Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა


ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აბუ-დაბიში
ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აბუ-დაბიში

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ლაშა გაბიტაშვილს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. მიზეზად ორმაგი მოქალაქეობა სახელდება - გაბიტაშვილმა ისრაელის პასპორტი ცოლთან ქორწინების შემდეგ აიღო, საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად კი იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა.

ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებამ აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წევრებთან ინციდენტის შემდეგ გაიცნო. მას ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება: მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება საქართველოში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელონ მოქალაქეობა“, - აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.

იგი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აპირებს:

„მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე, პირიქით, ვთქვი, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა“.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი უკვე ფლობდა ისრაელის პასპორტს, როცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა.

2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ მიღებამ და გვიან შემოდგომით კი „ქართული ოცნების“ განაცხადმა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. მათი ნაწილი ამ პარტიის წარმომადგენლებს პირისპირ შეხვედრის დროს „მონას“ ეძახდა.

ერთ-ერთი მათ შორის იყო ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აბუ-დაბიში მოგზაურობის დროს, 12 იანვარს შეხვდა და „მონა“ უწოდა. 13 იანვარს მას აბუ-დაბის სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ.

ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ლაშა გაბიტაშვილს საცხოვრებელთან თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებსაც სახეები შენიღბული ჰქონდათ.

„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, - თქვა ლაშა გაბიტაშვილმა მაშინ და ეს თავდასხმა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.

ამ დრომდე მედიისთვის არ არის ცნობილი, დააკავა თუ არა პოლიციამ ლაშა გაბიტაშვილზე თავდამსხმელები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG