განცხადება დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შეწყვეტისა და უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ.
ევროკავშირის ლიდერთა განცხადებით, სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელსაც სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.
ევროკავშირის ლიდერების თანახმად, უკრაინელმა ხალხმა თავისი მომავალი თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს, მშვიდობისკენ გზა არ უნდა განისაზღვროს უკრაინის მონაწილეობის გარეშე, კონსტრუქციული მოლაპარაკებები კი შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საბრძოლო მოქმედებების შემცირების კონტექსტში.
ევროკავშირის ლიდერთა განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გაცილებით ფართო შედეგები აქვს ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და დიპლომატიურმა გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები.
ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და რუსეთის საწინააღმდეგო შემზღუდავი ზომების მიღებას.
ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, შემდგომშიც შეიტანონ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში საკუთარი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემით.
ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში მისი გაწევრების გზაზეც.
15 აგვისტოს ალასკის შტატში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
ფორუმი