Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ ტრამპმა ყაველაშვილს მისი ჩართულობით მისწერა


ფოტოკოლაჟი: კიმბერლი ლოუ (მარცხნივ), დონალდ ტრამპი და მიხეილ ყაველაშვილი.
ფოტოკოლაჟი: კიმბერლი ლოუ (მარცხნივ), დონალდ ტრამპი და მიხეილ ყაველაშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კიმბერლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს 26 მაისის მისალოცი წერილი მისი ჩართულობით მისწერა.

„მე გავგზავნე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი ვაშინგტონში შესაბამის არხებზე, რათა გაეგზავნათ პრეზიდენტი ტრამპისთვის და მან უპასუხა“, - წერს ფეისბუკში კიმბერლი ლოუ და ურთავს „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბავს, სადაც ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილზეა საუბარი.

დღეს, 27 მასის მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - როგორც ყაველაშვილის პრესსამსახური წერს, ეს წერია ტრამპისგან გამოგზავნილ წერილში.

იმ შემთხვევაში, თუ რადიო თავისუფლება შეძლებს მოიპოვოს წერილის ასლი, ეს მასალა განახლდება.

13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართა. კობახიძე აღნიშნავდა, რომ უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე; მიიჩნევს, რომ ეს გასაკვირია, რადგან „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა.

26 მაისს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქართველ ხალხს მიულოცა. მასში ნახსენები არ იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ ტრამპისგან მიღებული წერილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს თქვა, რომ „ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG