Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად


კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 17 ივნისი
კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 17 ივნისი

უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ 17 ივნისს, შუაღამის შემდეგ განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად.

ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ დილის რვა საათის შემდეგ ტელეგრამ-არხებით გაავრცელეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. მანამდე ოფიციალურად ცნობილი იყო, რომ კიევში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მთლიანად დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დაზიანებულია სახლები, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.

შინაგან საქმეთა მინისტრ კლიმენკოს ცნობით, კიევის სხვადასხვა რაიონში, 27 ადგილზე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

მაშველები ეძებენ კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებში მოყოლილებს. 2025 წლის 17 ივნისი
მაშველები ეძებენ კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებში მოყოლილებს. 2025 წლის 17 ივნისი

რუსეთის ჯარებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეუტიეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში, 1 - კიევის ოლქში და 1 - ჩერნიგოვის ოლქში.

განახლება: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ტელეგრამ-არხზე დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, კიევში 60-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. ოდესაში დაიღუპა ერთი ადამიანი და 10 დაშავდა.

განახლება: კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დილის თერთმეტის ნახევრისთვის დადასტურებულია, რომ კიევში დაშავდა 99 ადამიანი, რომელთაგან 59 ჰოსპიტალიზებულია.

განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის თერთმეტი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, დაშავებულია 114 ადამიანი. მათგან 68 ჰოსპიტალიზებულია.

განახლება: 17 ივნისს, საღამოს შვიდის ნახევრისთვის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 12 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული - ათის კიევში და ორის ოდესაში. რაც შეეხება დილის ოფიციალურ მონაცემებს კიევში 14 ადამიანის დაღუპვის შესახებ, კლიმენკომ განმარტა, რომ ოპერატიულ ინფორმაციას ხშირად კორექტირება სჭირდება, რადგან როცა მაშველები სამძებრო ოპერაციისას ცხედრების ნაწილებს პოულობენ, ისინი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე ფიქსირდებიან როგორც ცალკეული დაღუპულები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს საკაცით მიჰყავთ კიევზე რუსეთის მასირებული შეტევისას დაჭრილი. 2025 წლის 17 ივნისი
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს საკაცით მიჰყავთ კიევზე რუსეთის მასირებული შეტევისას დაჭრილი. 2025 წლის 17 ივნისი

ფორუმი

XS
SM
MD
LG