Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომისთვის ვემზადებით": უნგრეთში ოპოზიციამ გაავრცელა მთავრობის "მამხილებელი" აუდიოჩანაწერი


ფოტო არქივიდან: სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი (ცენტრში) აკვირდება, როგორ ცვლიან უნგრეთის (მარცხნივ) და სერბეთის თავდაცვის მინისტრები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდებოდა.
ფოტო არქივიდან: სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი (ცენტრში) აკვირდება, როგორ ცვლიან უნგრეთის (მარცხნივ) და სერბეთის თავდაცვის მინისტრები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდებოდა.

ოპოზიციონერმა პეტერ მადიარმა, რომელიც უნგრეთს პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო გარემოცვის ყოფილი წევრია, გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომლის შინაარსიც წინააღმდეგობაში მოდის უნგრეთის ხელისუფლების სამშვიდობო განცხადებებთან. ინფორმაციას რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური ავრცელებს.

ჩანაწერის მიხედვით, 2023 წლის აპრილში უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიტოფ სალაი-ბობროვნიცკი ამბობდა, რომ უნგრეთი ომისთვის ემზადება.

აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის საუბარია ჩაწერილი მაღალი რანგის ოფიცრებთან, პეტერ მადიარმა ხუთშაბათს დილით გაასაჯაროვა. ის უკვე წინა დღით აცხადებდა, რომ გამოაქვეყნებდა მასალას, რომელიც ვიქტორ ორბანისა და მისი ხელისუფლების განცხადებების სიყალბეს ამხელდა.

მოკლე, მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, ოფიცრებთან შეხვედრისასაა ჩაწერილი, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკი ამბობს, რომ უნგრეთის მთავრობა უარს ამბობს მშვიდობისმყოფელის საქმიანობასა და "მშვიდობის მენტალიტეტზე" და გადადის "ომისკენ მიმავალ ნულოვან დონეზე". მისივე სიტყვებით, ოფიცრების შემადგენლობის შეცვლა, „გაახალგაზრდავებად“ მოხსენიებული პროცესიც, ამ ცვლილებების ნაწილი იყო.

2022 წლიდან მოყოლებული, უნგრეთის ხელისუფლების ნარატივი იყო, რომ ევროკავშირში ის ერთადერთი ომის მოწინააღმდეგე სახელმწიფოა.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შეფასებისას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქმნის არმიას, რომელსაც შეეძლება იარაღით ხელში უნგრეთის დაცვა, „ვინაიდან მშვიდობა მოითხოვს ძალას“.

უნგრეთის მთავრობა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG