Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ორმაგი სტანდარტი“, „თაფლობის თვე“, „გაყრა“ - ევროსაბჭო „ოცნების“ პრეტენზიებზე


მაკა ბოჭორიშვილი ერთ-ერთი იყო ევროსაბჭოს წევრი 46 ქვეყნის მინისტრებს შორის ლუქსემბურგში, მორიგ ყოველწლიურ სესიაზე. 14 მაისი, 2025 წ.
მაკა ბოჭორიშვილი ერთ-ერთი იყო ევროსაბჭოს წევრი 46 ქვეყნის მინისტრებს შორის ლუქსემბურგში, მორიგ ყოველწლიურ სესიაზე. 14 მაისი, 2025 წ.

“ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროსაბჭოს ფორმატი დასავლელი პარტნიორების „ორმაგ სტანდარტებზე" სასაუბროდ გამოიყენა. ევროსაბჭოს ლიდერებმა კი თბილისს დემოკრატიის უკუსვლასა და კონკრეტულ გამოწვევებზე მიუთითეს.

46 ქვეყნის მინისტრები ლუქსემბურგში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგ ყოველწლიურ სესიაზე 14 მაისს შეიკრიბნენ.

134-ე სესიის მთავარი საკითხი უკრაინა იყო - დამტკიცდა რუსეთის დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნების გეგმა, რომელიც მანამდე, 9 მაისს, ევროპელმა მინისტრებმა კიევში შეათანხმეს.

სესიის ფარგლებში ასევე გასაჯაროვდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს პირველი ანგარიში - „ახალი დემოკრატიული პაქტისკენ ევროპისთვის“, რომელშიც ბერსე საქართველოში პროტესტის ამკრძალავ კანონებს, დემონსტრანტებზე ძალადობას, ნიღბიანების დაუსჯელობას თუ უმცირესობების უფლებების დარღვევებს აკრიტიკებს.

„ორმაგი სტანდარტი“

ევროპელი ლიდერების კრიტიკას “ორმაგ სტანდარტს” უწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ამის შესახებ ხშირად ლაპარაკობს მაკა ბოჭორიშვილიც. ეს გზავნილი ამჯერად მან ლუქსემბურგში ჩაიტანა და თანმხლებ პროსახელისუფლებო მედიას საბჭოს სხდომის დაწყებამდე უთხრა, რომ “დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფა“.

მედიის იმავე შემადგენლობას მინისტრთა კომიტეტის დახურული სხდომიდან გამოსული ბოჭორიშვილი "ცრუ ნარატივებზე" ესაუბრა:

„თუ ყველა კვლევას, რეიტინგს და მონაცემებს შევხედავთ, საქართველოს აქვს მართლაც თვალსაჩინო პროგრესი გასული 10 წლის განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობთ რეფორმებზე, სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამაზე მეტყველებს ყველა ის მონაცემი, რაც კი არსებობს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება.”

გამოსავლად “სწორი ინფორმაციის” მიწოდება ესახება, ეფექტიან გზად კი - კოლეგა-მინისტრებთან საუბარი. ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ეს შესაძლებლობა ლუქსემბურგშიც გამოიყენა და არაერთ მათგანს შეხვდა.

ტელეკომპანია “იმედმა” ორმხრივი შეხვედრების ჩამონათვალში უნგრელ, სერბ და ლიხტენშტაინელ მინისტრებთან შეხვედრები დაასახელა. საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე, გვიან ღამემდე, მხოლოდ ლიხტენშტაინისა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები და ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.

ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე მინისტრი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ელჩი ევროინტეგრაციის მექანიზმს საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

ევროსაბჭოს ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს მისამართით იმედგაცრუება გამოხატა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიერ ბეტელმა, რომელიც, ბოლო 6 თვის მანძილზე, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებდა.

14 მაისს ლუქსემბურგმა ეს ფუნქცია, როტაციით, მალტას გადააბარა.

„ეს რთულია... ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველანი თვეების, წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ უნდათ იყვნენ ახლოს ევროპასთან და დღეს, როცა ვთქვით, მოდით, დავიწყოთ, როგორც ფრანგები ამბობენ, თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს“, - "Euroscope-ის" შეკითხვის საპასუხოდ ქსავიერ ბეტელმა ასევე თქვა, რომ არასწორი მიმართულებით სვლა კიდევ უფრო მეტ სიშორეს გამოიწვევს და ეს იქნება „გაშვებული მომენტი“.

"თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის ძალიან სამწუხაროდ", - ეს უკვე “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სიტყვებია ბეტელის საპასუხოდ, TV იმედის ეთერში.

დღის ბოლოს, კობახიძემ თქვა, რომ ევროპაში “ტრაგიკული მდგომარეობაა” და იქ მაინც ნახულობენ დროს საქართველოზე თავდასასხმელად, როცა საქმე ეროვნული იდენტობისა და რელიგიური იდენტობის დაცვას შეეხება.

რა განიხილეს ლუქსემბურგში - რა წერია 2025 წლის ანგარიშში საქართველოზე

უკრაინის მხარდაჭერის და დახმარების გეგმის - მთავარი საკითხის - გარდა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განსახილველი საკითხების სიაში იყო, მათ შორის:

  • ევროსაბჭოს, როგორც დემოკრატიული უსაფრთხოების გარანტის როლი - ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში;
  • ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 2025 წლის ანგარიში [რომელიც 2024 წლის მდგომარეობას ასახავს] და რომელიც ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ასახელებს;
  • თანამშრომლობა ევროსაბჭოსა და ევროკავშირს შორის.


რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ევროსაბჭოს მინისტრებმა ალან ბერსეს დაავალეს. ასევე დაადასტურეს რუსეთის მიერ უკრაინიდან უკანონოდ გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების ვალდებულება.

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინის მხარდაჭერა, აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესის ჩათვლით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, “ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ უფრო წაიწიოს წინ “.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ერთ-ერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც თბილისსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მაინც მართავდა შეხვედრებს “ქართული ოცნების” ლიდერებთან. ხმაურიანი იყო მისი სტუმრობა თბილისში, “აგენტების კანონთან” დაკავშირებული ინიციატივის გამოც. ბერსეს მიერ გენმდივნის რანგში მომზადებულ პირველ წლიურ ანგარიშში საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები.

2025 წლის ანგარიში და სამოქმედო გეგმა სახელწოდებით “ახალი დემოკრატიული პაქტისკენ ევროპისთვის”, ალან ბერსემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას 14 მაისს წარუდგინა.

  • ანგარიშში ნახსენებია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტიც, როდესაც მან “მოუწოდა [საქართველოს] ხელისუფლებას, თავი შეეკავებინა ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი ეცა ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, კერძოდ - გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”.
  • აქვე წერია, რომ „2024 წლის დეკემბერში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის [კომიტეტის] თანამომხსენებლებმა გამოხატეს შეშფოთება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის გამო“.
  • “2024 წელს საქართველოში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, როდესაც ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმაზე [Safety of Journalists Platform] სამჯერ გაიზარდა საგანგაშო სიგნალების რაოდენობა, რაც, კერძოდ, ასახავს თავდასხმებისა და მუქარების რიცხვის ზრდას ჟურნალისტების მიმართ დემონსტრაციების გაშუქების დროს”, - წერია ქვეთავში: “ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაუსჯელი თავდასხმები”.


ანგარიშში მოხვდა ასევე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებაც - რომელშიც აღნიშნულია “პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება და ანგარიშვალდებულების არარსებობა ძალოვანი უწყებებისა და ნიღბიანი პირების მიმართ“.

„მან [ევროკომისარმა] წუხილი გამოხატა პროტესტთან დაკავშირებული ახალი აკრძალვების გამო, სახის დაფარვის აკრძალვის ჩათვლით და სასჯელის გამკაცრების გამო, წინასწარი კონსულტაციების გარეშე“, - ანგარიშის ამ მონაკვეთში ასევე ნახსენებია ევროკომისრის მოწოდება პროცესში მონაწილე სამართალდამცველების იდენტიფიცირების აუცილებლობის შესახებ, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.

არც შარშან და არც წელს, ჟურნალისტებისა თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დასჯილა მაშინ, როდესაც პროტესტის ათეულობით მონაწილე დღემდე საპატიმროში რჩება.

საქართველოს შესახებ ანგარიშის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ „ე.წ. უცხოური აგენტების კანონები და მშვიდობიანი პროტესტის ამკრძალავი კანონმდებლობა კვლავაც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას“. 2024 წლის მოვლენების ამსახველ ანგარიშში ლაპარაკია მხოლოდ შარშან დამტკიცებულ „აგენტების კანონზე“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა.

მსგავს კანონმდებლობასთან მიმართებით, საქართველოს გარდა, ანგარიშში ნახსენებია ასევე რუსეთი, უნგრეთი და თურქეთი.

საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციები მოჰყვა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დამტკიცებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგად მოიხსენიებს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში დასმულია ასევე აქცენტები უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და ჰომოფობიის წახალისების შესახებ და ხაზგასმულია პროკურატურის, როგორც „კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ელემენტის“, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

ბერსე თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ ევროპის უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებას შეუძლია და მას ვერანაირი სამხედრო ძალა ვერ შეცვლის.

დემოკრატია კი, ტექსტში განმარტებულია, რომ სამართლიან არჩევნებზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფალ მასმედიაზე, ანტიკორუფციულ მექანიზმებზე, გენდერული თანასწორობასა და სოციალური სამართლიანობაზე დგას.

მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ალან ბერსემ, ასევე "ევროსკოპის" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ საქართველოში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება, ახლა „საკმაოდ რთული და საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა“ და საჭიროა დიალოგი და მუშაობა, რადგან საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და აქვს ვალდებულებები, ხოლო ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG