განსხვავებით თბილისისგან, სადაც პროტესტის ნიშნად დადგმული საკნების რაოდენობამ ბოლო ხანს საგრძნობლად იკლო, ზუგდიდში დღეს ახალი საკანი გაჩნდა. ქალაქის ცენტრში რიგით მესამე საკნის პირობითი პატიმრები არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან, თუმცა, როგორც მითხრეს, ოპოზიციის მოთხოვნებს სოლიდარობას უცხადებენ. ალექსანდრე გეთიამ და დავით სორდიამ ახალი საკნის დადგმა ზუგდიდში პირველი საკნის გამოჩენიდან ზუსტად ერთი თვის თავზე გადაწყვიტეს. ისინი ამბობენ, რომ პირობითი პატიმრობით ხელისუფლების მიერ ადგილობრივ მცხოვრებთა ფსიქოლოგიურ ტერორსაც აპროტესტებენ და სურთ ყველას დაანახვონ, რომ პროტესტის გრძნობა კი არ იკლებს, იმატებს. როგორც ზუგდიდში პირველი „საკნის“ პირველმა „პატიმარმა“ კახა მიქაიამ მითხრა, მის და მეზობელ საკანში მყოფი პაატა სორდიას წინააღმდეგ ადგილობრივი სამართალდამცავები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ახდენენ. „ჩვენთან პროვოკატორების გამოგზავნის და, მათი წაქეზების გარდა, სხვა საქმე არა აქვთ?!“ - ამბობს კახა მიქაია. საკნების ფორმით პროტესტის გამოხატვას ზუგდიდელები არაერთგვაროვნად აფასებენ. რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს. ნაწილს საკნების იდეა არ მოსწონს. თუმცა, როგორც ერთი, ასევე მეორე პოზიციის მომხრეები ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს აუცილებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქვეყნისთვის საჭირო შედეგის მისაღწევად დათმობა ორივე მხრიდან აუცილებელია.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1