სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 31 მაისამდე პატიმრობა მიუსაჯა მხატვარ ალექსანდრა სკოჩილენკოს, რომელსაც რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ედება ბრალი მაღაზიაში პაციფისტური იარლიყების გაკვრისთვის. ამის შესახებ sever.realii იტყობინება სკოლნიჩენკოს მეგობარზე დაყრდნობით, რომელიც სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა.
გამომძიებელი სხდომის დახურვას ითხოვდა, რათა წინასწარი გამოძიების მონაცემები წარმოედგინა, მაგრამ მოსამართლემ უარი თქვა. დაცვის მხარე ითხოვდა სკოლნიჩენკოს შინაპატიმრობაში მოთავსებას, ვინაიდან სამედიცინო ჩვენებებით მას სპეციალური დიეტა და მეთვალყურეობა სჭირდება, ასევე იმიტომ, რომ ის პირველად არის მიცემული პასუხისგებაში. ბრალდების მხარე ითხოვდა სკოლნიჩენკოს მოთავსებას წინასწარი დაკავების საკანში, ვინაიდან, მისი თქმით, ბრალდებული შეიძლება მიმალულიყო და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე დაბრუნდა სათათბირო ოთახიდან, სხდომა მაინც დახურეს პროკურორის მოთხოვნით. პრესასა და დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინეს.
გუშინ სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა აქტივისტი ანდრეი მაკედონოვი, რომელიც ასევე იყენებდა ფასის იარლიყებს ანტისაომარი მესიჯებისთვის. მსგავსი პრაქტიკა უკანასკნელ დღეებში შეინიშნებოდა ყაზანის რამდენიმე მაღაზიაშიც.
რუსეთის ახალი კანონით ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ პირებს, რომლებიც „განზრახ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას“ რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე. კრემლი ამგვრად ცდილობს, გააკონტროლოს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინფორმაცია.