უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) დატოვებას. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტში 29 აპრილს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უარი თქვეს იყვნენ ნაწილი „პოლიტიზებული ინსტიტუციისა, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და ნდობა“.
უნგრეთის მთავრობამ აპრილის დასაწყისში დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვება გადაწყვიტა და შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს.
3 აპრილს უნგრეთში ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.
უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, რომელიც ამ საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე მოქმედი ICC-ის იურისდიქციას აღიარებს, ვალდებული იყო ნეთანიაჰუ დაეპატიმრებინა.
თუმცა, ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე, როცა სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და ისრაელის პრემიერი ბუდაპეშტში მიიწვია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
2002 წელს დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი.
2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
ICC-ს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
2024 ოქტომბერში პუტინი ვიზიტით იმყოფებოდა მონღოლეთში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე უარი თქვა.
მონღოლეთის მთავრობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში რუსეთზეა დამოკიდებული და ამასთან, იცავს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას.
ფორუმი