Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ


ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის („კოალიცია ცვლილებისთვის“), ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო საქართველოს პარტნიორები განაგრძობენ შეშფოთების გამოხატვას. ამ საკითხზე დღეს, 24 მაისს, სოციალურ ქსელ X-ში განცხადებები გაავრცელეს ევროკავშირის ქვეყნებმა: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლატვიის საელჩომ.

  • ლატვიის საელჩო საქართველში: „ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის მიმართ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!“
  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით ღრმად შეშფოთებული ვართ. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაპატიმრებები, არსაითკენ მიმავალი გზაა. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“

ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).

ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადა არც ირაკლი ოქრუაშვილმა - ის სასამართლო სხდომათა დარბაზში 14 მაისს დააკავეს. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG