უკრაინის პრეზიდენტის თქმით შეთანხმების ხელმოწერა ვატიკანში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩატარებული შეხვედრის პირველი შედეგია.
„გვაქვს ვატიკანის შეხვედრის პირველი შედეგი, რაც მას ნამდვილად ისტორიულს ხდის. მოუთმენლად ველით ჩვენი საუბრის სხვა შედეგებსაც. მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვიდა და მე და პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენი დროის ყოველი წუთი 100%-ით გამოვიყენეთ“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა შეაქო სამთავრობო გუნდი, რომელმაც ამერიკელებთან შეთანხმებაზე იმუშავა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით, ეს ახლა ნამდვილად თანასწორი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების და წარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
„შეთანხმებაში ვალი არ არის და იქმნება ფონდი – აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს, პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში გვეხმარება“.
დოკუმენტს ხელი 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებას და აღდგენას.
ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა უკრაინის საბიუჯეტო კოდექსში, თავად შეთანხმება კი რატიფიცირებული უნდა იყოს უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის მიერ.
ფორუმი