალში ჟურნალისტებს რუსეთის მიერ აფხაზეთში გახსნილი სასაზღვრო სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა, მაიორმა კონსტანტინ პოდმაზინმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, გალსა და გაგრაში ორი სასაზღვრო განყოფილება შეიქმნა. გალის განყოფილება სახმელეთო საზღვრის დაცვის პასუხისმგებელია, გაგრის კი - საზღვაო საზღვრის. მაიორმა პოდმაზინმა ისიც განაცხადა, რომ მოსკოვისა და სოხუმის მიერ საზღვრის ერთობლივად დაცვის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ანუ 30 აპრილიდან, საზღვარზე არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი სამხედროები ჯერჯერობით არ უნახავს. ამის შესახებ სოფელ თაგილონიდან ზუგდიდში გადმოსულმა ადამიანებმა მიამბეს. მათი ინფორმაციით, თავად სოფელში რუსებს ბანაკი მხოლოდ ერთ ადგილას აქვთ და, ძირითადად, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობენ და არა სოფლის ტერიტორიაზე. როგორც ოკუპირებულ თაგილონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ყანებში რუს სამხედროებს რამდენიმე კარავი ჰქონდათ გაშლილი, თუმცა ახლახან ეს ტერიტორია დატოვეს. თაგილონში მცხოვრები სტუდენტი გოგონა, რომელიც ოკუპირებული რაიონიდან ზუგდიდში ყოველდღე ჩამოდის, შიშობს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსების განლაგების შემდეგ მიმოსვლა გაუჭირდება. როგორც მან მითხრა, აფხაზ მესაზღვრეებთან დღემდე არავითარი პრობლემა არ ჰქონია და მისთვის სამეგრელოსკენ გადასვლაში ხელი არასდროს შეუშლიათ. ზუგდიდში გალიდან ჩამოსულმა შუახნის მამაკაცმა მიამბო, რომ ქალაქში მყოფმა რუსმა სამხედროებმა კარვები დაშალეს და გალი დატოვეს, თუმცა რა მიმართულებით წავიდნენ, მისთვის უცნობია. სხვა რესპონდენტების მსგავსად, უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი მესაზღვრეები დღეს არც მას უნახავს. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ადამიანებს ზუგდიდში შევხვდი იმ ადგილას, საიდანაც გალის რაიონის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსი მოძრაობს. თაგილონსა და ნაბაკევში მცხოვრებმა ადამიანებმა ისიც მითხრეს, რომ ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესი ჯერჯერობით კვლავ შეჩერებულია.
გალელებს ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი მესაზღვრეები ჯერჯერობით არ უნახავთ

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1