Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

320-ზე მეტი დრონი და რაკეტა - უკრაინაზე რუსეთის შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო


რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისთვის, რომელიც გასულ ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა, რუსეთის ჯარებმა 315 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ბალისტიკური რაკეტა და 5 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.

ეს მონაცემები დღეს, 10 ივნისს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი ინფორმაციით, დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი.

საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 7-ვე რაკეტა და 213 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 64 დრონი კი ლოკალურად დაიკარგა.

სარდლობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით დარტყმა დაფიქსირებულია 11 ადგილზე, ხოლო ნამსხვრევების ჩამოცვენა - 16-ზე.

რუსეთის მასირებული დარტყმის ადგილი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი
რუსეთის მასირებული დარტყმის ადგილი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, რუსეთის მორიგმა მასირებულმა შეტევამ ნგრევა და ხანძრები გამოიწვია კიევის შვიდ რაიონში. დაშავდა ოთხი ადამიანი. კიევში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, ბიზნეს-ცენტრი, საწყობები და რკინიგზა.

რუსეთის ჯარების სამიზნე იყო ქალაქი ოდესაც, სადაც საოლქო პროკურატურის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, სამშობიარო სახლის ადმინისტრაციული შენობა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგური, კერძო კლინიკა, სპორტული კომპლექსი და რკინიგზის სადგურის შენობა.

განახლება: 10 ივნისს, შუადღის შემდეგ უკრაინის კულტურის მინისტრმა მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მასირებული შეტევისას აფეთქების ტალღამ დააზიანა კიევის ცენტრში მდებარე წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი. მინისტრის ინფორმაციით, დაინგრა XI საუკუნის ტაძრის კარნიზი.

ტოჩიცკის ცნობით, ოდესაში დაზიანდა ქალაქის ცნობილი კინოსტუდიის პავილიონები, საწყობები, დეკორაციები და ავტოტრანსპორტი. სრულად განადგურებულია ფილმის, „დოვჟენკოს“ დეკორაციები.

რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის გამო ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

რუსული დრონებით შეტევა იყო ოდესის საცხოვრებელ უბნებზეც. 2025 წლის 10 ივნისი
რუსული დრონებით შეტევა იყო ოდესის საცხოვრებელ უბნებზეც. 2025 წლის 10 ივნისი

ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს უკრაინაზე შეტევა, განსაკუთრებით დედაქალაქ კიევზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არის პასუხი სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმებზე, რომლებსაც „ტერორისტულს" უწოდებს. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაში სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შესახებ.

2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა სამჯერ განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა ოლქში სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG