ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ახლოსაა" შეთანხმება, რომლითაც უნდა აღდგეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება - რაც ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე წინსვლას ნიშნავს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებით გამოვიდა 14 თებერვალს, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ხელშეკრულების აღდგენის მთავარ პირობად ირანი კვლავ სანქციების მოხნას ასახელებს და ირანის მხარე "სერიოზულადაა მომართული და მზად არის კარგი შეთანხმების მისაღწევად" მოლაპარაკებებზე, რომელშიც პირდაპირი ფორმით ასევე მონაწილეობენ ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი, აშშ კი არაპირდაპირი ფორმითაა ჩართული.
ირლანდიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრის, საიმონ კოვნის თქმით, ისიც ხედავს ნიშნებს, რომ მხარეები "ღრმად ერთგული არიან" დასახული მიზნის. ირლანდიამ ხელშემწყობი ქვეყნის ფუნქცია შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რომელიც შეთანხმებას უმაგრებს ზურგს.
14 თებერვალს ამირ-აბდოლაჰიანს ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ორივემ აღნიშნა "ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯი" ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის პროცესში - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო TASS-ი.
თუმცა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ - რომელმაც ასევე გამართა შეხვედრა კოვნისთან - განაცხადა, რომ სანქციები "რეალურად უნდა მოიხსნას" და მოლაპარაკებებზე პატივი უნდა სცენ "ირანელი ხალხის უფლებებს".
თეირანმა 2015 წელს მიაღწია შეთანხმებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, რომლის ფარგლებშიც ისლამური რესპუბლიკა პირობას დებდა, რომ შეამცირებდა ბირთვულ აქტივობას, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ 2018 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა, რამაც თეირანს უბიძგა თანდათანობით შეემცირებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.