ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს დაკავებულის ვინაობის დასახელების გარეშე.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული, რომელსაც საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და იქ მხატვრის სტატუსით ცხოვრობდა, რუსული სპეცსამსახურებისთვის სამხედრო ობიექტების ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა. ამ სამხედრო ობიექტების მნიშვნელობა და დატვირთვა გაზრდილია უკრაინაში ომის პარალელურად - სამხედრო ტექნიკა, რომელიც აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ხვდება, ძირითადად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. ახლა გამოძიება ცდილობს დეტალურად დაადგინოს თუ კონკრეტულად რომელი ობიექტები ჰქონდა ბრალდებულს გადაღებული და როდის.
თავად ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არ უარყოფს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობას, მეტიც, ბერძნული გამოცემა protothema-ს ცნობით, მან გამოკითხვისას თქვა, რომ ამ საქმეს აკეთებდა არა ფულის სანაცვლოდ, რომელიც შესთავაზეს, არამედ "დედა რუსეთისთვის", რადგან თავს რუსეთის გულშემატკივრად მიიჩნევს, როგორც წარსულში საბჭოთა ჯარში ნამსახურევი ადამიანი.
გამოძიების ვერსიით, საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ემიგრირებული რუსეთის სპეცსამსახურებისთვის სასარგებლო მუშაობაში ჩაერთო აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი და GRU-ს რეკრუტირებული კრიმინალური ჯგუფის წევრის შეთავაზებით. გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომასალასაც უგზავნიდა პირს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს, ბერძნულ პასპორტს ფლობს და ასევე ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დაბადებული და გაზრდილი. გამოძიების ფარგლებში 59 წლის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის პარტნიორიც დაკავებულია ლიეტუვაში.
ფორუმი