Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შიში მუშაობს... რუსი თავს მაშინ გრძნობს უსაფრთხოდ, როცა სხვებს ეშინიათ” - პროფესორი მაიკლ კლარკი


ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ მაიკლ კლარკთან
ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ მაიკლ კლარკთან

„ჩვენ გვწამს მშვიდობა შიშით, იმიტომ, რომ დავამტკიცეთ: შიში მუშაობს“ - ასე შეაჯამა რუსეთის საგარეო პოლიტიკა დმიტრი მედვედევმა სულ ახლახან. და მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი ლიდერებიდან მედვედევის სულ უფრო და უფრო ოდიოზურ გამონათქვამებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, ეს ფორმულირება მეხსიერებაში მაინც დარჩა პროფესორ მაიკლ კლარკს - დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამხედრო ანალიტიკოსს და წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, RUSI-ს ყოფილ ხელმძღვანელს.

13 ივნისს თბილისში საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის (UGSPN) საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კლარკმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, როგორ შეიძლება ნატომ ვერ ჩააბაროს მომდევნო გამოცდა და რატომაა, რომ მომავლის ომების ბედს ტანკები კი არა, ავტონომიური დრონები გადაწყვეტენ.

თუ რუსებმა მოახერხეს და ამერიკელები ევროპიდან გააძევეს, და მგონია, რომ შესაძლებელია, ტრამპმა კრემლს ეს ყველაფერი „ლანგარზე მიართვას“, მაშინ რუსეთს საშუალება ექნება, ევროპა „დაყოს და იბატონოს“...

რადიო თავისუფლება: ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს განცხადებაზე რას იტყვით? როცა ბრიტანელებს უთხრა – პენსიაც გექნებათ, ჯანდაცვაც გექნებათ, მაგრამ თუ მშპ-ს 5%-ს თავდაცვაში არ ჩადებთ, ჯობია რუსულის სწავლა დაიწყოთო - ეს მხოლოდ მეტაფორაა, თუ რეალური საფრთხე?

მაიკლ კლარკი: მარკ რიუტე კარგი პოლიტიკოსია და ზუსტად იცოდა, რას ამბობდა — ეს იყო გაცნობიერებული, გამიზნული ფრაზა. მან სპეციალურად შეარჩია ეს ფორმულირება, წინასწარ იცოდა, რომ პროვოკაციულად გაიჟღერებდა, მაგრამ მას ჰქონდა მიზანი ნატოს სამიტის წინ - მოკავშირეებს თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტის 3.5%-მდე გაზრდისკენ უბიძგოს; სულ 5%, მაგრამ აქედან 3.5% უშუალოდ თავდაცვაზე (core defense expenditure). ამ მაჩვენებლით დაახლოებით 325 მილიარდ დოლარს მიიღებენ, რაც დაემატება იმ 425 მილიარდს, რასაც ევროპელები უკვე ხარჯავენ ნატოს ფარგლებში. ჯამში გამოდის დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი – რაც უკვე საკმაოდ ახლოსაა ამერიკის 850 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტთან.

ამიტომ მისმა ნათქვამმა გარკვეულწილად შეგვახსენა, რომ ახლა - ანაც, უკიდურეს შემთხვევაში, მალე - ან დავთმობთ რაღაცებს, ან მოგვიწევს საკუთარი მომავლის განკარგვა რუსეთს გადავულოცოთ. და სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს გაზვიადებაა. როცა ვამბობ „რუსებს ჩვენს ცხოვრებაზე ზეგავლენა ექნებათ-მეთქი“, ვგულისხმობ შემდეგს: თუ რუსებმა მოახერხეს და ამერიკელები ევროპიდან გააძევეს, და მგონია, რომ შესაძლებელია, ტრამპმა კრემლს ეს ყველაფერი „ლანგარზე მიართვას“, მაშინ რუსეთს საშუალება ექნება, ევროპა „დაყოს და იბატონოს“. ამისთვის მათ ხელთ აქვთ შანტაჟის ყველა იარაღი. მოიქცევიან ზუსტად ისე, როგორც ჩინელები იქცევიან – თუ რაღაც არ მოეწონებათ, ეკონომიკურად დაგსჯიან.

როცა ბრიტანელები მეკითხებიან, „კარგი, კარგი, მაგრამ რუსები ხომ არ დაგვიპყრობენ, ბოლოს და ბოლოს, განა ასეთი გიჟები არიან?“, — ვპასუხობ, რომ ალბათ, არა. მაგრამ თუ არაფერს იღონებთ, მოვა დღე, როცა ბანკომატიდან ფულს ვეღარ გამოიტანთ, რადგან სატელიტური კავშირი შეფერხდა, კრემლის ჩარევის გამო. მოვა დღე, როდესაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მუშაობა შეფერხდება კიბერთავდასხმების გამო. დაელოდეთ, სანამ მატარებლები რამდენიმე დღით გაჩერდება. ან ინტერნეტი გაგეთიშებათ. აი, მაშინ მიხვდებით, როგორია ცხოვრება რუსეთის გავლენის ქვეშ.

რუსეთის გზავნილი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც პეკინიდან ისმის: „თუ ისე მოიქცევით, როგორც ჩვენ გვაწყობს, როგორი მოლოდინიც გვაქვს, არაფერი მოგივათ. თუ არა, თუ „ითავნებებთ“ – მაშინ დაგსჯით.“ ასე მოქმედებს რუსეთი. მათ სჭირდებათ ირგვლივ სუსტი ქვეყნები – ისინი მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ძლიერად, როცა სხვები სუსტები არიან.

რადიო თავისუფლება: კრემლის ლოგიკის მარტივი შეჯამება.

მაიკლ კლარკი: დიახ. ხშირად მივდივარ მედვედევამდე კრემლის ლოგიკის ახსნისას. არ ვთვლი, რომ მას განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მივუდგეთ – ის არც პირველი რანგის პოლიტიკოსია და, თანაც, დიდი ალბათობით, ალკოჰოლის პრობლემაც აქვს, მაგრამ ერთი თვის წინ ზუსტად ასე თქვა: „ნატო ლაპარაკობს სიძლიერით მშვიდობის მიღწევაზე (peace through strength). ჩვენ ამის არ გვწამს. ჩვენ გვწამს შიშით მიღწეული მშვიდობის, იმიტომ, რომ ვხედავთ: შიში მუშაობს.“ და იცით, რა – მართალია. რუსეთმა საკმარისი შიში დათესა – განსაკუთრებით გერმანიაში და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში – იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. რუსი თავს მაშინ გრძნობს უსაფრთხოდ, როცა სხვებს ეშინიათ.

რადიო თავისუფლება: მსხვერპლზე თუ ვისაუბრებთ – იყო კიდევ ერთი საგულისხმო განცხადება, ამჯერად უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, რომელმაც იკითხა – არიან კი მზად ბრიტანელი დედები თავიანთი შვილები ფინეთისთვის საბრძოლველად გაგზავნონო. თქვენ რა პასუხი გექნებოდათ - მზად არიან?

მაიკლ კლარკი: დიახ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვყავს პროფესიული არმია. ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას არმიაში იმსახურონ და იციან, რა საქმიანობა ელით. სავალდებულო გაწვევა არ გვაქვს და არც ვაპირებთ მისი დაბრუნებას. სამაგიეროდ, რეზერვისტების რაოდენობის ზრდას ვგეგმავთ – სერიოზულად.

ბრიტანეთში ყოველთვის გააზრებული ჰქონდათ, რომ შესაძლებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედროები დაიღუპონ – მათ შორის, საზღვარგარეთ – და არ მგონია, ეს მიდგომა საგრძნობლად შეიცვალოს. შესაძლოა, შეიცვალოს იმ დედის განწყობა, რომელსაც შვილი ეტყვის, რომ არმიაში სამსახურს ან რეზერვში ჩარიცხვას აპირებს. მაგრამ პოლიტიკურად, ბრიტანეთში სამხედრო პერსონალის დანაკარგები არასდროს ყოფილა ტოქსიკური თემა.

რუსეთი მიუბრუნდება ნატოს სამხრეთ ევროპელ წევრებს და ეტყვის: „ხედავთ? ნატო ვერ დაგიცავთ. ესტონეთს ვერ დაეხმარა, თითიც კი არ გაანძრია მის დასაცავად. თქვენ რისი იმედი გაქვთ?..“

რადიო თავისუფლება: ანუ, ფართომასშტაბიანი საჯარო პროტესტი იმაზე, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები, ვთქვათ, ფინეთში იგზავნებიან – მოსალოდნელი არ არის?

მაიკლ კლარკი: არ მგონია - მართალია, ვარაუდის დონეზე ვსაუბრობ, მაგრამ ისტორიულად მსგავსი პრეცედენტი არ გვქონია. ბრიტანეთის არმიას 360 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, და მხოლოდ 22 წლის განმავლობაში გვქონდა სავალდებულო გაწვევა – პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. დანარჩენ დროს მთლიანად მოხალისეობრივ ძალებზე ვიყავით დაყრდნობილი – და ამით ვამაყობთ კიდეც.

დიახ, თანამედროვე საზოგადოება ბევრად უფრო სენსიტიურია, ვიდრე წინა თაობები – მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ლეგიტიმური ოპერაციისას სამხედრო დანაკარგები საზოგადოებას არმიის წინააღმდეგ განაწყობს – თუ, რა თქმა უნდა, მთავრობა ოპერაციის მიზანს ნათლად და პატიოსნად აუხსნის მოსახლეობას.

ავღანეთში, ერაყში და თუნდაც ფოლკლენდის ომში არ გვინახავს მასშტაბური საპროტესტო ტალღა სამხედრო დანაკარგების გამო.

რადიო თავისუფლება: კულებას მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბრიტანეთს არ ეხებოდა – ის ამბობდა, რომ თუ რუსეთი რომელიმე მიყრუებულ სოფელს ან კუნძულს დაიკავებს და ნატო ამაზე ჯეროვნად არ რეაგირებს - იგულისხმება მეხუთე მუხლის ამოქმედება, მაშინ ნატოს საქმე წასულია, ნატო „მორჩა“. ეთანხმებით?

მაიკლ კლარკი: არა – ნატო არ დასრულდება, მაგრამ ძალიან სერიოზულად დაზიანდება, თუ ვთქვათ და რუსეთი იმავე „მწვანე კაცუნების“ მეთოდით – როგორითაც დონბასში და ყირიმში იმოქმედა – ესტონეთის ან ლატვიის ნაწილის ოკუპაციას შეეცდება. ფორმალურად, ეს მეხუთე მუხლის ამოქმედების საბაბი უნდა გახდეს. და თუ ნატო ამას სათანადოდ არ უპასუხებს – ეს ალიანსს ალბათ არ ჩამოშლის, მაგრამ კოლოსალურ დარტყმას მიაყენებს.

რუსეთი მიუბრუნდება ნატოს სამხრეთ ევროპელ წევრებს და ეტყვის: „ხედავთ? ნატო ვერ დაგიცავთ. ესტონეთს ვერ დაეხმარა, თითიც კი არ გაანძრია მის დასაცავად. თქვენ რისი იმედი გაქვთ?“

გამოვა, რომ ალიანსი ზოგი წევრი უფრო „ღირებულად“ ითვლება, ზოგი კი ნაკლებად...

რადიო თავისუფლება: და ეს განა არ არის სასიკვდილო დარტყმა? განა ალიანსის რეპუტაცია ამით არ ინგრევა?

მაიკლ კლარკი: უმძიმესი დარტყმა იქნება – ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ნატო კვლავ შეინარჩუნებს თავის ძალოვან სტრუქტურას. შეიძლება სცადოს როგორმე „შეცდომის გამოსწორება“. ფაქტია, რომ თუ მსგავსი რამ მოხდა, გამოვა, რომ ალიანსი ზოგი წევრი უფრო „ღირებულად“ ითვლება, ზოგი კი ნაკლებად. მაგრამ შემდეგ ჯერზე, როცა რუსეთი მსგავს სვლას გააკეთებს, ნატო იტყვის: „კარგი, ამჯერად აუცილებლად ვრეაგირებთ – იმის გამო, რაც წინა ჯერზე მოხდა.“

მაგრამ თუ რუსეთი მეხუთე მუხლს გამოცდის და ნატო არ უპასუხებს – ეს უკვე სისტემური პრობლემაა.

ნატო უზარმაზარი ალიანსია – ამჟამად 32 წევრით. თავდაპირველად მხოლოდ 12 ქვეყანა იყო. მერე 15, მერე 16. მე ვფიქრობ, რომ სწორედ 16-წევრიანი ნატო იყო ყველაზე ძლიერი. ახლა კი – რაოდენობრივად უფრო დიდი ვართ, მაგრამ ძალოვნებით, შესაძლოა, დასუსტებული – იმიტომ რომ კონსენსუსის მიღწევა ბევრად რთულია. ალიანსი „განზავდა“, დაიქსაქსა.

შვედეთის, ფინეთის და პოლონეთის გარდა, ახალი წევრების უმეტესობას რეალური რესურსი ნაკლებად მოაქვს – ძირითადად მხოლოდ გეოგრაფია და საჰაერო სივრცე. აი, ეს არის რეალობა.

„პეტრე დიდი, ეკატერინე დიდი, სტალინი, პუტინი“ – აი, ასეთ სიაში სურს საკუთარი ადგილი დაიბეოს...

რადიო თავისუფლება: დასავლური დაზვერვის არაერთი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული გათვლებით, რეალურია სცენარი, რომ ხუთი წლის ვადაში რუსეთი შეუტევს ან მინიმუმ, მზად იქნება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმისთვის – ყველაზე სავარაუდო ვარიანტად ბალტიის ქვეყნებს ასახელებენ, ზოგჯერ ფინეთსაც. ეთანხმებით?

მაიკლ კლარკი: დიახ. ვფიქრობ, რუსებს აქვთ განცდა, რომ თითქოს, მოვლენები მათ სასარგებლოდ ვითარდება. ამას ემატება პირადად პუტინის ფაქტორი, მას მოუწევს, იჩქაროს – დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. უკვე 72 წლისაა. ალბათ ფიქრობს, რომ 6–8 წელიწადი დარჩა იმისთვის, რომ თავისი კვალი დატოვოს – სანამ ასაკი მოერევა. ის ისტორიული მისიით შეპყრობილი კაცია – სჯერა, რომ რაღაც ბედისწერა აქვს.

ვფიქრობ, რომ მის ინტერესებში ნაკლებად შედის კიდევ ერთი ქვეყნის დაპყრობა და სრული ოკუპაცია – თუმცა მოლდოვა გამონაკლისი შეიძლება იყოს. აი, ნატოს დანგრევა კი – ეს იქნებოდა მისთვის ნამდვილი ისტორიული მემკვიდრეობა. აი, ეგ იქნებოდა მისი წვლილი რუსეთის „უსაფრთხოებაში“ მას შემდეგ, რაც სცენას დატოვებს.

ეს შეიძლება ნიშნავდეს მეხუთე მუხლის „გამოცდას“, ამერიკელებისა და ევროპელების გაყოფას, და შიშისა და არასტაბილურობის დათესვას კონტინენტზე. თუ 78–79 წლის ასაკში შეძლებს თქვას: „უკრაინის ნაწილი – ან მთელი – დავიბრუნე; მოლდოვაში შევედი, იქნებ საქართველოშიც; და აი – ევროპა დავაშინეთ, ამერიკელები კი უკვე სხვანაირად მეპყრობიან“ – მაშინ საკუთარ თავს სტალინთან და პეტრე პირველთან გააიგივებს. „პეტრე დიდი, ეკატერინე დიდი, სტალინი, პუტინი“ – აი, ასეთ სიაში სურს საკუთარი ადგილი დაიბეოს.

ესტონეთის ან ლატვიის სრული ოკუპაცია ან იქ დიდხანს დარჩენა არ დასჭირდება ამ მიზნების მისაღწევად. საკმარისია, ბალტიისპირეთს ან ფინეთს შეუტიოს და ამით ევროპის შიგნით პოლიტიკური ფრაგმენტაცია გამოიწვიოს – აი, ეგ არის ნამდვილი მიზანი.

რადიო თავისუფლება: მოდი, ვცადოთ და დაახლოებით დროის ჩარჩოც ჩამოვაყალიბოთ. ვთქვათ, უკრაინის ომი დასრულდა – სცენარით, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს აძლევს რუსეთს და რომელიც საშუალებას აძლევს მოსკოვს, ფოკუსი სხვაგან გადაიტანოს. ერთი მხრივ, პუტინის ყურადღება ბალტიის ქვეყნებზე გადაერთვება – რაც, როგორც თავად თქვით, აშკარა გეოპოლიტიკური გათვლებით აიხსნება. მეორე მხრივ, არის მოლდოვა – ევროკავშირში უკვე სანახევროდ ინტეგრირებული, რაც აშკარად არ შედის პუტინის ინტერესებში. შემდეგ მოდის საქართველო – სრულიად დაუცველი. და კიდევ, არის ცენტრალური აზია – შესაძლოა, ჩრდილოეთ ყაზახეთი. რომელს აირჩევს და როდის?

მაიკლ კლარკი: ეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. თუ რუსეთი კვლავ მოიპოვებს უპირატესობას, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდეს იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაიმკვიდროს. თუ პირიქით – თუ ხედავს, რომ მიწებს კარგავს ან ყირიმს ემუქრება საფრთხე, მაშინ ცეცხლის შეწყვეტა მას მხოლოდ დანაკარგების თავიდან ასაცილებლად დასჭირდება. ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ უფრო ფართო დროის ხაზზე მეკითხებით, ვიტყოდი, რომ სასაზღვრო ბარიერი, „დედლაინი“ იქნება სადღაც 2030-2032 წლების შუალედში. 2030 წელს პუტინი 78 წლის იქნება, 2032-ში – 80-ის. ეს ალბათ ფსიქოლოგიური ზღვარია მისთვის. ამის შემდეგ, ფიზიკური მობილურობა და ენერგია იკლებს.

რადიო თავისუფლება: ანუ, ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ წელს ან მომდევნო წელს – შემდეგ რა მოხდება?

მაიკლ კლარკი: პუტინი მიმოიხედავს და ჰკითხავს საკუთარ თავს: „ახლა რა გავაკეთო, რომ დასავლეთს ვავნო, შიში გავავრცელო ევროპაში?“ საქართველოს სრული ოკუპაცია ან მოლდოვა ამისთვის საკმარისი ალბათ არ იქნება, თუმცა მოლდოვაზე შეიძლება დავა, თუ ამით სამხრეთ ევროპაში - განსაკუთრებით რუმინეთსა და ბულგარეთზე საკუთარ გავლენას გაავრცელებს.

"თუ პუტინი უკრაინას „გვერდზე გადადებს“ 2026 წლის გაზაფხულისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, 2027 წლის შემოდგომაზე ან 2028 წლის გაზაფხულზე ვნახავთ მის შემდეგ ნაბიჯს. ის არ გადავა სოჭის ვილაში „მოსასვენებლად“...

რადიო თავისუფლება: მოლდოვას ხომ უკვე ერთი ფეხი ევროკავშირში აქვს, რაც ნამდვილად არ უნდა შედიოდეს კრემლის ინტერესებში - ეს პუტინს არ აფიქრებინებს, რომ სამოქმედო დრო ეწურება და დროზე უნდა იღონოს რამე?

მაიკლ კლარკი: ასეა - ევროკავშირში გაწევრების კალენდარმა შესაძლოა პირდაპირ იმოქმედოს მის გათვლებზე. მან შეიძლება იფიქროს: „დროზე უნდა ვიმოქმედო, სანამ „ფანჯარა დაიხურება“. ასე რომ, თუ ის უკრაინას „გვერდზე გადადებს“ 2026 წლის გაზაფხულისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, 2027 წლის შემოდგომაზე ან 2028 წლის გაზაფხულზე ვნახავთ მის შემდეგ ნაბიჯს. ის არ გადავა სოჭის ვილაში „მოსასვენებლად“, დროის ამ ფანჯარაში რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებს – 2026-28 წლებში.

რადიო თავისუფლება: და გადადებს კი გვერდზე უკრაინას 2026-ში? რამდენად შესაძლებელია, ომი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს? მით უმეტეს, რომ რუსეთი ახალ, საზაფხულო იერიშს იწყებს?

მაიკლ კლარკი: ისინი მოძრაობენ ჩრდილოეთით – სუმისა და ხარკოვის მიმართულებით – და წნეხს აძლიერებენ პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის მიდამოებში. აშკარაა, რომ მათი მიზანია ჩასივ იარის აღება და შემდეგ კრამატორსკსა და სლოვიანსკზე გასვლა. თუ ამას შეძლებენ, ფაქტობრივად, დონბასს სრულად აიღებენ. სწორედ ეს არის ამ ზაფხულის მიზანი.

რადიო თავისუფლება: და ამის შემდეგ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან?

მაიკლ კლარკი: შესაძლოა – განსაკუთრებით ამერიკელების გულის მოსაგებად. მაგრამ მგონია, რომ იმ დროისთვის ამერიკელები უკვე სხვა რამეზე იქნებიან გადართული. რუსეთის ეს შეტევა ღრუბელივითაა [sponge] – მათ არ შეუძლიათ სტრატეგიული გარღვევა - მათი სტრუქტურა ამას არ იძლევა. ახლა უკვე მესამე არმია ჰყავთ, პირველი ორი უკვე გახარჯეს. ეს არმია ხელდახელ შეკოწიწებული არმიაა – ერთი თვე წვრთნიან და პირდაპირ ფრონტზე აგზავნიან. მისი ეფექტიანობა სულ უფრო და უფრო ეცემა.

მაგრამ უკრაინისთვისაც ამ არმიაზე შეტევა იგივეა, რაც ღრუბლის მუშტით ცემა – შეისრუტავს ამ დარტყმას და ისევ ძველ ფორმას იღებს.

რადიო თავისუფლება: ყოველივე ამის ფონზე – და მახსოვს, რომ პროგნოზები უმადური საქმეა – რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ამ მასშტაბით და ტემპებით ომის გაგრძელებას?

მაიკლ კლარკი: დიდხანს ვერა. წლის ბოლომდე ეს დონე დასტაბილურდება. მათი სამხედრო-სამრეწველო რესურსი მაქსიმუმამდეა აწეული – ისინი უკვე ზღვარს უახლოვდებიან. ნაწილების დეფიციტია, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია. სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის იმპორტზე. თუ აშშ სერიოზულად მოეკიდება მეორად სანქციებს ჩინეთის მიმართ, ეს მიწოდების ხაზებს სერიოზულად დაარტყამს.

ომი მთლიანად დრონებზე გადავა – და, სხვათა შორის, ამ ფრონტზე უკრაინა იწყებს დომინირებას...

რადიო თავისუფლება: და თუ ეს გარე დახმარება შეწყდა, რამდენად დაეცემა ომის ტემპი?

მაიკლ კლარკი: საგრძნობლად. ისინი ძირითადად სანგრებში ჩასხდებიან და წინსვლას შეწყვეტენ. ომი მთლიანად დრონებზე გადავა – და, სხვათა შორის, ამ ფრონტზე უკრაინა იწყებს დომინირებას. არა რაოდენობრივად, არამედ იმით, თუ როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს დრონების კოორდინაციისთვის. ისინი მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებს უახლოვდებიან. რუსებიც, ცხადია, საბოლოო ჯამში დაეწევიან, ადაპტირდებიან და უკრაინელების ნოუჰაუს გადაიღებენ. მათი დრონების წარმოება მკვეთრად გაიზარდა. თანაც ბევრი მათგანი ყალბია – შიგთავსის გარეშე – გამიზნული იმისთვის, რომ უკრაინას საბრძოლო მარაგი გამოულიოს. მაგრამ უკრაინელები ამაშიც ერკვევიან; უკვე ორ-სამ მეთოდს ფლობენ იმის დასადგენად, რომელი დრონი ნამდვილია და რომელი – სატყუარა. ეს შეიარაღების რბოლაა.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაში წინ არის. რუსებმა ისწავლეს, როგორ ჩაჭრან უკრაინის დრონების სიგნალი, მაგრამ უკრაინელებმა ამასაც უპოვეს პასუხი. ახლა ისინი GPS-ით აგზავნიან დრონს მისიის პირველ ნაწილში, და როცა რუსული jamming-ი ერთვება საქმეში – მაშინ დრონი გადადის ხელოვნურ ინტელექტზე და ავტონომიურად აგრძელებს მოძრაობას. ის გადაწყვეტილებებს თავად იღებს – როგორც კამიკაძე, რომელსაც გონება აქვს. ეს უკვე ავტონომიური ომია – და ამ მიმართულებით უკრაინა რუსეთს უსწრებს.

მიეცით უკრაინას ეს ფული...

რადიო თავისუფლება: მაგრამ უკრაინელებს მაინც არ აქვთ ის რესურსები, რომ წარმოების რუსულ მასშტაბებს გაუტოლდნენ.

მაიკლ კლარკი: სწორედ ასეა. აი, სად უნდა ჩაერთოს დასავლეთი. უბრალოდ, „გაალღონ“ რუსული აქტივები – ის 300 მილიარდი დოლარი, რაც დასავლურ ბანკებში ინახება. აქედან 200 მილიარდზე მეტი ევროპაშია, უმეტესად ბელგიაში. ეს ფული გადასცენ უკრაინას. ან თუ ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სენსიტიური თემაა, მაშინ სტრუქტურირებულ სესხად მისცენ, გრძელვადიან სესხად – 40 წლის ვადით დასაფარი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენც ასე მოვიქეცით. მაშინ აღებული სესხების გადახდას 2015 წელს მოვრჩით.

ახლა უკრაინას უბრალოდ არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ იყიდოს ის, რაც სჭირდება – და ეს მაშინ, როცა ჩვენ უზარმაზარ რუსულ ფულის ტომარაზე ვსხედვართ. შესაძლოა, ეს სამართლებრივად მართლაც რთული საკითხია. მაგრამ ეს ჩვეულებრივი დრო არ არის, ექსტრაორდინარული დრო და მომენტია ისტორიაში. მიეცით უკრაინას ეს ფული.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG