საქართველოდან 2025 წლის პირველ ხუთ თვეში უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე მთლიანად 2024 წელს. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს.
2024 წელს საქართველოდან 363 უცხოელი გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის 71, ირანის 54, თურქეთის 31, ინდოეთის 33, ნიგერიის 31, რუსეთის 20 მოქალაქე.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი, 394 უცხოელის გაძევებაზეა ცნობილი. კერძოდ, იანვარ-მარტის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან 219 უცხოელი გააძევეს, მათ შორის ირანის 42, ინდოეთის 32, თურქეთის 25, ჩინეთის 23, რუსეთის 16, თურქმენეთის 13 მოქალაქე; აპრილში – 96. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ სამი პრესრელიზი გაავრცელა, რომლებშიც საუბარია 33, 15 და 31 უცხოელის გაძევებაზე.
მზარდია მონაცემები წლების მიხედვითაც. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობა 91%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, 2022-თან შედარებით – 15%-ით. 2023 წელს საქართველოდან 190 უცხოელი გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის 41, ირანის 32, ინდოეთის 27, რუსეთის 13 მოქალაქე; 2022 წელს კი - 165 უცხოელი, მათ შორის ირანის 29, თურქეთის 25, აზერბაიჯანის 21, ინდოეთის 15 მოქალაქე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციული კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით გაამკაცრა. სადავო პარლამენტის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ცვლილებით, შემოდის ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – ქვეყნიდან გაძევება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მისი გამოყენება მოხდება მათ მიმართ, ვინც „სჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორებიც არის, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა“.
„საზოგადოება ხედავდა, რომ არაერთი უცხოელი მონაწილეობდა გასული წლის აქციებზე, მათ შორის, რამდენიმე მათგანი პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ და მოგვიწია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს“, – განაცხადა დარახველიძემ პირველი არხის ეთერში.
ფორუმი