როგორც ტელეარხი იუწყება, შემთხვევა დღეს, კვირას, 27 ივლისს მოხდა ქობულეთში:
„[კურტანიძე] ქალს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნება. აქვს მსუბუქი ტვინის შერყევაც“, - იუწყება ტელეარხი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს კითხვით, დაკავებულია თუ არა კურტანიძე. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
განახლება: ლუკა კურტანიძე დააკავეს.
შსს-ის პრესცენტრის ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
- ოჯახში ძალადობა 2 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო თუკი ადამიანს არაერთხელ აქვს ჩადენილი - ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.
- მეორე ბრალდება კი ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.
როგორც ხათუნა მიქაცაძე ამბობს, მან პოლიცია გამოიძახა, თუმცა კურტანიძე გამოკითხვაზე არ გადაუყვანიათ.
„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით“, - ამბობს მიქაცაძე.
„იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან“, - ამბობს იგი.
ვიდეოში ჩანს, რომ კურტანიძე იგინება და გადამღებისკენ, - სავარაუდოდ, მიქაცაძისკენ, - იწევს. მის გაკავებას რამდენიმე ადამიანი, ასევე, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ. ადგილზე ჩანს პოლიციის მანქანაც.
„გაეთრიე ჩემი სახლიდან“, - ყვირის კურტანიძე.
თამარ მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძეს მასთან მიახლოება აკრძალული აქვს შემაკავებელი ორდერით.
„მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და "წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო". ეს ადამიანი იმუქრება, რომ "მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო", - ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი