Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ირანი დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში


ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ირანმა ისრაელზე ისევ მიიტანა იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით.

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის ინფორმაციით, მან თავდაცვის არმიას დაავალა, ირანის მიერ შეთანხმების დარღვევას უპასუხოს თეირანში, ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის ობიექტებზე ძლიერი დარტყმებით.

დღეს, 24 ივნისს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და მხარეებს სთხოვა, ამ რეჟიმს ნუ დაარღვევენ.

მალევე ისრაელის მთავრობამ დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რადგან ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის მიზნები მიღწეულია, შეთანხმების დარღვევას კი მტკიცე ძალით უპასუხებს.

განახლება: ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელის განცხადება ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ, ტყუილია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ირანმა „გაიმარჯვა" და „მტერს აიძულა დამარცხება ეღიარებინა და აგრესია ცალმხრივი წესით შეეწყვიტა“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 23 ივნისს, დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".

განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.

ტელეკომპანია CBS-ის წყაროთა ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ზავს დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი ისრაელზე შეტევებს შეწყვეტს. ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ პირდაპირი და არაპირდაპირი არხებით.

სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროს თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე თეირანი დაითანხმა კატარის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ირანის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შემდეგ.

კატარის შუამავლობის შესახებ წერს გამოცემა Axios-იც. მისი წყაროს ცნობით, კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევის შემდეგ თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ თავდასხმას აღარ გააგრძელებს, ვაშინგტონმა კი უპასუხა, რომ ირანს აღარ შეუტევს და მზად არის მოლაპარაკების განახლებისთვის.

  • ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
  • 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
  • ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის გენერალური შტაბის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და ბირთვული პროგრამის შემუშავებაში ჩართული მეცნიერები.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირებისას ისრაელში რამდენიმე ათეული, ხოლო ირანში რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.








ფორუმი

XS
SM
MD
LG