დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი.
საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან - კურსკიდან, შატალოვოდან, ორიოლიდან, ბრიანსკიდან, მილეროვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან.
აერობალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტებით შეტევა იყო რუსეთის სარატოვის, ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებიდან და შავი ზღვის აკვატორიიდან.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობითვე, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა, კიდევ 166 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
სარდლობის თანახმად, 10 ადგილზე დაფიქსირებულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით დარტყმა, 34 ადგილზე კი ნამსხვრევების ჩამოცვენა.
17 ივნისის დღის 12 საათისთვის ცნობილია, რომ კიევში დაიღუპა 14 და დაშავდა 114 ადამიანი. ოდესაში დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. კიევის ოლქში დაიჭრა ერთი ადამიანი და ამდენივე ჩერნიგოვში.
დანგრეული და დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
18 ივნისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.
განახლება: 17 ივნისს, საღამოს შვიდის ნახევრისთვის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 12 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული - ათის კიევში და ორის ოდესაში. რაც შეეხება დილის ოფიციალურ მონაცემებს კიევში 14 ადამიანის დაღუპვის შესახებ, კლიმენკომ განმარტა, რომ ოპერატიულ ინფორმაციას ხშირად კორექტირება სჭირდება, რადგან როცა მაშველები სამძებრო ოპერაციისას ცხედრების ნაწილებს პოულობენ, ისინი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე ფიქსირდებიან როგორც ცალკეული დაღუპულები.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, აშშ და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, პუტინი ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლია თავს მისცეს ომის გაგრძელების საშუალება და „ცუდია, როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამაზე თვალს ხუჭავენ“. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყველა პარტნიორთან ყველა დონეზე განაგრძობს კონტაქტებს, რათა ტერორზე შესაბამის პასუხს მიაღწიოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა განზრახ დაამთხვია „დიდი შვიდეულის“ სამიტს. სიბიჰას შეფასებით, ეს იყო პუტინის სიგნალი აშშ-ისა და უკრაინის სხვა პარტნიორებისადმი, რომ უგულებელყოფს ომის შეწყვეტისკენ მათ მოწოდებებს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტზე, რომელიც 15 ივნისიდან კანადაში მიმდინარეობს, დღეს, 17 ივნისს უნდა იმსჯელონ უკრაინაში ომისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრების შესახებ. განხილვა ჩაივლის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარეშე, რადგან მან კანადაში ვიზიტის ვადაზე ადრე დასრულების და ვაშინგტონში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თეთრ სახლში მიზეზად დაასახელეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება.
რუსეთს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეულ მსხვერპლსა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევაზე არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 17 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხებოდა რუსეთის 9 ოლქსა და მოსკოვის რეგიონში 147 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის „გზად დაჭერას და განადგურებას“.
ფორუმი