13:07 - მაია მწარიაშვილმა მიმართა ნინო სახელაშვილს - მან წარუდგინა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა. ცნობა, რომელშიც წერია, რომ ბრალდებულს აქვს კერატოკონუსი - ერთ თვალში „პრაქტიკულად არ არის მხედველობა“, მეორეში კი სათვალით - 30%-იანი.
13:09 - მზია ამაღლობელმა დაიწყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. მან მადლობა გადაუხადა სასამართლო სხდომის გადადების გამო. წინა სხდომა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
13:10 - მზია ამაღლობელი ნინო დათაშვილზე:
„ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ ისე ვითარდება სიტუაცია, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. 4 აგვისტო მქონდა მონიშნული თარიღი, რომელიც ნინო დათიშვილის, სინდისის პატიმრის, აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა. ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი.
ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!
მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათიშვილს პროკურატურას იძულებით ჰყავდა გადაყვანილი ფსიქიატრიულში, ჩამოვიშალე...
ბატონო პროკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს - რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?
ჩემი სათქმელი ნინო დათიშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა "ნეტგაზეთზე", "ბათუმელებზე"...
13:13 მზია ამაღლობელი ბრალზე:
„ძალიან მინდოდა დღეს სოლიდარობაზე და იმ კანონის მავნებლობაზე მესაუბრა, რასაც რუსულ კანონს ვეძახით. მაგრამ დღეს მხოლოდ იმ საკითხზე გაგიზიარებთ აზრს, რომელზეც მხოლოდ მე უნდა ვისაუბრო. საქმის დეტალებზე ადვოკატებმა ისაუბრეს.
მინდა ვისაუბრო შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე.
იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა - დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.
ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი.
მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა - ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმები, რომელი მუხლი შეგეფერებაო?.. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ - მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დავიჭერო“ საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე - პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის.
“ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო“, - თქვა მზია ამაღლობელმა რაზეც გაისმა „კი ბატონო“ (უცნობია, ვინ თქვა)“.
ფორუმი