ვაშინგტონი ცვლის მიდგომას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხთან მიმართებით და აღარ „იფრენს მსოფლიოს გარშემო პირველ ძახილზე“ შუამავლობისთვის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა განაცხადა.
ბრიუსის თქმით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნათლად განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობის ფორმატი იცვლება, თუმცა სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა უცვლელია. ამავდროულად, ვაშინგტონი არ აპირებს, რუსეთისადმი არსებული სანქციების გაუქმებას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ბრიუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოვიდა დრო კონფლიქტის ორივე მხარემ თავად შესთავაზოს და შეიმუშაოს ომის დასასრულებლად რეალური ნაბიჯები.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინისა და მოსკოვის პოზიციები კვლად შორსაა ერთმანეთისგან - “რუსეთი ვერ მიიტაცებს მთელ უკრაინას, უკრაინას კი არ შეუძლია რუსეთი 2014 წლამდელ პოზიციებამდე შეავიწროოს”.
მისი სიტყვებით, აშშ უარს არ ამბობს მშვიდობის მისაღწევ ძალისხმევაზე, მაგრამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მალე მოუწევს გადაწყვიტოს, კიდევ რამდენი დროისა და რესურსის დახარჯვისთვისაა მზად ამ საკითხზე.
რუბიოს თანახმად, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად რჩება, მაგრამ, „რაც ხდება ჩინეთთან, ახლო პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოს მომავლისთვის“.
აპრილის ბოლოს, Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. სააგენტოს წყაროების ცნობით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონებზე სრულ კონტროლს მოითხოვს. საუბარია ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე.
სააგენტო აღნიშნავს, რომ პუტინის მოთხოვნა დარტყმას აყენებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, სწრაფად მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებას. ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ თეთრი სახლი გამოხატავს იმედგაცრუებას მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.
ფორუმი