4 აგვისტოს ფონდის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს განაჩენის გამოცხადებას. ორ დღეში, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ორგანიზაციაში საქმის განხილვისას აცხადებდნენ, რომ მათი „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა (TrialWatch), რომელიც საქმის მონიტორინგს ახორციელებდა, შეშფოთებულია წარდგენილი ბრალდებებით და პროცესის მიმდინარეობით“.
6 აგვისტოს TrialWatch-ის სამართლებრივი პროგრამის უფროსმა მენეჯერმა კეიტ ლევინმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „არაპროპორციული“ უწოდა ამაღლობელის ორწლიან განაჩენს და განაცხადა:
„ცნობილ ჟურნალისტზე ეს არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტურ სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს“.
გარდა ამისა, „კლუნების ფონდის“ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ის ამბობს:
„მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს ათავსებს იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობას ჟურნალისტების გასაჩუმებლად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებენ, განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე წვდომა სჭირდებათ“.
ორგანიზაციის ვრცელი სამართლებრივი დასკვნა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ორწლიანი პატიმრობა მზია ამაღლობელს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალდება, - „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველზე“ ძალადობით და მას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მისი ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ ეს მუხლიც „ისეთივე აბსურდია, როგორც ის მუხლი, რომლითაც მიმდინარეობდა გამოძიება“.
მაია მწარიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სისტემა „თავის გადარჩენას“ შეეცადა:
„ვერც პოლიციელზე თავდასხმა დაამტკიცა და ვერც ის დაამტკიცა, რომელი მუხლითაც გადაკვალიფიცირდა ეს ბრალი. სამართლებრივად ერთი და იგივეა, ერთნაირად უკანონოა, გინდ 2 წელი იყოს და გინდ 4 წელი. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე“, -თქვა მან.
TrialWatch-ის შესახებ
„კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის სრულ მიმდინარეობას ადევნებდა თვალს უშუალოდ სასამართლო დარბაზიდან - ადგილობრივი წარმომადგენლების დახმარებით.
სასამართლო პროცესის დასრულებიდან ჯერჯერობით დაუზუსტებელი დროის შემდეგ, ფონდის/TrialWatch-ის ექსპერტები საბოლოო ანგარიშში შეაფასებენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ფონდის ექსპერტებისათვის ყურადსაღებია არაერთი გარემოება, რომლებიც, მათი ხედვით, უსამართლობის განცდას აჩენს საქმეში, მათ შორის:
- ამაღლობელის დაკავების ღამეს პოლიციელების სამკერდე კამერები გათიშული იყო;
- არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისი გირაოთი გათავისუფლება არ მომხდარა და რისკად მხოლოდ „დანაშაულის განმეორების“ დაუსაბუთებელი ეჭვი დასახელდა;
- ამავდროულად, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მისი მხედველობა, პატიმრობაში გაუარესდა;
- ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუძიებია ამაღლობელის მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობა;
- ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, მზიას მიერ სილის გაწვნა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ძალადობრივი აქტი“;
- სამედიცინო ექსპერტებმა მიუთითეს, რომ პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს ტკივილის ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.
„სილა რეჟიმს“ - ასეთი იყო მზია ამაღლობელის გზავნილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 6 აგვისტოს, საპატიმროში გადაყვანამდე.
მზია ამაღლობელის განაჩენი ერთობლივად დაგმო 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და მას „არაპროპორციული და პოლიტიზებული“ უწოდა.
„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“, - წერია განცხადებაში, რომელსაც 24 ქვეყანა აწერს ხელს. ესენია
ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
ფორუმი