Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ თვლის, რომ უწყების ყოფილი თანამშრომლებისა და მისი ცოლისძმის დაკავება პოლიტიკური დავალებაა


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე "ტვ პირველის" კითხვებს პირველად პასუხობს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი და კიდევ ერთი პირი „გაფლანგვის“ ბრალდებით დააკავა.

"ტვ პირველის" კითხვაზე, რა მოლოდინები აქვთ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის ყოფილ წევრებს, მათ შორის, მაგალითად, ჯანდაცვისა თუ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრებს, დაინტერესდება თუ არა გამოძიება მათით ან ხომ არ აქვს თავად ჯუანშერ ბურჭულაძეს განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასზე ან ირაკლი ღარიბაშვილზეც სურს გასვლა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს:

"არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ სხვა სამინისტროებში რაიმე გამოძიება მიმდინარეობდეს…ზურაბ აზარაშვილს ველაპარაკე ტელეფონით ზოგადად, მეგობრები ვართ, თანამშრომლები…

მე ეს განცდა არ მქონია. გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება გაგრძელდება და თუ რაიმე ახალი გარემოება გამოვლინდება, მზად ვარ ისევ ვუპასუხო კითხვებს”.

"ტვ პირველთან" ინტერვიუში ჯუანშერ ბურჭულაძე გამორიცხავს, რომ დაწყებული გამოძიება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, მისი ან ღარიბაშვილის სახელს უკავშირდებოდეს.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან გამოძიების დაწყების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ “ღარიბაშვილთან ერთად მქონდა კონსულტაცია, შეხვედრა, არაფერი, ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა, რა ინფორმაცია მქონდა. არ მგონია, რომ ეს საქმე ან მე მეხებოდეს, ან ყოფილ პრემიერს”.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილი კორუფციული სქემის შესახებ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია და მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სუსმა გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს ვასილ მხეიძე, მისი ცოლისძმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე არ თვლის, რომ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ინტერესი ან დავალება იყო:

„დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა ამ საკითხში არ იქნება”.

კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე, ბურჭულაძემ ასე უპასუხა:

„ზოგადად, გამოძიების პროცესი ისედაც „გრიფიანი“ საქმეა, თან გაუთქმელობაა, შესაბამისად ამით შემოვიფარგლები“, - თქვა ბურჭულაძემ.

ექსმინისტრ ბურჭულაძის მოადგილე და ნათესავი 1,3 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 27 ივლისს დააკავეს. „გაფლანგვის“ ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG