„მოწინააღმდეგის შემტევი უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმოების შესაძლებლობების შესამცირებლად, 15 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფების მიერ, სხვა თავდაცვით ძალებთან კოორდინაციით, განხორციელდა დარტყმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე. სამიზნე იყო დრონების საწარმოს სიმძლავრეები ქალაქ ელაბუგაში, თათრეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტზე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფარგლებში, აწარმოებდნენ შემტევ უპილოტო საფრენ აპარატებს, აკეთებდნენ ტესტირებას და იყენებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
„დადასტურებულია, რომ დარტყმის საშუალებებმა სამიზნის ზონას მიაღწიეს. დაზუსტებული შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ელაბუგაში მდებარეობს სპეციალური ეკონომიკური ზონა. სწორედ იქ, სხვა საწარმოებთან ერთად, კეთდება „შაჰედის“ ტიპის უპილოტოები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებში.
თათრეთის ხელმძღვანელმა, რუსტემ მინიხანოვმა, საწარმოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო 13 დაშავებულიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც მინიხანოვმა დაწერა, „ლიკვიდაციის დროს უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ელაბუგის რაიონში მდებარე საავტომობილო ქარხნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობას დაეცა“.
Mediazona-ს ცნობით, ნამსხვრევების დაცემის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა Aurus-ისა და Sollers-ის საავტომობილო ქარხნების ტერიტორიაზე. თავდასხმის ფონზე, "როსავიაციამ" შეზღუდვები დაუწესა ყაზანის, ნიჟნეკამსკისა და იჟევსკის აეროპორტებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის რეგიონები ხშირად ხდება სარაკეტო და დრონებით თავდასხმის სამიზნე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად იუწყება სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე. კიევი კი ამ შეტევებზე კომენტარს უმეტეს შემთხვევაში არ აკეთებს.
ფორუმი