როგორც "მედიაზონა" იტყობინება, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ექსპერტ ასმიკ ნოვიკოვაზე დაყრდნობით, 24 წლის სემიონ სუბოტინი სომხეთის ხელისუფლებამ, სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, 72 საათით დააკავა. ის ადრე ივანოვოს ოლქის ქალაქ ტეიკოვოში მსახურობდა, სადაც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების 54-ე სარაკეტო დივიზიაა განლაგებული, და ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი. დაკავების დროს სომხურმა მხარემ ძებნილი პირის შესახებ რუსეთს უნდა შეატყობინოს, ხოლო რუსულმა მხარემ საპასუხოდ უნდა გადასცეს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები.
20 ივლისს სუბოტინი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველებმა დაკავების იზოლატორის შენობასთან შენიშნეს ადამიანები რუსულ სამხედრო ფორმებში. მათ ეს შეატყობინეს პოლიციას, რომელმაც სუბოტინი "ერებუნის" პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
„სომხეთის პოლიციამ რეაგირება მოახდინა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უსაფრთხოდ ყოფილიყო“, - მოჰყავს ნოვიკოვას სიტყვები „მედიაზონას“. მისი თქმით, რუსეთს ახლა შეუძლია სუბოტინის ექსტრადიციის მოთხოვნა 40 დღის ვადაში წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ, სომხური მხარე მას ძებნილთა სიიდან ამოიღებს.
„თუ რუსული მხარე ექსტრადიციის დოკუმენტებს მოამზადებს, მაშინ [ექსტრადიციის] საკითხს სომხეთის სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. და ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ექსტრადიცია მოხდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ნოვიკოვამ.
რუს სამხედრო მოსამსახურეებს არაერთხელ გაუტაციათ სომხეთში რუსული არმიიდან გაქცეული სამხედრო მოსამსახურეები, ისინი ჯერ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მიჰყავდათ და შემდეგ რუსეთში გადაჰყავდათ.
ფორუმი