დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან "საუბრის" შემდეგ აღმოიფხვრა.
2025 წლის 28 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თურნავას ძვირადღირებული საათების კოლექციაში ყველაზე იაფიანი Rolex Datejust 41-ია. მასში 2023 წლის 1 სექტემბერს 10 346 ევრო გადაიხადა. იმავე წელს იყიდა 47 312 ევროდ შეფასებული Audemars Piguet Royal Oak Chronograph-ი.
გარდა ამისა, ის ფლობს:
- Rolex Cosmograph Daytona-ს (ფასი - 44 502 EUR);
- Rolex Yacht-Master 40-ს (ფასი - 25 767 EUR);
- Rolex GMT-Master II-ს (ფასი - 19 900 EUR);
- Rolex Datejust 41-ს (ფასი - 16 428 EUR);
- Rolex Milgauss-ს (ფასი - 13 436 EUR).
მასვე ეკუთვნის 200 000 დოლარის ღირებულების „ბიტკოინები“, ნაღდი ფულის სახით კი ჰქონდა 430 000 ევრო.
გარდა ამის, მის საბანკო ანგარიშებზე იყო 270 ათას ლარზე, 75 ათას ევროსა და 16 ათას დოლარზე მეტი.
მის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა და სამი ავტოფარეხი თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე.
„ქართული ოცნების“ მილიონერმა დეპუტატმა პარლამენტში თითქმის ერთთვიანი მუშაობის დროს 4778 ლარი გამოიმუშავა.
ვახტანგ თურნავა დეპუტატი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა - ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ამ დრომდე არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით კი 200 დღეზე მეტია აქციები იმართება.
ფორუმი