რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიანიშნა, რომ ის ღიაა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ორშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი "ყოველთვის პოზიტიურად უყურებდა ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც იმავე აზრზე არიან".
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინის კომენტარები გულისხმობდა მზაობას, უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს სამოქალაქო ობიექტებზე თავდაუსხმელობის შესახებ.
პარალელურად, რუსეთი აგრძელებს დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე. სამშაბათს ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და 15 პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის დარტყმები იყო ხარკოვზე, სადაც, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა.
პუტინმა არ უარყო, რომ რუსეთმა დარტყმები უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა, თუმცა თქვა, რომ ისინი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
”ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, - თქვა მან, - ეს ყველაფერი საფუძვლიანი გამოძიების საგანია. შესაძლოა - ორმხრივად, დიალოგის შედეგადაც. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ."
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება. მანამდე კი რუსეთმა გამოაცხადა სააღდგომო ზავი, რომლის დარღვევაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ფორუმი