მიზეზებს შორის კი ჩამოთვლილია პოლიტიკური ვითარება, ხელისუფლების მიერ ოპონენტების დევნა, დემონსტრანტებზე ძალადობა და თბილისის მერიიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე თანამშრომლების გათავისუფლება.
“ყოფილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ქარცეცხლშია გახვეული”, - წერს ფრანგული მედია ამ გადაწყვეტილების გაშუქებისას.
ნანტი საფრანგეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია, 325 ათასი მცხოვრებლით. თბილისისა და ნანტისთვის დაძმობილება ბევრნაირ თანამშრომლობას გულისხმობდა - გამოფენების მოგზაურობა, სტუდენტების გაცვლა, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა.
ნანტის მერი არაერთხელ ყოფილა "თბილისობაზე", 2023 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობდა, თბილისის მერი კახა კალაძეც ნანტის მერიამ მიიწვია.
ნანტთან მეგობრობამ უბიძგა თბილისს 2001 წელს ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებისკენაც - ამ ასოციაციის სხდომებში თბილისის მერის მონაწილეობით წლების წინ თბილისის მერიაც ამაყობდა.
ეს ასოციაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე ქალაქს აერთიანებს, აფინანსებს მუნიციპალური სამსახურების მოდერნიზაციას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების პროგრამებს, ფულს დებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღდგენაში, ავითარებს სასმელი წყლის სისტემებს.
მაგალითად, ამ ასოციაციამ გამოყო 200 000 ევრო თბილისში აბრეშუმის მუზეუმის შენობის აღდგენაზე, კიდევ 50 000 ევრო კი - მუზეუმის პროგრამებისთვის. 2017 წელს კი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა ასოციაციამ თბილისში დააფინანსა საველე სკოლა, რომელიც ახალგაზრდა რესტავრატორებსა და ქვის მთლელებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარა.
|
რად გაწყდა მეგობრობის ჯაჭვი?
მაშინ, როცა თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომებზე, სხვა საკითხებთან ერთად, ნანტის სკვერის რეაბილიტაციას ახსენებს, ნანტის მერიაში თბილისში საჯარო მოხელეების გათავისუფლება აწუხებთ.
“ნანტის მერიამ განმარტა, რომ შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით და ქვეყანაში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების შემდეგ ოპონენტების რეპრესირებით. გარდა ამისა, ნანტის მერიამ შეიტყო, რომ თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, რომელთანაც ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. მათ დაგმეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, მათი ღიად პროევროპული პოზიციების გათვალისწინებით. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ამ საკადრო წმენდის შემდეგ დაიხურა და მისი მისიები სხვა დეპარტამენტმა გადაიბარა“, - წერს ფრანგული მედია.
„1979 წელს საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და ამ ქვეყანას მართავდა ბრეჟნევი, ეს არის წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში. როგორც ჩანს, ნანტის მერი ფიქრობს, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველო”, - ასე გამოეხმაურა ნანტის მერიის გადაწყვეტილებას ერთპარტიული და სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და კიდევ ერთხელ გაიხსენა საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებული პროექტები, რომლებსაც პაპუაშვილი “ექსტრემიზმის დაფინანსებას” ეძახის.
თბილისის მერიიდან 2025 წლის მაისში რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი ლალი უნაფქოშვილი, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებას და ნანტთან ურთიერთობას კურირებდა.
ფრანგულ-ქართულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის ის 2021 წელს საფრანგეთის "აკადემიური პალმების" ოფიცრის ორდენით დააჯილდოვეს - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ჯილდო, რომელიც 1808 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა დააარსა. 2020 წელს კი მას ჟიულიენ გრაკის წიგნ „ქალაქის ფორმის“ თარგმანისთვის, რომელიც ნანტს ეძღვნება, საქართველოს მწერალთა სახლის პრემია "ლიტერა“ გადაეცა. 2023 წლის 5 ოქტომბერს, ნანტის მერმა ჟოანა როლანმა ჟულიენ გრაკის მთარგმნელს და თბილისის მერიის თანამშრომელს ნანტის საპატიო მედალიც გადასცა.
“ქალბატონი ლალი უნაფქოშვილი 30 წელზე მეტია კეთილსინდისიერად, პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი დედაქალაქის ინტერესებს. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში, კერძოდ, საფრანგეთის ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. მეამაყება, რომ ასეთი თანამშრომლები ჰყავს თბილისის მუნიციპალიტეტს. მადლობა, რასაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებთ“, - ასე ულოცავდა თბილისის მერი კახა კალაძე თავის თანამშრომელს 2021 წელს "პალმების ორდენის" მიღებას.
ლალი უნაფქოშვილის ნათარგმნი წიგნების პრეზენტაციას 2023 წელს ჯერ კიდევ ესწრებოდნენ მერიის მაღალჩინოსნები და საკრებულოს დეპუტატები.
ლალი უნაფქოშვილი, მერიის არაერთი თანამშრომლის მსგავსად, იყო ხელმომწერი პეტიციისა,რომელიც საჯარო მოხელეებმა 2024 წლის 30 ნოემბერს გაავრცელეს, საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის პარალელურად და რომელშიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპულ მომავალს უცხადებდნენ ერთგულებას. ამგვარ პეტიციებზე ხელმომწერთა დიდ ნაწილს როგორც მერიიდან, ისე სამინისტროებიდან მომდევნო თვეებში სამსახურიდან დაითხოვენ - ნაწილი ჯერაც ელოდება ხელმძღვანელის ოფიციალურ გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ.
“ნუთუ ერთი საღად მოაზროვნე მრჩეველი მაინც არ გყავდათ? ნუთუ არავის დაებადა აზრი, რომ ის, ვისაც ევროპისკენ ღირსებით სვლა განუზრახავს, არ გააუქმებს დედაქალაქის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს და ხაზს არ გადაუსვამს ქალაქებს შორის ნახევარი საუკუნის წინ დაწყებულ ურთიერთობებს.
ისტორია შეცდომებს არ ივიწყებს.
ქალაქ ნანტის მერმა მიშელ შოტიმ 1984 წელს საბჭოთა თბილისთან ურთიერთობა შეწყვიტა, მაგრამ 1990 წელს, ნანტის ახალმა მერმა ჟან- მარკ ერომ აღადგინა თბილისთან ურთიერთობა. განვითარდა სამაგალითო თანამშრომლობა დაძმობილების ისტორიაში. ახლაც ასე იქნება”, - დაწერა ფეისბუკზე ლალი უნაფქოშვილმა თბილისის მერიიდან გათავისუფლების შემდეგ.
რას დაკარგავს თბილისი ნანტის გადაწყვეტილებით?
“2022 წლის აპრილი გავატარე ნანტში, იმ ნანტელების გვერდით, ვისაც თბილისის ხსენებისას სახე უნათდებოდათ. ცოტა მიკვირდა, მოგონებებისგან რომ ვერ თავისუფლდებოდნენ, გულის ნაწილი ჩვენს ქვეყანაში რომ დაეტოვებინათ და დაბრუნება სანატრელი გახდომოდათ. მეც შემიყვარდა ლუარი და მისი ნაპირები, ხიდები, სენტ-ანის მაღლობი, სადაც მწერალთა რეზიდენცია იყო და საიდანაც გასაოგნებელი ხედი იშლებოდა. ამბობდნენ, რომ გაცვლითი პროგრამა უნდა გაგრძელებულიყო, ყოველწლიური უნდა გამხდარიყო. შეხვედრების დროს ხშირად მესმოდა: ეს მხოლოდ დასაწყისია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბები მოხდებაო. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთის მიყოლებით წყდება ძაფები, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ძალიან ცუდი ნიშანია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე. ის მწერალთა სახლის გაცვლითი პროგრამით იყო საფრანგეთში და იმ დროს, როცა ის ნანტში წავიდა, თბილისში ორი კვირით ჩამოვიდა ნანტელი მსახიობი და დრამატურგი სოფი მერსერონი, მწერალთა სახლის რეზიდენციაში სამუშაოდ.
ამ ერთობლივი პროგრამის ჩატარებიდან მალევე მწერალთა სახლში ხელმძღვანელი შეიცვალა. ახალ დირექტორს, “რუსულ კანონად” წოდებულ აგენტების კანონზე ხელმომწერ "ოცნების" ყოფილ დეპუტატ ქეთევან დუმბაძეს, ლიტერატორთა დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ეტაპობრივად ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ამ ინსტიტუციას ჰქონდა, გაჩერდა.
კულტურული ღონისძიებების გარდა, ნანტში საქართველოსთან დაკავშირებული ღონისძიებები იყო პლატფორმა ამ ქვეყნის დასავლეთთან კავშირების გასაღრმავებლად. მაგალითად, 2025 წლის იანვარში, როცა თბილისში ჯერ კიდევ მძაფრად აღიქმებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გამო წამოწყებულ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების სასტიკად დარბევისა და წამების ისტორიები, ნანტში ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია “როგორია საქართველოს ევროპული არჩევანი”, იქვე მოეწყო ასოციაცია “თბილისი-ნანტის” მიერ ორგანიზებული გამოფენა “განსხვავებული ხედვები საქართველოს შესახებ.”
სხვადასხვა დროს ნანტში გამართულა ფიროსმანის ნახატების გამოფენა, ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამოები, ახალგაზრდული სპორტული ბანაკი, 13-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ამ ეტაპზე ნანტის გადაწყვეტილება, შეეწყვიტა მეგობრობა თბილისთან, არ არის სამუდამო და ყოველმხრივი - სახელმწიფო სტრუქტურებთან გაუქმებული კავშირების პარალელურად, ფრანგული ქალაქი კვლავ განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების და ასოციაციების მხარდაჭერას საქართველოში.
* საბჭოთა კავშირის დროს თბილისის მმართველის წოდება იყო არა მერი, არამედ საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.
ფორუმი