„ამ საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)“, - თქვა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი