Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ეჭვი ჩნდება, რომ უკრაინას უნდა, იძულებულები გავხდეთ „დარიალში“ მყოფი უკრაინელები შემოვუშვათ


ალექსანდრე დარახველიძე
ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვებს იმ უკრაინელებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში იმყოფებიან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე („დარიალი“). ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

შსს-ს ცნობით, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 87 უკრაინელი იმყოფება. მათ არ აძლევენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას. ისინი არიან ის უკრაინელები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს და რუსეთის ციხეებიდან გაათავისუფლეს.

ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უკრაინული მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ „პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე“.

დარახველიძემ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველები არიან: „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ!“

დარახველიძის თქმით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის აანაზღაუროს „დარიალის“ გამშვებ პუნქტთან დარჩენილი უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების ხარჯები.

„ქართული ოცნების“ მთავრობის შს მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება. რამდენიმე დღის წინ ამ უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთი განგებ ცდილობს საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე ამ ქვეყნებისა და უკრაინის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, მუშაობს ამ ჰუმანიტარული კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, - ეწერა განცხადებაში.

რა ვიცით „დარიალის“ გამშვებ პუნქტში მყოფი უკრაინელების შესახებ

ორ თვეზე მეტია, რაც ათობით უკრაინელი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვართან, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ („დარიალის“) პუნქტში ცხოვრობს. მათ მორიგეობით სძინავთ, რადგან ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით.

რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 25 ივნისს წერდა, რომ დაყოვნების სივრცეში, რომელშიც ნესტიანი ბეტონი და მძიმე ჰაერია და თან ფანჯრები არ აქვს, სულ 16 საწოლი იყო. ამ საწოლებს 56 ადამიანი მორიგეობით ინაწილებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა „რუსთავი 2-მა" და „იმედმა“ გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.

„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, - თქვა მაშინ დარახველიძემ.

როგორც მოგვიანებით, 9 აგვისტოს ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG